ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

“რატომ არ უნდა გვქონდეს აფხაზებთან ურთიერთობა?”- გიორგი რატიანი

29 აგვისტო, 2023 • 5739
“რატომ არ უნდა გვქონდეს აფხაზებთან ურთიერთობა?”- გიორგი რატიანი

თეატრი აფხაზეთის ომის ქარცეცხლში – გიორგი რატიანის ისტორია 

სოხუმის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრს, 2023 წელს, გიორგი რატიანის, თეატრის დამაარსებლის, აფხაზეთის დამსახურებული არტისტის [1967] და საქართველოს დამსახურებული არტისტის [1971] სახელი მიენიჭა. სოხუმში ომის დროს თეატრის დაარსების, აფხაზეთის ომისა და თბილისში გაგრძელებული თეატრალურ საქმიანობის შესახებ გიორგი რატიანი თავად მოგვითხრობს. 


ჩემი აფხაზეთთან კავშირი 1961 წელს დაიწყო, როდესაც თეატრალური ინსტიტუტი დავამთავრე. მაშინ სადიპლომო სპექტაკლი დავდგით თეატრალურ ინსტიტუტში “ანა ფრანკის დღიური”, სადაც დანტისტ დუსელს ვთამაშობდი. სპექტაკლს დიდი წარსულის მქონე [სამწუხაროდ, ახლა დავიწყებული] ცნობილი რეჟისორი, საფრანგეთში თეატრი ატელიეს დამფუძნებელი ვასილ ყუშიტაშვილი ესწრებოდა. სწორედ მან, სპექტაკლის შემდეგ ორი ახალგაზრდა ამოგვარჩია და სოხუმში წაგვიყვანა. ეს იყო აგვისტოს ბოლოს. იმ დროიდან სოხუმის დრამატულ თეატრში ვმუშაობდი, სადაც მთავარი როლები მქონდა სპექტაკლებში: “რომეო და ჯულიეტა”, “დამოკლეს მახვილი”, “მე ვხედავ მზეს”, “საბრალდებო დასკვნა”, “მარადისობის კანონი” და ა.შ. 

სოხუმის დრამატულ თეატრში 30-იან წლებში ხუთი დასი არსებობდა – ბერძნული, რუსული, ქართული აფხაზური და სომხური. მერე ორი დარჩა და ეწოდა ჭანბას სახელობის სოხუმის დრამატული თეატრი. მსახიობების 90%ზე მეტს თეატრალური ინსტიტუტი ჰქონდათ დამთავრებული. თეატრალური ინსტიტუტის ხელმძღვანელობა ხელის გულზე ატარებდა აფხაზებს. როცა მწვავდებოდა მდგომარეობა, თეატრმცოდნე ეთერ გუგუშვილმა მიმართა თავის აღზრდილ აფხაზებს, ეთერ კოღონიას, სოფა აგუმას, ნურბეი კამკიას და ა.შ. რას აკეთებთ?! იყავით ერთადო! მაგრამ მესამე ძალა უფრო ძლიერი აღმოჩნდა. მაშინ აფხაზეთიდან ახალგაზრდები უკვე რუსეთში მიდიოდნენ განათლების მისაღებად და ზეგავლენის ქვეშ ექცეოდნენ. შემდეგ სწორედ ისინი ხელმძღვანელობდნენ ომებს და პროცესებს. 

ზოგადად, თეატრი კონფლიქტური ორგანიზაციაა, თავისი სტრუქტურით, როლებით, კონკურენციით, თუმცა, ქართველ და აფხაზ მსახიობებს შორის მცირე ხინჯიც არ მომხდარა, მაშინ როდესაც ცალკე ქართულ და ცალკე აფხაზურ დასებში ბევრი გაუგებრობა და კამათი იჩენდა თავს. არ ვიცი, ალბათ, ერთმანეთის სიყვარული აჩერებდათ ადამიანებს. 

სახლი სოხუმში, სადაც მე ვცხოვრობდი, სამსართულიანი შენობა იყო. იქ ცხოვრობდნენ როგორც აფხაზი, ასევე ქართველი მსახიობები. მახსოვს, გაიშლებოდა ხოლმე ლხინისა თუ ჭირის სუფრები და ყველა ერთმანეთს ეხმარებოდა. თუმცა, საბოლოოდ, მაინც გაჩნდა ხინჯი და მესამე ძალამ გაიმარჯვა.

თეატრი ომის ქარცეცხლში 

სოხუმში ყოველთვის მესმოდა სოხუმელი მაყურებლისა და ინტელიგენციისგან, რომ სოხუმში მომავალი თაობისთვის, ანუ მოზარდმაყურებელთა თეატრი, სამწუხაროდ, არ არსებობს.

ერთხელ სოხუმში კომპოზიტორი და მაშინდელი საქართველოს კულტურის მინისტრი ოთარ თაქთაქიშვილი იყო ჩამოსული და სხვა საკითხებთან ერთად, დღის წესრიგში დაისვა, შექმნილიყო მოზარდამაყურებელთა თეატრი ქართული და აფხაზური დასებით. ამ წინადადებას აფხაზეთში ოვაციით ბევრი არ შეხვედრია. ადგილობრივი ინტელიგენცია ცდილობდა, ხელი შეეშალა ამისთვის, მაგრამ დისკუსიის შემდეგ აფხაზურმა მთავრობამ იდეას მაინც მხარი დაუჭირა. საბოლოოდ, მართლაც, გაიხსნა მოზარდამაყურებელთა თეატრი, ოღონდ არც აფხაზური და არც ქართული – ეს იყო რუსული, რომელმაც, თავის მხრივ, არ ითამაშა სახარბიელო როლი – იქ იკრიბებოდნენ და განიხილავდნენ,  როგორ გამოყოფილიყო აფხაზეთი საქართველოს. ეს იყო უკვე 90-იანი წლების დასაწყისში. 

ამასობაში, მე, თანამოაზრეებთან ერთად გადავწყვიტე, შემეკრიბა ქართული ახალგაზრდობა სკოლების მაღალი კლასებიდან და მათთან მემუშავა სტუდიურად. ვასწავლიდი სამსახიობო ოსტატობას და სასცენო მეტყველებას. მოვიწვიე ქართველი ქორეოგრაფი და ვოკალის ორი პედაგოგი თბილისის კონსერვატორიიდან. საბოლოო ჯამში, 100-მდე ბავშვი მივიღეთ სტუდიაში. თეატრს “თეთრი ტალღა” დავარქვით. 

იყო აფხაზების ნაწილი, ვისაც არ უნდოდა გახსნილიყო მოზარდმაყურებელთა ქართული თეატრი. იყო შემთხვევები, როდესაც რეპეტიციების დროს [სოხუმის მასწავლებელთა პროფკავშირების კინოდარბაზი დაგვითმეს] ქართული ცეკვებისა და სიმღერების პროცესში, გვერდით კაბინეტებიდან თანამშრომლები გარბოდნენ, რომ ქართული არ მოესმინათ.

1991 წლის 10 მაისს პირველი ქართულენოვანი სპექტაკლი, იოზებ კალაბის პიესის მიხედვით “ჩვენი ეზო” დავდგით. მაშინ ჯერ კიდევ არ გვქონდა სახელმწიფო თეატრის სტატუსი, თუმცა, პრემიერაზე თავისუფალი ადგილი არ დარჩენილა. დარბაზი გადავსებული იყო. პრემიერას, ასევე, დაესწრო ცნობილი თეატრმცოდნე, თეატრალური კრიტიკოსი ნოდარ გურაბანიძე. ის მოგვიანებით აღწერდა, რომ პრემიერაზე რაღაც უცნაური ატმოსფერო იყო – ეს იყო ქართული სიტყვის კერა აფხაზეთში. 

უკვე მეორე სპექტაკლზე, ვაჟა ფშაველას “ტყის ზღაპარზე” ვმუშაობდით. კოსტიუმები შევკერეთ, ვამზადებდით დეკორაციებს. დარბაზის რეკონსტრუქცია გვქონდა გადაწყვეტილი – დავაგეთ იატაკი, გავაკეთეთ გადახურვა, მივაშენეთ სათავსოები რეკვიზიტებისთვის. 500 სავარძელი და ჭაღები ჩამოვიტანეთ თბილისიდან. ეროვნული დროშის ფერებში შევღებეთ კედლები.  განათების სპეციალისტები ჩამოვიყვანეთ, შევიძინეთ რადიო აპარატურა. ამ ყველაფერში ეროვნული გმირი გურამ გაბისკირია და გულივერ მელია დაგვეხმარნენ. 

მეთუნუქე გვყავდა, გვარად ქანთარია, მე და ის სახურავზე ვიყავით ასული და თუნუქით ვხურავდით. ხალხი გვიყურებდა ქვემოდან და უკვირდათ, აქ რას აკეთებთ, ომი იწყებაო.

ჩვენი ღამის დარაჯი, სოხუმელი კაცი, სცენაზე შლიდა ხოლმე ე.წ. ლეჟანკას და იქ ეძინა. ჩვენი თეატრი ესაზღვრებოდ ბანკის შენობას, სადაც ჩამოვარდა ბომბი და ამ ბომბის ნამსხვრევმა მუცელი გამოღადრა ჩვენს მძინარე დარაჯს. როდესაც შევედით დილით, ვნახეთ სცენა, რომელიც თავდაპირველად თეთრი იყო და შემდეგ წითლად შეღებილიყო. 

ეს თეატრი დაიბადა ომის ქარცეცხლში. შეიძლება ითქვას, ეპიცენტრი იყო ჩვენი თეატრი. უამრავი ცარიელი ვაზნები ეყარა გარშემო, ჩვენ კი ვაშენებდით და თან სპექტაკლისთვის ვემზადებოდით, ისე ვიყავით გატაცებული. ამ დროს აფხაზების ნაწილი უკვე გუდაუთაში იყო წასული.

20 დღე აკლდა პრემიერას, როცა ძმათამკვლელი ომი დაიწყო [თეატრის 12 მსახიობი დაიღუპა აფხაზეთის ომში]. ომი, რომელიც არც აფხაზებისთვის იყო კარგი, არც ქართველებისთვის – ის მხოლოდ მესამე ძალის ინტერესებში შედიოდა და დღეს ეს უფრო ცხადად გამოჩნდა. 

სოხუმში ბინა, ავტომანქანა, თეატრის რეკვიზიტები, საერთოდ ყველაფერი დავტოვეთ. ტანსაცმელიც კი ვერ წამოვიღეთ, საზაფხულო ტანსაცმლის ამარა დავრჩით. 

როგორც ვიცი, ახლა, ჩემს სახლში აფხაზი ცხოვრობს. ადრე, ომის დამთავრებიდან მალევე ზოგიერთი დევნილი რეკავდა ხოლმე საკუთარ სახლში, გაეგოთ, ვინ ცხოვრობს. მე ვერ დავრეკე, მაგას მე ვერ გავუძლებდი.  

ცხოვრება და თეატრი ომის შემდეგ თბილისში

ჩვენი ახალგაზრდების დასი მიმოიფანტა. ზოგი რუსეთში, ზოგიც ევროპაში წავიდა. 

თბილისში დასის 40%-60% გადმოგვყვა და მალევე თბილისელი ახალგაზრდებიც შემოგვიერთდნენ. გავაგრძელეთ მუშაობა. 

უკვე 2003 წელს სოხუმის მოზარდმაყურებელთა თეატრმა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დადგენინლებით სახელმწიფო სტატუსი მიიღო. ეს ნიშნავდა იმასაც, რომ 2003 წლის შემდეგ საკუთარი ბიუჯეტი გვაქვს და მსახიობებს ხელფასსაც ვუხდით. იქამდე პერიოდულად ქართველი ბიზნესმენები გვეხმარებოდნენ. 

კიდევ 20 წლის შემდეგ კი, 2023 წლის 21 მაისს [ჩემი დაბადების დღე იყო 19 მაისს] აფხაზეთის მთავრობიდან აფხაზეთობის დღეზე, ღონისძიებაზე მიმიწვიეს და ჩემთვის მოულოდნელად, გამოცხადეს, რომ სოხუმის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრს გიორგი რატიანის, ჩემს სახელს ანიჭებენ. იმ წამს ემოციებისგან გავითიშე, რა მეთქვა, არც ვიცოდი. ყოველთვის კი ვფიქრობდი გულში, რომ ოდესმე თეატრს შეიძლებოდა დარქმეოდა ჩემი სახელი. უბედნიერესი ვარ, რომ სიცოცხლეშივე მოვესწარი ამას. 

დიალოგი აფხაზებთან

“გახსოვდეთ აფხაზეთი”, “სოხუმი ჩემი იერუსალიმია” წარწერები იყო წინათ. იყო რაღაც დიალოგის მცდელობებიც. ახლა სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რას აკეთებენ ჩვენი ან იმათი მთავრობები. 

ალბათ, დრო მოვა და აღდგება ურთიერთობები. ან რატომ არ უნდა გვქონდეს ურთიერთობები? არ მესმის, რატომ არ შემიძლია მე, როგორც ერთმა მოქალაქემ დავპატიჟო რომელიმე აფხაზი აქეთ, ან პირიქით? მაგრამ რუსეთს ისე აქვს კლანჭებში აფხაზეთი, მე მგონია უკვე ყველაფერი უფრო რთულია. რუსეთს, რომელსაც შერჩა აფხაზეთი და გადაყლაპა ის, გათამამდა და უკვე უკრაინასთან დაიწყო ომი. მიკვირს, რით ვერ ეტევიან საკუთარ უზარმაზარ ტერიტორიებზე?

მასალების გადაბეჭდვის წესი