ახალი ამბები

წვიმა რომ ყოფილიყო, ღვარცოფად გადაიქცეოდა — გეოლოგი შიომღვიმეში კლდის ჩამოშლაზე

28 აგვისტო, 2023 • 1640
წვიმა რომ ყოფილიყო, ღვარცოფად გადაიქცეოდა — გეოლოგი შიომღვიმეში კლდის ჩამოშლაზე

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგის, შოთა ლობჟანიძის განცხადებით, 27 აგვისტოს შიომღვიმეში გამოფიტული მასალა ჩამოიშალა. გეოლოგმა, რომელიც დეტალების შესასწავლად ადგილზე სხვა სპეციალისტებთან ერთად ჩავიდა, ორშაბათს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ახლა იქ ყოფნა უსაფრთხოა, თუმცა პროცესს დაკვირვება სჭირდება.

“საქმე გვაქვს გამოფიტული მასის ჩამოქცევასთან. ძალიან დიდი ენერგეტიკული პოტენციალი აქვს ამ ფერდს. რა რაოდენობის მასალაა ჩამოსული, ეს ყველაფერი ანალიზის შედეგად დადგინდება. ასეთი საფრთხე ყოველთვის არსებობს ჩვენს ქვეყანაში…

ეს არის კლდე-ზვავითი პროცესი, გამოფიტული მასალის ჩამოქცევა. დანარჩენი დასაზუსტებელია… წვიმა რომ ყოფილიყო, ღვარცოფად გადაიქცეოდა”, — დასძინა მან.

ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ — “უსაფრთხოა ახლა აქ ყოფნა?” — ლობჟანიძემ თქვა:

“კი, მაგრამ დაკვირვება სჭირდება მუდმივი…”

შიომღვიმის მონასტრის მიმდებარედ კლდე 27 აგვისტოს ჩამოიშალა. შემთხვევა ვიდეოზე აღბეჭდეს თვითმხილველებმა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კი თქვა, რომ ადგილზე დამატებითი გეოლოგიური კვლევები ჩატარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი