ახალი ამბები

„საქართველოსთვის“ თბილისში დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებზე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს

25 აგვისტო, 2023 • 2647
„საქართველოსთვის“ თბილისში დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებზე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს

პარტიის „საქართველოსთვის“ წევრები თბილისის საკრებულოდან პროკურატურას მოუწოდებენ, გამოძიება დაიწყოს თბილისში დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებზე.

დღეს, 25 აგვისტოს, საკრებულომ უნდა განიხილოს რამდენიმე სამშენებლო მეგაპროექტი, მათ შორის, ცათამბჯენები „ლაგუნა ვერესთან“ და ვაკეში.  ოპოზიციური პარტიის თქმით, „ოცნების“ წევრები საკრებულოში აღნიშნული პროექტების მხარდაჭერას აპირებენ. მმართველ გუნდს საკრებულოში უმრავლესობა აქვს და, შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებაც არ გაუჭირდება.

როგორც „საქართველოსთვის“ წევრი გიორგი შარაშიძე აცხადებს, საკრებულო თანახმაა, თბილისელების ინტერესების საწინააღმდეგოდ გადაწყვეტილება მიიღოს და ამაში კორუფციის ნიშნებს ხედავს.

„მივმართავთ საქართველოს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება და დაადგინოს, არის თუ არა პოლიტიკური კორუფცია „ოცნების“ დეპუტატებისა და მათი ოჯახის წევრების, „ოცნების“ მოქმედი პრემიერ-მინისტრის უახლოესი ნათესავის და „ოცნების“ შემწირველთა კომპანიისთვის თბილისის იერსახისთვის სრულიად შეუსაბამო და მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი სამშენებლო პროექტებისთვის დაჩქარებული წესით ნებართვების გაცემა“, – თქვა გიორგი შარაშიძემ.


საკრებულომ 6 პროექტი უნდა განიხილოს, რომელთაგან 4 მრავალსართულიანი, მულტიფუნქციური კომპლექსებისა თუ ცათამბჯენების მშენებლობას ეხება.

ვრცლად წაიკითხეთ:

ცათამბჯენები „ლაგუნა ვერესთან“ და ვაკეში – კიდევ რას განიხილავს პარასკევს საკრებულო

 

მასალების გადაბეჭდვის წესი