აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ ოჩამჩირის რაიონში სამუშაო ვიზიტის დროს ბელარუსის მიერ აფხაზეთის შესაძლო აღიარებით მიღებულ სარგებელზე ისაუბრა.
“ძალიან კარგად ვითარდება დიალოგი ბელარუსის რესპუბლიკასთან. თუ ბელარუსის რესპუბლიკა აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს – ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისთვის -შექმნის აფხაზეთის იმიჯს, მოგვცემს მოლაპარაკებების წარმოების საშუალებას სამოკავშირეო სახელმწიფოს ფარგლებში”, – განაცხადა არძინბამ.
ამასთან, რამდენიმე დღის წინ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ აფხაზეთის “აღიარების საჭიროება არ ყოფილა”.
“ეს არაფერს შეცვლიდა და არც არაფერს მოგვცემდა. ჩვენ ყირიმთან ვთანამშრომლობდით და ვთანამშრომლობთ. ეს არც დაგვიმალავს. უბრალოდ, პრაქტიკული თვალსაზრისით აღიარების საჭიროება არ ყოფილა”, – განაცხადა ლუკაშენკომ.