ახალი ამბები

ვადა 24 აგვისტომდეა — თბილისის მერია აღმაშენებელზე კაფე-ბარებს აფრთხილებს

15 აგვისტო, 2023 • 4957
ვადა 24 აგვისტომდეა — თბილისის მერია აღმაშენებელზე კაფე-ბარებს აფრთხილებს

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე განთავსებული კაფე-ბარების მფლობელებს ღია სივრცის ნაწილის ათვისებაზე ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის მოწესრიგებისთვის მერია ვადას 24 აგვისტომდე აძლევს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს, 15 აგვისტოს, მუნიციპალური მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

კალაძის თქმით, კაფე-ბარების მფლობელებს გარე სივრცეებში უნებართვოდ აქვთ გამოტანილი მაგიდები და სკამები, რაც ხელს უშლის სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სახანძროების გადაადგილებას, ამასთან, ქვეითებსაც ეზღუდებათ გადაადგილების არეალი და “ვიზუალურადაც ძალიან მძიმე სანახავია”.

მერის განცხადებით, ამ ყველაფრის მოსაწესრიგებლად ქუჩის ორივე მხარეს უნდა შემცირდეს ღია კაფეების მოცულობა:

„ჩემი ინფორმაციით, ძალიან ცოტა ადამიანმა მოგვმართა, რათა მოეწესრიგებინა თავისი სივრცე, კაფე-ბარების არეალი, რაც ძალიან ცუდია. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ყველაფერი ისე დარჩება, როგორც დღეს არის, ტყუილია. ჩვენთვის, როგორც თქვენ და თქვენთან დასაქმებული ადამიანები არიან მნიშვნელოვანი, ასეთივე მნიშვნელოვანია იქ მცხოვრები ოჯახები, ასევე ადამიანები, რომლებიც გადაადგილდებიან აღნიშნული ქუჩის მონაკვეთზე. ვიზუალურადაც ძალიან მძიმე სანახავია, როგორ არის ეს ყველაფერი გაკეთებული.

ჩვენი არქიტექტურის სამსახური მზადაა თანამშრომლობისთვის. გონივრული ვადა დასასრულს უახლოვდება. გავალებთ მუნიციპალურ ინსპექციას, 24 აგვისტოს ჩათვლით, თუ არ იქნება შემოსული შესაბამისი წინადადებები არქიტექტურულ ნაწილში, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის რეგულაცია, უნდა ვიმოქმედოთ და ტერიტორია მოვაწესრიგოთ, იმიტომ, რომ უამრავი ადამიანი გამოთქვამს გულისტკივილს, ამდენი თანხა დაიხარჯა, ასეთი კარგი პროექტი განხორციელდა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია და დღეს არსებული მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი