მოლდოვამ 22 რუს დიპლომატს ქვეყანა დაატოვებინა. მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, დიპლომატებთან ერთად მოლდოვის დატოვება უწევს რუსეთის საელჩოს ტექნიკური პერსონალის 23 წარმომადგენელსა და მათ ოჯახებს.
მოლდოვური მედიის ცნობით, დიპლომატებმა და საელჩოს თანამშრომლებმა ქვეყანა უკვე დატოვეს.
მანამდე მოლდოვის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთის საელჩოს პერსონალი 80-დან 25-მდე უნდა შემცირებულიყო. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ჟურნალისტური გამოძიება, რომლითაც გაირკვა, რომ რუსეთის საელჩოს შენობას იყენებდნენ მოლდოვის ოფიციალური პირების მოსმენისთვის. კერძოდ, ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში, კიშინოვში, რუსეთის საელჩოს შენობის სახურავზე, ათობით ანტენა და სატელიტური თეფში აღმოაჩინეს, რომლის საშუალებითაც რუსეთის სპეცსამსახურები მოდლოვის ოფიციალურ პირების საუბარს უსმენდნენ.
როგორც მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ განაცხადა, რუსეთის საელჩოს წარმომადგენლების შემცირების მიზანია, მოლდოვაში ნაკლები ადამიანი იყოს ჩართული ქვეყნის დესტაბილიზაციაში.
კიშინოვიდან დიპლომატების გაძევებას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და მას გაუმართლებელი გადაწყვეტილება უწოდა. რუსული მხარის განცხადებით, მოლდოვის ეს გადაწყეტილება „ფართომასშტაბიანი ანტირუსული კამპანიის“ ნაწილია.
რუსეთის საგარეოს განცხადებით, მოლდოვის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს მოსკოვსა და კიშინიოვს შორის ურთიერთობებზე. მათი განცხადებით, ამაზე პასუხისმგებლობა მოლდოვას ეკისრება.
რუსული მხარის განცხადებით, მათი საელჩოს პერსონალის შემცირების გამო ისინი ვეღარ შეძლებენ, სათანადოდ უზრუნველყონ საკონსულო მომსახურება.
„ოფიციალური კიშინიოვის ამ არამეგობრულ ნაბიჯს აუცილებლად მოჰყვება შედეგები რუსეთისა და მოლდოვის ურთიერთობებზე. უპირველეს ყოვლისა, ეს გავლენას მოახდენს ორივე ქვეყნის მცხოვრებლებისთვის საკონსულო მომსახურებაზე. ასევე მნიშვნელოვნად შემცირდება საქმიანი და კულტურული კავშირების შენარჩუნება“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.