ახალი ამბები

მწერალთა სახლს რუსული კანონის მხარდამჭერი ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს

10 აგვისტო, 2023 • 2279
მწერალთა სახლს რუსული კანონის მხარდამჭერი ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს

თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით,  4 სექტემბრიდან საქართველოს მწერალთა სახლს უხელმძღვანელებს ქეთევან დუმბაძე. დეპუტატი, რომელიც მხარს უჭერდა რუსულ კანონპროექტს ე.წ. აგენტების შესახებ.

მწერალთა სახლს 2019 წლიდან ხელმძღვანელობდა ნატა ლომოური. ის ნეტგაზეთთან აცხადებდა, რომ რამდენიმე დღის წინ კულტურის სამინისტროდან დაუკავშირდნენ და განუცხადეს, რომ 5 დღეში თანამდებობაზე ყოფნის ოთხწლიანი ვადა ეწურებოდა, რის შემდეგაც უწყებას წერილობით მიმართა, რომ დაინტერესებული იყო უფლებამოსილების გაგრძელებით, თუმცა პასუხი არ მიუღია.

„არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა, ისევე როგორც ბოლო 2 წლის განმავლობაში სამინისტროსთან თითქმის არ ყოფილა ურთიერთობა ჩვენსა და სამინისტროს შორის“, — ამბობდა ნატა ლომოური.

მარტის დასაწყისში „ქართულმა ოცნებამ“ დააინიცირა რუსული კანონპროექტი ე.წ. აგენტების შესახებ. მსგავსი კანონით რუსეთში ებრძვიან ოპოზიციურ მედიასა და სამოქალაქო აქტივიზმს. კანონპროექტის კანონს  76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. თავდაპირველად მათ შორის არ იყო ქეთევან დუმბაძე – მან კენჭისყრისგან თავი შეიკავა, თუმცა შემდგომ პროსახელისუფლებო Post TV-ს უთხრა, რომ რეალურად კანონპროექტს მხარი დაუჭირა და ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს.

ქეთევან დუმბაძე ნოდარ დუმბაძის შვილია. ბიოგრაფია ვრცლად ნახეთ აქ.


ხელისუფლება 2 დღე არბევდა აქციას, რასაც დემონსტრანტთა ნაწილის წინააღმდეგობა სდევდა თან. ამ პერიოდში რუსთაველის გამზირზე დაზიანდა ავტომობილები, პარლამენტის შენობა, დაშავდა 50-მდე პოლიციელი და აქციის არაერთი მონაწილე, დაკავებულთა რაოდენობამ კი 130-ს გადააჭარბა.

საბოლოოდ, მძლავრი პროტესტის ფონზე ხელისუფლებამ უკან დაიხია და „აგენტებზე“ ორივე კანონპროექტი 10 მარტს უკან გაიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი