ახალი ამბები

არ ვიღებ პასუხად „ვინც გადარჩა, გადარჩა“-ს – ნაცვლიშვილი შოვის სტიქიაზე

9 აგვისტო, 2023 • 5537
არ ვიღებ პასუხად „ვინც გადარჩა, გადარჩა“-ს – ნაცვლიშვილი შოვის სტიქიაზე

„ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი შოვის სტიქიასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ მათ განცხადებებს პასუხად არ იღებს.

ნაცვლიშვილის თქმით, ყველა მექანიზმს გამოიყენებს, რომ ეს თემა ხელისუფლებამ ვერ გადააგოროს, ვერ გადაიტანოს რუტინაში და ვერ მისცეს დავიწყებას!

მისი თქმით, ჩადენილია დანაშაული და ამ დანაშაულისთვის მათ მოუწევთ პასუხისგება, ადრე თუ გვიან.

„არ ვიღებ პასუხად „ვინც გადარჩა, გადარჩა“-ს! არ ვიღებ პასუხად „სულ რაღაც სამ საათში ჩავიდა ვერტმფრენი“! არ ვიღებ პასუხად „არაფრის გაკეთება არ შეგვეძლო და ერთადერთი რაც შეგვიძლია, მოქალაქენო, თქვენი გაჩუმება და თემის გადაგორებაა“!

პირველ ყოვლისა, მე ვარ დედა, დედა, რომელიც ათასობით თქვენგანის მსგავსად – უკვე პანიკურ შიშში ვზრდი შვილებს!
მეორე, მე ვარ მოქალაქე, რომელსაც ათასობით თქვენგანის მსგავსად, მაქვს პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ჩემს ქვეყანაში ფუჭდება და უნდა ხდებოდეს, თუმცა არ ხდება.

მესამე, მე ვარ პარლამენტის წევრი ოპოზიციიდან და მაქვს ჩემი წილი პასუხისმგებლობა და არ ვაპირებ მისგან გაქცევას და თავის დამშვიდებას! ვდებ პირობას, რომ ყველა მექანიზმს გამოვიყენებ, რომ ეს თემა ხელისუფლებამ ვერ გადააგოროს, ვერ გადაიტანოს რუტინაში, ვერ მისცეს დავიწყებას!
ჩადენილია დანაშაული და ამ დანაშაულისთვის მათ მოუწევთ პასუხისგება, ადრე თუ გვიან! მე დამჭირდება თქვენი დახმარება ამაში“, – წერს ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, დღეს ყველაზე დიდი და საშიში ღვარცოფი „ოცნებაა“ და ეს რომ დამთავრდეს, სისტემური და დისციპლინირებული წინააღმდეგობაა საჭირო.

„ისე როგორც თქვენ, მეც ამ დღეებში ვარაუდით დავდივარ და მშვიდად ვერ მძინავს, მაგრამ გაჩერება – სიკვდილია, გაჩუმება – სიკვდილია! ეს დღეები ვკითხულობ ყველა სპეციალისტის დასკვნას, ვაკეთებ სამართლებრივ ანალიზს, ვუსმენ ყველა ექსპერტს.

ამ ეტაპზე ყველა შესაბამის უწყებას მივმართე სადეპუტატო კითხვით – რეაგირებაზე, პრევენციაზე, მექანიზმებზე, გამოძიებაზე, საერთაშორისო დახმარებაზე, და ა.შ. (ამას ექნება გაგრძელება!) ვიცი, რომ ეს ზღვაში წვეთია, მაგრამ ვერ გავჩერდები, ახლა ეს შემიძლია.
ყველა რჩევას, კრიტიკას, აზრს მივიღებ, აზრი არ აქვს – გარდა.

ვიცი, რომ ყველაზე დიდი და საშიში ღვარცოფი „ოცნებაა“ დღეს და ეს ღვარცოფი რომ დამთავრდეს, სისტემური, დისციპლინირებული წინააღმდეგობაა საჭირო.

კომპეტენტურად დასმული კითხვები, სისტემატურად, ყველგან, გამუდმებით, პროპაგანდის სიმართლით დამარცხება – ესეც წინააღმდეგობის ფორმაა და აუცილებელი. დაბოლოს, ადამიანური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სისტემური ხედვის შემუშავება ოპოზიციას მართებს, ხელისუფლებისგან ამის მოლოდინი აღარავის აქვს. პ.ს. თუ ვინმეს უკეთესი და უფრო სწრაფი გზა გაქვთ ცვლილებების, შემოგიერთდებით, ოღონდ ეს გზა ჯერ არ მინახავს 11 წელია“, – წერს ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში.


3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის ზონაში მეექვსე დღეა სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის ცნობილია 21 გარდაცვლილის შესახებ, 12 ადამიანის სამძებრო სამუშაოები კი ამ დრომდე გრძელდება.

ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შოვში მომხდარი სტიქიის პროგნოზირების შეუძლებელი იყო. ამასთან, ირწმუნებიან, რომ სამაშველო სამუშაოების მხირვ ყველაფერი მაქსიმალურად გაკეთდა.

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ შოვის სტიქიის შემდეგ ადგილზე ვერტმფრენი „სულ რაღაც 3 საათში იყო“.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმდჯომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, არ ჰგონია, რომ შოვში სტიქიის პირველივე წუთებში სამაშველო სასმსახურების რეაგირებას დამდგარ შედეგზე გავლენა ჰქონოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი