ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“აზერბაიჯანთან ჩვენი თანამშრომლობის შედეგად მას ყარაბაღი დაუბრუნდა” – ერდოღანი

9 აგვისტო, 2023 • 1721
“აზერბაიჯანთან ჩვენი თანამშრომლობის შედეგად მას ყარაბაღი დაუბრუნდა” – ერდოღანი

აზერბაიჯანის სახელმწიფო მედია აქვეყნებს თურქეთის პრეზიდეტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადების ამონარიდს, სადაც  აზერბაიჯანთან თანამშრომლობის შედეგზე საუბრობს.

“30- წლიანი ოკუპაციის შემდეგ, აზერბაიჯანთან ჩვენი თანამშრომლობის შედეგად დაბრუნდა ყარაბაღი, აზერბაიჯანის განუყოფელი ნაწილი”, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, როგორც მას მედია ციტირებს, მომავალშიც გააღრმავებს აზერბაიჯანთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას.

ყარაბაღის 2020 წლის ომის დასრულებიდან რამდენიმე თვეში ერდოღანი ალიევთან ერთად ომის შედეგად ყარაბაღში დაკავებულ ქალაქ შუშაში ჩავიდა, სადაც მხარეებმა ხელი მოაწერეს თურქეთ-აზერბაიჯანის ვრცელ ხელშეკრულებას. ერდოღანის განცხადებით, შუშაში გაიხსნება თურქეთის საკონსულო, ასევე, ანკარა ყველანაირად დაეხმარება “ბაქოს ყარაბაღის რეკონსტრუქციის პროცესში”.

ოფიციალურ დონეზე აზერბაიჯანში თურქეთს “მოძმე ქვეყნად” მოიხსენიებენ და მუდმივად ყველა დონეზე აცხადებენ, რომ თურქები და აზერბაიჯანელები “ერთი ერი, ორი სახელმწიფოა”.  უფროსი ძმის როლი თურქეთისაა, რომელიც აზერბაიჯანს მფარველობს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის – ყარაბაღის საკითხში. ამასთან, აზერბაიჯანსა და თურქეთს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური კავშირები აერთიანებს. თუნდაც იმავე ყარაბაღის აღდგენასა და მოწყობაში ,2020 წლის ომის შემდეგ, უშუალოდ თურქული კომპანიები არიან ჩართული. ასევე, მიიჩნევა, რომ მსგავსი მჭიდრო და ერთგული მეგობრობა ორ ქვეყანსა შორის, პირველ რიგში, ორი ლიდერის, ილჰამ ალიევისა და რეჯეპ ერდოღანის მეგობრობაზეა დაფუძნებული.

2020 წლის ყარაბაღის ომში აზერბაიჯანის გამარჯვებას  სწორედ აზერბაიჯანის სასარგებლოდ სომხეთში უკავშირებენ თურქეთის უშუალო სამხედრო მონაწილეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი