საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის 15 წლისთავზე ევროპის საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ცალსახა მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ამის შესახებ ნათქვამია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის განცხადებაში.
„ევროპის საბჭო კატეგორიულად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის აღიარებას, ისევე როგორც მის სამხედრო ყოფნას რეგიონში, რაც არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს“, — ნათქვამია განცხადებაში.
ბურიჩის თქმით, ღრმად შეშფოთებულია კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გამო, განსაკუთრებით, რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფ ადგილებში. აღნიშნავს, რომ მათი ძირითადი უფლებები და თავისუფლებები სერიოზულად ირღვევა ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესის გამო.
„როგორც სახელმწიფო, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს, რუსეთის ფედერაციამ უნდა შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები და სრულად შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყველა შესაბამისი გადაწყვეტილება და გამოასწოროს ადამიანის უფლებათა ყველა დარღვევა. ეს მოიცავს იძულებით გადაადგილებულ პირთა ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების პირობების შექმნას“, — ნათქვამია განცხადებაში.
ევროპის საბჭო გამოხატავს სრულ მხარდაჭერას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმართ.
„ამ კუთხით ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას, მხარი დავუჭიროთ ჩვენს წევრ სახელმწიფოს – საქართველოს კონფლიქტის შედეგების გადაჭრაში, თანაც ხელი შევუწყოთ შერიგებას, დიალოგს და ადამიანის უფლებებს ნდობის აღდგენის ღონისძიებების (CBMs) პროგრამის მეშვეობით“, — აცხადებს ბურიჩი.
დღეს, 7 აგვისტოს, 15 წელი გავიდა საქართველოში რუსეთის შეიარაღებული ძალების შემოჭრიდან და 2008 წლის “აგვისტოს ომის” დაწყებიდან. ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი. საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.