ახალი ამბები

ბუბისწყალი არ ხასიათდებოდა ღვარცოფული მოვლენებით, სტიქიისას 5 პროცესის თანხვედრა მოხდა – გარემო

5 აგვისტო, 2023 • 3167
ბუბისწყალი არ ხასიათდებოდა ღვარცოფული მოვლენებით, სტიქიისას 5 პროცესის თანხვედრა მოხდა  – გარემო

გარემოს ეროვნულ სააგენტო შოვის სტიქიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სააგენტოს განცხადებით, სტიქიის დროს 5 პროცესის თანხვედრა მოხდა.

„მდინარე ბუბასწყლის ხეობაში (მდინარე ჭანჭახის მარჯვენა შენაკადი), მყინვარების ბუბა და თბილისას ინტენსიურმა დნობამ და თანმდევმა ნალექმა დინამიკაში მოიყვანა ხეობაში არსებული მყარი ნატანი, განვითარდა აქტიური გვერდითი ეროზიული პროცესები. ასევე, ადგილი ჰქონდა ნაპირების გარეცხვას. ე.წ სანაპირო მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას, რაც შემდგომ გადაიზარდა ღვარცოფში.

აღსანიშნავია, რომ მდინარე ბუბისწყალი არ ხასიათდებოდა ღვარცოფული მოვლენებით; მასშტაბურ ღვარცოფის გავლას ამ ტერიტორიაზე ადგილი არ ჰქონია. თუმცა, სტიქიის დროს მოხდა 5 პროცესის თანხვედრა, რამაც გამოიწვია აღნიშნული შედეგი“, – ნათქვამია გარემოს ეროვნულ სააგენტოს განცხადებაში.

რაც შეეხება გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ დასკვნებს, სააგენტო აცხადებს, რომ გეოლოგიის დეპარტამენტის მიერ ყოველწლიურად მზადდება საინფორმაციო გეოლოგიურ ბიულეტენი, სადაც აღწერილია ქვეყნის მასშტაბით გეოლოგიური საფრთხეების შესახებ არსებული მდგომარეობა საანგარიშო წელს და პროგნოზი შემდგომი წლისათვის.

მათი განცხადებით, 2022 წლის ბიულეტენში საუბარია მდინარე დღვიორაზე, რომელიც არის მდინარე ჭანჭახის მარცხენა შენაკადი, სადაც ხშირია ღვარცოფული ნაკადების გავლა.

„ეს ლოკაცია 1,5 კილომეტრით ქვემოთ მდებარეობს სტიქიის ზონიდან მდინარის დინების მიმართულებით. მდინარე ბრდღვიორას ხეობა სულ სხვა მორფოლოგიურ და გეოლოგიურ პირობებშია ჩამოყალიბებული.

აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების მიერ დამუშავებული ინფორმაციის შედეგად, ცნობილია, რომ მდინარე ბუბისწყალზე (ჭანჭახის მარჯვენა შენაკადი) განვითარებულ ღვარცოფს, ასეთი დიდი მასშტაბის პროცესს წარსულში ადგილი არ ჰქონია; შოვში ასეთ მოვლენა არ დაფიქსირებულა.

განსხვავებით სოფელ გლოლას მიმდებარე ლოკაციისგან, მდინარე ჭანჭახის მარცხენა შენაკად დღვიორასგან, სადაც ღვარცოფული პროცესების აქტიურობა ხშირია. სწორედ აღნიშნულ ლოკაციაზე ღვარცოფის საშიშროების შესახებ არის ინფორმაცია მოცემული გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ ყოველწლიურ გეოლოგიურ ბიულეტენში და არა მდინარე ბუბისწყალზე (ჭანჭახის მარჯვენა შენაკადი)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნულ სააგენტოს განცხადებაში.

მათივე განცხადებით, გარემოს ეროვნულ სააგენტოს სპეციალისტები, ონის მუნიციპალიტეტში განვითარებულ სტიქიურ გეოლოგიურ და ჰიდროლოგიურ პროცესების ადგილზე შეისწავლის მიზნით, სტიქიის ადგილზე რჩებიან. გეოლოგებისა და ჰიდროლოგების მიერ რამდენჯერმე განხორციელდა ტერიტორიის დათვალიერება, ჩატარდა ინსტრუმენტული მონიტორინგი.


რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში, მესამე დღეა, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. 3 აგვისტოს, შოვში მეწყერის ჩამოწოლას მოჰყვა მსხვერპლი და ამ დრომდე ეძებენ სტიქიის ზონაში მოყოლილ ადამიანებს.

თვალი მიადევნეთ მოვლენების განვითარებას სტიქიის ზონიდან. ნეტგაზეთი ამ სტატიაში სიახლეებს პერიდოულად განაახლებს.

რა ვიცით სტიქიაზე შოვში [განახლებადი]

მასალების გადაბეჭდვის წესი