ახალი ამბები

რატომ ვერ მოხერხდა ცხედრების დროულად გადასვენება – განმარტებები

4 აგვისტო, 2023 • 4277
რატომ ვერ მოხერხდა ცხედრების დროულად გადასვენება – განმარტებები

დანიელ ბულკაშვილი შოვიდან, სტიქიის ზონიდან ავრცელებს ვიდეოს, სადაც რამდენიმე მოქალაქის ცხედარი ჩანს.

ვიდეოში ისმის, რომ ახლო მყოფი პირები ცდილობენ, სავარაუდოდ, შსს-თან დაკავშირებას და დაღუპულთა გადასვენებას ითხოვენ, თუმცა ამბობენ, რომ სულ მცირე 8 საათის განმავლობაში ეს არავის გაუკეთებია.

დაახლოებით 17:00 საათზე გავრცელდა კადრები, სადაც ცხედრების თვითმფრინავით გადმოსვენება ჩანს, თუმცა ჯერ დაუზუსტებელია, არის თუ არა ლაპარაკი იგივე ცხედრებზე.

რა მოხდა?

მოქალაქე დანიელ ბულკაშვილი ამჟამად შოვში, სტიქიის ადგილზე იმყოფება. პერიოდულად  ტერიტორიიდან ფოტო/ვიდეომასალას ავრცელებს.

ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, რომ სპორტულ მოედანთან ახლოს ცხედრებია დასვენებული, ახლოს კი რამდენიმე მოქალაქე იმყოფება.

„დილის 06:00 საათზე სამაშველოსთან ერთად ვიპოვეთ მიცვალებულები, ამოვასვენეთ და ვერტმფრენს… ჩემი ზარი კიდევ საჭირო იყო, სამაშველოსთან ერთად ამოვასვენეთ მიცვალებულები? სამაშველოსთან ერთად ამოვასვენეთ, ერთად დავასვენეთ აქ, რადგან ვერტმფრენი უნდა მოსულიყო და გადაეყვანა და ისევ აქ დაგხვდნენ. მთელი დღე მზის გულზე მიცვალებულები პარკებში გახვეულები არიან დატოვებული უპატრონოდ! არ უნდა გადაასვენოთ?! ხალხი ელოდება.

ერთად ამოვასვენეთ, მაგრამ ამ ხალხს გადასვენება არ უნდა?! დილის 07:00 საათზე ამოვასვენეთ და ახლა არის 15:00 საათი. ამდენი ხანი უნდა ვერტმფრენის მოსვლას, რომ წაიყვანოს? მას შემდეგ 12-ჯერ მოვიდა აქ ვერტმფრენი. ჩვენ გვგონია, რომ გადაჰყავთ, გვითხრეს, გადაიყვანენო და ისევ აქ დაგვხვდა“, – ისმის ერთ-ერთის ხმა ვიდეოში.

სხვადასხვა ტელეკომპანიებმა, დაახლოებით, 17:00 საათისთვის, აჩვენეს, რომ ცხედრები ვერტმფრენით გადაასვენეს, თუმცა დეტალები ამ ეტაპისთვის უცნობია. მანამდე კი ცნობილი იყო, რომ უამინდობის გამო ვერტმფრენები რამდენიმე საათის განმავლობაში აღარ დაფრინავდნენ.

რაც შეეხება გადასვენების პროცესს, ჟურნალისტებთან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განმარტა, რომ დილის საათებში 2 ცხედარი ამოასვენეს და პროზექტურაში გადაასვენეს. მისივე განმარტებით, სხვადასხვა ადგილზე ერთდროულად მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიებები.

„ჩვენი მეხანძრე-მაშველების მიერ რამდენიმე ლოკაციაზე, დაახლოებით 300-200 კვ.მ რადიუსში იქნა ნანახი ცხედრები, იქიდან გამომდინარე, რომ შეუძლებელია ფიზიკურად, ხმელეთით ცხედრების საფეხმავლოდ გამოსვენება, მოხდა ერთ ლოკაციაზე თავმოყრა“, – მისივე თქმით, ცხედრებს პროზექტურაში გადაასვენებენ. ამასთანავე, ჟურნალისტებთან მღებრიშვილმა დასძინა, რომ კონტაქტზე არიან დაკარგულთა ოჯახებთანაც”.

ნეტგაზეთი ელოდება დამატებით კომენტარს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან.

გარეკანი ფოტო: დანიელ ბულკაშვილი


გუშინ, 3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის ზონაში მეორე დღეა სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ოფიციალური ცნობებით, ამჟამად დაღუპულია 11 ადამიანი, 25 ადამიანს კვლავ ეძებენ.

ამასთანავე, შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან ვერტმფრენების მეშვეობით გამოყვანილია დაახლოებით 210 ადამიანი. როგორც ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ამბობს, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

თვალი მიადევნეთ მოვლენების განვითარებას სტიქიის ზონიდან „ნეტგაზეთის“ განახლებად მასალაში:

მასალების გადაბეჭდვის წესი