ახალი ამბები

კრიზისებისთვის საჭირო ტექნიკის ნაკლებობა კიდევ ერთხელ გახდა თვალსაჩინო – იოსელიანი

4 აგვისტო, 2023 • 1562
კრიზისებისთვის საჭირო ტექნიკის ნაკლებობა კიდევ ერთხელ გახდა თვალსაჩინო – იოსელიანი

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მწუხარებას გამოთქვამს 3 აგვისტოს რაჭაში სტიქიური უბედურების შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო, უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და მათ ახლობლებს.

„სახალხო დამცველი მადლობას უხდის სამაშველო ოპერაციაში ჩართულ თითოეულ ადამიანს გაწეული ძალისხმევისა და თავდადებისთვის და იმედოვნებს, რომ ძალისხმევის შედეგად ყველა ის ადამიანი, ვინც ამ დრომდე დაკარგულია, ჯანმრთელი დაუბრუნდება თავის ოჯახს.

სამწუხაროდ, მსგავს კრიზისულ ვითარებასთან გასამკლავებლად საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის ნაკლებობა კიდევ ერთხელ გახდა თვალსაჩინო, რაც პირდაპირ დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვასთან.

სახალხო დამცველი საკუთარი მანდატის ფარგლებში შეისწავლის მომხდარსა და მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს“, – ნათქვამია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეორე დღეა,  რაჭაში, შოვში სტიქიის ზონაში, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. გუშინ, 3 აგვისტოს, შოვში მეწყრის ჩამოწოლას მოჰყვა მსხვერპლი და ამ დრომდე ეძებენ სტიქიის ზონაში მოყოლილ ადამიანებს.

თვალი მიადევნეთ მოვლენების განვითარებას სტიქიის ზონიდან. ნეტგაზეთი ამ სტატიაში სიახლეებს პერიდოულად განაახლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი