საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შოვში სტიქიის შედეგად დაკარგული მოქალაქეების სამძებრო სამუშაოებში ჯარი ჩაერთვება.

„პირველ რიგში მე მინდა ჩემი ღრმა მწუხარება გამოვხატო, მივუსამძიმრო ჩვენი მოქალაქეების ოჯახებს, რომლებიც საუბედუროდ ამ დიდი ტრაგედიის შედეგად გარდაიცვალნენ. კიდევ ერთხელ ვიზიარებ მათ მწუხარებას, ეს არის ძალიან მძიმე ტრაგედია და მთელი ერი, რა თქმა უნდა, გაერთიანებულია ამ ტრაგედიის გარშემო. მე მოვისმინე ინფორმაცია, დაუყოვნებლივ იქნა გამოგზავნილი 400-ზე მეტი მაშველი, მათ დაიწყეს მუშაობა, 210 ჩვენი მოქალაქე იქნა უვნებლად გამოყვანილი სტიქიის ზონიდან.

მანამდეც, ღამე ჩვენს პოლიციას და სამაშველო სამსახურებს მაქსიმალურად მობილიზებული ჰქონდა გაკეთებული ადგილი. არცერთი ჩვენი მოქალაქე, რომელიც სტიქიის ზონაში იყო დატოვებული, არ იყო ყურადღების გარეშე. რაც შეეხება სხვა სამუშაოებს, სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის 7 გარდაცვლილი იქნა ნაპოვნი.

ძალიან მძიმე ვითარებაა, 30-ზე მეტს კვლავაც ეძებენ, მიდის აქტიური სამუშაოები. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ მაშველებთან ერთად ამ პროცესში ჩაერთვება ჩვენი ჯარი. თავისი სპეცსაშუალებებით ჩამოვლენ და დაეხმარებიან ჩვენს მაშველებს, რომ აქტიური ძიება გაგრძელდეს“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეორე დღეა, რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში,  სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. გუშინ, 3 აგვისტოს, შოვში მეწყრის ჩამოწოლას მოჰყვა მსხვერპლი და ამ დრომდე ეძებენ სტიქიის ზონაში მოყოლილ ადამიანებს.

თვალი მიადევნეთ მოვლენების განვითარებას სტიქიის ზონიდან. ნეტგაზეთი ამ სტატიაში სიახლეებს პერიდოულად განაახლებს.

რა ვიცით სტიქიაზე შოვში [განახლებადი]