ახალი ამბები

მოქალაქე ამბობს, რომ ვერ უკავშირდება ცოლ-შვილს, რომლებიც შოვში, სტიქიის ზონაში ჩარჩნენ

3 აგვისტო, 2023 •
მოქალაქე ამბობს, რომ ვერ უკავშირდება ცოლ-შვილს, რომლებიც შოვში, სტიქიის ზონაში ჩარჩნენ

მოქალაქის თქმით, შოვში, სტიქიის ზონაში მისი მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი არიან ჩარჩენილი, რომლებთან დაკავშირებასაც ვერ ახერხებს. ამის შესახებ მან “მთავარ არხთან” ისაუბრა.

ის ითხოვს, რომ სამაშველო სამსახურმა ძებნა ვერტმფრენით განაგრძოს, თუმცა, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ვერტმფრენები ღამე მუშაობას ვერ ახერხებენ.

“მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი მყავს ჩარჩენილი. არ ვიცი, რა სიტუაციაა, როგორ არიან… არ გვინდა ეს სამი მცირეწლოვანი ბავშვი? დაიღუპონ მანდ? ხალხო, რამე ქენით, გამოგზავნეთ ერთი ვერტმფრენი მაინც, რომ ვიპოვოთ.

დღისით, პირველ თუ თორმეტ საათზე [ველაპარაკე] არ მახსოვს. მერე აღარ გამოდიან კონტაქტზე, ვინც მანდ იყვნენ, არ ვიცი. შოვის ტერიტორიაზე კოტეჯებში იყვნენ”, — აცხადებს მოქალაქე.

ვერტმფრენმა მუშაობა დაღამების შემდეგ, დილამდე შეაჩერა.

ადგილზე მუშაობას განაგრძობს ცოცხალი ძალა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის ინფორმაციით, მანამდე, სანამ ვერტმფრენი მუშაობას შეაჩერებდა, სტიქიის ზონაში მაშველები გადაიყვანეს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “იმედთან” განაცხადა.

მისი თქმით, მანამდე სტიქიის ზონიდან ადამიანების ევაკუაცია მხოლოდ ვერტმფრენის საშუალებით ხერხდებოდა, რადგან დაახლოებით 500 მეტრის სიგრძის სავალი გზა მეწყრის შედეგად განადგურდა, ასევე წაღებულია ორი ხიდი.

ამ დროის ინფორმაციით, შოვში, სტიქიის ზონაში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ბოლო ინფორმაციით, რომელიც შსს-მ  გაავრცელა, ევაკუირებული იყო 70-მდე ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი