ახალი ამბები

თურნავა ჩინეთზე: დივერსიფიკაცია არის პოზიტიური მოვლენა

2 აგვისტო, 2023 • 1672
თურნავა ჩინეთზე: დივერსიფიკაცია არის პოზიტიური მოვლენა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ნათია თურნავა ჩინეთთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საფინანსო სექტორის განვითარებისთვის ჩვენი საგარეო ბაზრების და პარტნიორების დივერსიფიკაცია პოზიტიური მოვლენაა.

ნათია თურნავას ჰკითხეს, თავის დროზე რატომ არ გააკეთა მთავრობამ ყველაფერი, რათა ანაკლიის პორტი ამერიკული ინვესტიციით აშენებულიყო, რამდენად შეიძლება, ახლა ეს ჩინური ინვესტიციით მოხდეს და ხედავს თუ არა ამ შემთხვევაში საფრთხეს.

„ეს საკითხი ამჟამად არ განეკუთვნება ჩვენს კომპეტენციას. ჩინეთზე შემიძლია უბრალოდ ვთქვა, რომ საფინანსო სექტორის შემდგომი განვითარების და მაკროეკონომიკური სტაბილურობის თვალსაზრისით, ჩვენი საგარეო ბაზრების და პარტნიორების დივერსიფიკაცია პოზიტიური მოვლენაა. დანარჩენზე, ვფიქრობ, მთავრობა ამომწურავ პასუხებს იძლევა“, — განაცხადა თურნავამ.

გასულ კვირას გაფორმდა საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება. ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთ-საქართველოს ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, სხვა საკითხებთან ერთად, ანაკლიის პორტზეც ილაპარაკა. მისი სიტყვებით, ხსენებული პროექტი საქართველოს მთავრობის “ამბიციური პროექტია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი