ახალი ამბები

დაწესებულებას ხშირად არ მიეწოდება სასმელი წყალი – ომბუდსმენი ქალთა ციხეზე

1 აგვისტო, 2023 • 1397
დაწესებულებას ხშირად არ მიეწოდება სასმელი წყალი – ომბუდსმენი ქალთა ციხეზე

სახალხო დამცველის აპარატმა რუსთავის N5 ციხესთან დაკავშირებით სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა. 14-გვერდიან დოკუმენტში მიმოხილულია ის ფიზიკური თუ სხვა სახის ბარიერები, რასაც ქალი პატიმრები ყოველდღიურად აწყდებიან.

როგორც ანგარიშიდან ირკვევა, საპატიმროში ხშირად წყდება წყალი, მათ შორის, შხაპის მიღების დროს, რომელიც პატიმრებისთვის ისედაც ლიმიტირებულია.

ანგარიში შეიქმნა მას შემდეგ, რაც ამა წლის 1 და 2 მაისს აპარატის თანამშრომლებმა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მონიტორინგი ჩაატარეს. მონიტორინგში საუბარია დადებით ტენდენციებზეც: დაცულია სისუფთავე, საკნები უზრუნველყოფილია საჭირო ინვენტარით, სათანადო ბუნებრივი და ხელოვნური განათებითა და გათბობით. თუმცა, კლიმატური პირობების გათვალისწინებით, გამოწვევად რჩება დაწესებულებაში სათანადო ხელოვნური ვენტილაციის უზრუნველყოფა და უწყვეტი წყალმომარაგება.

წყლის შეზღუდვასთან დაკავშირებით ანგარიშში უფრო ვრცლად ერთ-ერთ ქვეთავშია საუბარი. ვიზიტის დროს მიმდინარე მონიტორინგზე დაყრდნობით აპარატი წერს, რომ დაწესებულებას ხშირ შემთხვევაში არ მიეწოდება სასმელი წყალი.

„აღნიშნულის გამო, პატიმრები და დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლები იძულებულნი არიან, წყლის მარაგი შეინახონ სხვადასხვა სახის ჭურჭლით. პატიმართა გადმოცემით, არის შემთხვევები, როდესაც შხაპის მიღების დროს მოულოდნელად წყალი წყდება და ასეთ შემთხვევაში, მათ ჭურჭელში შენახული ცივი წყლით უწევთ ბანაობის გაგრძელება. პატიმრები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ დახურული ტიპის საცხოვრებელ კორპუსში შხაპის მიღების უფლება ეძლევათ მხოლოდ კვირაში ორჯერ და ისიც ერთ ჯერზე არაუმეტეს 20 წუთის ხანგრძლივობით. დაწესებულების დახურულ ნაწილში მყოფი პატიმრები ითხოვენ აღნიშნული დროის გონივრული ვადით გაზრდას, ვინაიდან, მათი განმარტებით, 20 წუთში ისინი სრულყოფილად ვერ ასწრებენ დაბანას და მოწესრიგებას. დახურულ ნაწილში მყოფი პატიმარი ქალები, სპეციალური საჭიროებებიდან გამომდინარე, ასევე ითხოვენ საშხაპეში ყოველდღიური დაბანის შესაძლებლობის მიცემას.

№5 დაწესებულებაში დასამონტაჟებელია სარეზერვო ავზები, რაც ქსელურად წყლის შეწყვეტის შემთხვევაში უზრუნველყოფს N5 დაწესებულებისთვის საჭირო ოდენობით წყლის მიწოდებას“ ,- ამბობს ომბუდსმენის აპარატი.

ანგარიშის თანახმად, საცხოვრებელ საკნებსა და სველ წერტილებში არ ფუნქციონირებდა ცენტრალური ხელოვნური სავენტილაციო სისტემა, ასევე არასაკმარისად ფუნქციონირებდა საშხაპეებში და სამზარეულოში არსებული სავენტილაციო მოწყობილობები.

ამასთანავე:

„სამედიცინო მომსახურების საკითხის შემოწმებისას დადგინდა, რომ იყო შემთხვევები, როდესაც პაციენტი ერთ თვეზე მეტი ელოდა სპეციალისტის კონსულტაციას. კვლავ პრობლემას წარმოადგენს გეგმური სამედიცინო მომსახურების მისაღებად სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში პაციენტთა დროული გადაყვანა. ფსიქიატრიული დახმარება არ ატარებს ბიო-ფსიქო-სოციალურ ხასიათს. ფსიქიკური ჯანმრთელობის სკრინინგს არ აქვს რეგულარული ხასიათი და ის მხოლოდ დაწესებულებაში პატიმრების პირველადი მოთავსებისას, ერთჯერადად ტარდება. ადრეულ დიაგნოსტიკას და პრევენციული მიდგომას კი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების დროული გამოვლენისა და მართვისთვის.“

რაც შეეხება ფიზიკურ ძალადობას, მონიტორინგის ვიზიტებისას სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს არ მიუღიათ ინფორმაცია დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან პატიმრების მიმართ ფიზიკური ძალადობის შესახებ. ჯგუფმა მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში მიიღო ინფორმაცია პატიმრების მიმართ უხეში მიმართვის ცალკეული ფაქტების შესახებ. ასევე, გაირკვა, რომ N5 დაწესებულებაში პერიოდულად ადგილი აქვს პატიმართა შორის კონფლიქტის შემთხვევებს.

სრულად ეს ანგარიში წაიკითხეთ:

გარეკანი ფოტო გადაღებულია 2015 წლის 8 მარტს, საზეიმო ღონისძიების დროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი