ახალი ამბები

„მცირე პროგრესი შეიმჩნევა“ – NGO-ების მორიგი შეფასება ევრორეკომენდაციების შესრულებაზე

1 აგვისტო, 2023 • 1307
„მცირე პროგრესი შეიმჩნევა“ – NGO-ების მორიგი შეფასება ევრორეკომენდაციების შესრულებაზე

9 საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ წარადგინა ხელისუფლების მიერ ევროკავშირის 12 პირობის შესრულების მდგომარეობის შეფასების დოკუმენტი – სტატუსმეტრი .

ორგანიზაციების მიერ მომზადებული რიგით მეხუთე სტატუსმეტრი 20 ივნისიდან 1 აგვისტომდე პერიოდში არსებულ მდგომარეობას ასახავს.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, მოცემულ პერიოდში სრულად არის შესრულებული 1 პირობა; მეტწილად შესრულებულია 2 პირობა; ნაწილობრივ შესრულებულია 7 პირობა და ჯერ კიდევ შესასრულებელია ევროკავშირის 2 პირობა.

ორგანიზაციების შეფასებით, აღნიშნულ პერიოდში პირობების შესრულების კუთხით მცირე პროგრესი შეიმჩნევა დამოუკიდებელი მედიისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მიმართულებებით.

სტატუსმეტრის მიხედვით, მოცემულ პერიოდში ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულების მდგომარეობა ასე გამოიყურება:

შესრულებულია:

  • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს(ECHR)  გადაწყვეტილებების პროაქტიული გათვალისწინება;

მეტწილად შესრულდა:

  • ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა;
  • გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობა.

ნაწილობრივ შესრულდა:

  • საარჩევნო და ინსტიტუციური რეფორმები;
  • დამოუკიდებელი სასამართლო;
  • ანტიკორუფციული ზომები;
  • მედია;
  • მოწყვლადი ჯგუფები;
  • სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა;
  • დამოუკიდებელი სახალხო დამცველი.

შესასრულებელია:

  • დეპოლარიზაცია;
  • დეოლიგაქრიზაცია.

„ღია საზოგადოების ფონდის“ საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ვანო ჩხიკვაძე განმარტავს, რატომ შეიცვალა პოზიტიურად მედიის და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობასთან დაკავშირებული პუნქტების შესრულება:

  • „მედიის დამოუკიდებლობის მიმართულებით 1 საფეხურით აიწია შეფასებამ – აქამდე თუ ითვლებოდა, რომ არ იყო პროგრესი, დღეს უკვე ითვლება, რომ ნაწილობრივ არის შესრულებული. ეს შეფასება გამოწვეულია ორი ფაქტორით: მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა და ეს დიდწილად ასახავს იმ რეკომენდაციებს, რაც სამოქალაქო საზოგადოების მიერ იყო წარმოდგენილი და მეორე, ბუნებრივია, ეს არის ნიკა გვარამიას შეწყალება პრეზიდენტის მიერ.
  • რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ეს პრიორიტეტიც იყო შესასრულებელი და ყველაზე დაბალი შეფასება ჰქონდა. დღეს ეს ითვლება ნაწილობრივ შესრულებულად. ეს პროგრესი გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ მაუწყებლის შესახებ კანონში სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციები იქნა გათვალისწინებული. ასევე, გარემოს დაცვის მიმართულებით წყლის კანონთან დაკავშირებით გათვალისწინებული იქნა სამოქალაქო საზოგადოების შენიშვნები და მოსაზრებები. ორი მიმართულებითაა პროგრესი, სამოქალაქო საზოგაოდებასა და პარლამენტს შორის შედგა თანამშრომლობა. აქ იგულისხმება ერთობლივი კონფერენციის ჩატარება და პოზიციების გაცვლა. მეორე არის ის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგაოდებასა და პარლამენტს შორის მზადების პროცესშია თანამშრომლობის მემორანდუმი და იმედია, რომ უახლოს მომავალში გაფორმდება.“

მისივე თქმით, საანგარიშო პერიოდში უკან გადადმულ ნაბიჯად ითვლება აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მრჩეველთა საბჭოს გაუქმება.

სტატუსმეტრი აერთიანებს ევროკავშირის ინსტიტუტების, წევრი ქვეყნების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ჯგუფების მოლოდინებს.

დოკუმენტში თავმოყრილია შემდეგი ორგანიზაციების შეფასებები:

  • ღია საზოგადოების ფონდი,
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი,
  • სასამართლოს გუშაგი,
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა,
  • საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი,
  • მმართველობის მონიტორინგის ცენტრი,
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია,
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის,
  • საფარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი