ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში პოლიტპატიმართა სია ისევ გაიზარდა

31 ივლისი, 2023 • 1454
აზერბაიჯანში პოლიტპატიმართა სია ისევ გაიზარდა

“აზერბაიჯანის პოლიტპატიმართა თავისუფლებისთვის” კავშირის ახალი ნუსხა უკანასკნელ ანგარიშთან შედარებით გაზრდილია. თუ უკანასკნელ [აპრილის] ანგარიშში 182 პოლიტპატიმარი იყო აღრიცხული, 31 ივლისის მონაცემებით დოკუმენტში 204-ია. 2022 წელს კი 100 ადამიანი ირიცხებოდა.

უფლებადამცველი ორგანიზაცია, რომელიც აზერბაიჯანში 2018 წლიდან ადგენს პოლიტპატიმართა სტატუსს რამდენიმე კრიტერიუმით, ამჯერად პოლიტიპატიმართა 7 კატეგორიაზე საუბრობს.

პირველ ჯგუფს, სადაც 5 ადამიანი ირიცხება, ჟურნალისტები და ბლოგერები წარმოადგენენ – ფოლად ასლანოვი, ოსმან ნარიმანოღლუ, ბახტიარ გაჯიევი, რაშად რამაზანოვი და ასლან გურბანოვი.

მეორე ჯგუფში [7 ადამიანი] ძირითადად ოპოზიციური პარტიებისა და მოძრაობების წევრები მოხვდნენ.

მესამე ჯგუფში გერმანიიდან დეპორტირებული პოლიტემიგრანტები არიან [ სულ 5].

შემდეგ ჯგუფებში რელიგიური გაერთიანებების წევრები  [147] და სხვადასხვა პოლიტიკურ საქმეებზე ბრალდებული პირები მოხვდნენ. ასევე, პოლიტპატიმართა ბოლო ჯგუფში 11 პირია, რომლებიც ჯერ კიდევ 1990-იან წლებში გადატრიალების ბრალდებებით არიან დაკავებული და სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი.

აზერბაიჯანის ხელისუფლება, ილჰამ ალიევის ხელმძღვანელობით, რეჟიმისადმი კრიტიკულად განწყობილ პოლიტიკოსებს, აქტივისტებს, უფლებამდამცველებსა და ჟურნალისტებს სხვადასხვა ბრალდებით აკავებს და ასამართლებს, მათ შორის ყველაზე ხშირად- ნარკოტიკების მოხმარების ან გადასახადების დამალვის ბრალდებით. ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა აზერბაიჯანშია, რასაც ასევე მოწმობს საერთაშორისო ანგარიშები.

როგორ იყენებენ აზერბაიჯანში პირადი ცხოვრების კადრებს ქალებისა და ოპონენტების წინააღმდეგ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი