ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

როგორ იყენებენ აზერბაიჯანში პირადი ცხოვრების კადრებს ქალებისა და ოპონენტების წინააღმდეგ

29 ნოემბერი, 2023 • 4159
როგორ იყენებენ აზერბაიჯანში პირადი ცხოვრების კადრებს ქალებისა და ოპონენტების წინააღმდეგ

ავტორი: ნიკა მუსავი


უკანასკნელ პერიოდში აზერბაიჯანში ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელმაც ქვეყნის სამოქალაქო სექტორი ააღელვა, გახდა აქტივისტ ბახტიარ გაჯიევის დაკავება და ციხეში მისი შიმშილობის დაწყება. თუმცა მისი ისტორია მორიგი რეპრესიული შემთხვევიდან სექსუალური ხასიათის სკანდალად გადაიქცა: მისი უფრო მეტი დისკრედიტაციის მიზნით ინტერნეტში გაავრცელეს ბახტიარ გაჯიევის ინტიმური ფოტოები, ვიდეო და მიმოწერები ქალებთან, რომლებიც აზერბაიჯანში, ასევე, მეტ-ნაკლებად ცნობილი არიან. 

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დარწმუნებული არიან, რომ მასალები ხელისუფლებამ გაავრცელა, ვინაიდან ბახტიარ გაჯიევის ტელეფონზე და კომპიუტერზე წვდომა სწორედ მათ ჰქონდათ. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლების ოპონენტი აქტივისტების წინააღმდეგ მაკომპრომეტირებელ პირად ინფორმაციას იყენებენ. თუმცა, ამ შემთხვევაში, შექმნილი სიტუაცია უფრო იმით არის მნიშვნელოვანი, რომ მსხვერპლი აღმოჩდნენ ქალებიც. 

ვინ არის ბახტიარ გაჯიევი და როგორ აღმოჩნდა ის ციხეში

41 წლის ბახტიარ გაჯიევმა პოლიტიკური აქტივიზმი 2000 -ინის შუა წლებიდან დაიწყო. 2010 წელს პარლამენტში იყრიდა კენჭს. 2011 წელს კი სამხედრო სამსახურიდან თავის არიდების ბრალდებით ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ბრალდებულმა მის დაპატიმრებას პოლიტიკურად მოტივირებული, საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია  Amnesty International-მა კი მას “სინდისის პატიმარი” უწოდა. 

მომდევნო წლებში ბახტიარ გაჯიევმა არაერთხელ ისაუბრა ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის, გატაცება, ცემისა და დამცირების შესახებ. 

2022 წლის დეკემბერში გაჯიევი ხულიგნობისა და სასამართლოს უპატივცემულობის [ინციდენტი, რომელიც ერთი წლით ადრე მოხდა] ბრალდებით დააკავეს. ახლა მას სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება. გაჯიევმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა. მისი გათავისუფლების მოთხოვნას შეუერთდნენ სხვა აზერბაიჯანელი აქტივისტები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და უფლებადამცველები, რომელთაც სოციალურ ქსელებში კამპანია დაიწყეს. საბოლოოდ, კამპანიას ისინიც კი შეუერთდნენ, ვინც გაჯიევს არასოდეს უჭერდა მხარს. 

ბახტიარ გაჯიევის რეპუტაცია ცალსახა არ არის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა შორის. ალიევის რეჟიმთან მისი ბრძოლის გულწრფელობაც ბევრჯერ დამდგარა ეჭვქვეშ. 2020 წელს კი, როდესაც მან მხარი დაუჭირა ყარაბაღის ომს, კიდევ უფრო დააზარალა საკუთარი იმიჯი მემარცხენეების თვალში. მიუხედავად ამისა, 2022 წელს ყველა შეთანხმდა, რომ ბახტიარ გაჯიევი უსამართლოდ არის დაპატიმრებული და რეჟიმს არ უნდა მიეცეს უფლება, ციხეში შიმშილობით მოკლას.

საბოლოოდ, 51-ე დღეს, ბახტიარ გაჯიევმა შიმშილობა შეწყვიტა და თქვა, რომ ამას ახლობლების, მეგობრებისა და საზოგადოების დაჟინებული მოთხოვნით აკეთებს და აუცილებლად გააგრძელებს ბრძოლას სამართლებრივ ჩარჩოებში. 

ამავე დროს, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ზემოთ ნახსენები “კომპრომატები”- გაჯიევისა და აზერბაიჯანში საზოგადოებისთვის ცნობილი ქალების სექსუალური ხასიათის მიმოწერები და ფოტო/ვიდეომასალები გაჯიევის ტელეფონის არქივიდან.  ამის შემდეგ გაჯიევი რეჟიმის მსხვერპლისგან იქცა ადამიანად, რომელიც რაღაც მიზეზებით ინახავდა “ინტიმურ არქივს”. 

32-ე მუხლი

ადამიანის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, შენახვა და გავრცელება მისი თანხმობის გარეშე აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციის 32-ე მუხლით არის აკრძალული. 

სამართალდამცველი ორგანოები კატეგორიულდ უარყოფენ საკუთარ როლს გაჯიევის არქივის გავრცელებაში და აცხადებენ, რომ მისი ტელეფონი და სხვა ტექნიკა “თვალითაც არ უნახავთ”. 

უფლებადამველი რუფატ საფაროვი ამბობს, რომ ბახტიარ გაჯიევს ციხიდან თავად არ შეეძლო ამ მასალების გავრცელება, მით უმეტეს, საკუთარი რეპუტაციისთვის ზიანის მიყენების გათვალისწინებით.

ადამიანის უფლებათა საკითხების საპარლამენტო კომიტეტის წევრი, დეპუტატი ელმან ნასროვი მომხდარზე ამბობს, რომ “ასეთი რამე მსოფლიოში ყველგან ხდება, ჰაკერები ყველგან მუშაობენ”. 

“ჩვენი სახელმწიფო, მსგავსი სიტუაციების შესაჩერებლად და დამნაშავეების დასასჯელად სულ დგამს ნაბიჯებს”, – ამბობს ის. 

“თუ შესაბამისი სტრუქტურები არ გამოიძიებენ მსგავს დანაშაულებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს თავად არ სურთ და დამნაშავეებს ხელს აფარებენ”, – ამბობს იურისტი და ექსპერტი მედიის საკითხებში ალესკერ მამედლი.  

მამედლის მსჯელობა ეფუძნება ბოლო წლების პრაქტიკას –  ჯერ არცერთი მსგავსი დანაშაული აზერბაიჯანში არ ყოფილა გახნილი. ამავე დროს, ყველა მსგავსი საქმე ხელისუფლების ოპონენტებს უკავშირდებოდა.

მაგალითად, 2012 წელს ინტერნეტით გამოქვეყნდა ჟურნალისტ ხადიჯა ისმაილოვას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო, რომელიც მისსავე სახლში ფარული კამერით იყო გადაღებული.

ისმაილოვამ მიმართა ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს და ვიდეოს გავრელებაში აზერბაიჯანის ხელისუფლება დაადანაშაულა. სასამართლომ დაავალდებულა აზერბაიჯანის სახელმწიფო, მისთვის 20 ათასი ევროს ოდენობით კომპენსაცია გადაეხადათ. 

ასევე, 2010 წელს გავრცელდა ცნობილი ოპოზიციონერის, ჯამილ ჰასანლის შვილის ინტიმური ხასიათის ვიდეო. ამავე წელს გამოქვეყნდა გენდერის აქტივისტის, ნარმინ შახმარზადეს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. 

სექსი ქორწინების გარეშე, როგორც კომპრომატი

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ყველა ეს ვიდეომასალა, რომელიც წარუდგინეს საზოგადოებას კომრომატების სახით, რეალურად, არ არის კომპრომატები. მათში არაფერია კანონსაწინააღმდეგო, ამორალური ან ობიექტურად სკანდალური. აქ არ არის არც ძალადობა, არც არასწრულოვანთა გამოყენება და სხვა დანაშაული.

ყველა ამ ვიდეომასალაში ნაჩვენებია სექსი ზრდასრულ ადამიანებს შორის. მთელი “პრობლემა” ის არის, რომ ეს არის სექსი ქორწინების გარეშე, რაც აზერბაიჯანის პატრიარქალური საზოგადოებისთვისაა გათვლილი და ასეთ მასალებს იარაღად აქცევს. პირველ რიგში, ეს, რა თქმა უნდა, არის ბრძოლა ქალების წინააღმდეგ. 

ამ მხრივ ძალიან ჯანსაღი და აზერბაიჯანელი მამისთვის უჩვეულო რეაქცია გამოხატა ჯამილ ჰასიმლიმ მისი შვილის ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ: ჩემი შვილი გიუნელი 38 წლისაა და 10 წელზე მეტია განქორწინებულია. მას შეუძლია ჰქონდეს პირადი ცხოვრება და შეუძლია ახალი ოჯახიც შექმნას. ამას მას ვერავინ აუკრძალავს, მეც კი. აქ არაფერია უჩვეულო. ამორალურია მხოლოდ სხვის ინტიმურ ცხოვრებაში ჩარევა და პოლიტიკური შანტაჟისთვის გამოყენება”. 

თუმცა, აზერბაიჯანში ყველა მშობელი ან ძმა ასე არ ფიქრობს. სწორედ ამაზე იყო გათვლაც, როდესაც გაჯიევის არქივს ავრცელებდნენ – ამ ქალების კეთილდღეობა და სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დადგეს. 

აზერბაიჯანში გენდერის აქტივისტები მომხდარში დანაშაულის ნიშნებს ხედავენ. 

“ბევრს აწუხებს არა ქალებისთვის მიყენებული ზიანი, არამედ უფრო ის, რომ ეს ქალები ვიღაც კაცების შეყვარებულები, შვილები და დები არიან. იმიტომ, რომ მათ თვალში ქალი ორ კატეგორიად იყოფა: მათი ოჯახის წევრები და მეძავეები. ქალები, რომლებიც ამ ისტორიაში დაზარალდნენ, პატრიარქალური ღირებულეების მსხვერპლი აღმოჩნდნენ”, – ამბობს გენდერის აქტივისტი გულნარა მეხტიევა. 

პოლიტოლოგი არასტუნ ორუჯლუ გავრცელებულ “კომპრომატებზე” პასუხისმგებლობას აკისრებს არა მხოლოდ მის უშუალო გამავრცელებელს, არამედ საზოგადოებასაც.

“ჩვენ, როგორც საზოგადოება, მორიგ ჯერზე დავმარცხდით. იმიტომ, რომ ამ მახინჯმა მეთოდებმა გამავრცელებლების მოლოდინი მორიგ ჯერზე გაამართლა”.

ის ფიქრობს, რომ საზოგადოება უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამ ფაქტებს და არ უწყობდეს მის ტირაჟირებას ხელს.

ამასობაში აზერბაიჯანის შსს იტყობინება, რომ რამდენიმე ქალმა და მათი ოჯახის წევრმა უჩივლა ბახტიარ გაჯიევს არქივის შექმნისა და შენახვისთვს. რამდენად გააღრმავებს ეს გაჯიევის მდგომარეობას, რომელიც ჯერ კიდევ იხდის სასჯელს, ჯერ უცნობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი