ახალი ამბები

ჩეხეთმა სანქციები დაუწესა ვლადიმერ ევტუშენკოვს

31 ივლისი, 2023 • 1134
ჩეხეთმა სანქციები დაუწესა ვლადიმერ ევტუშენკოვს

ჩეხეთის ხელისუფლებამ რუს მილიარდერს, ვლადიმერ ევტუშენკოვს სანქციები დაუწესა – აუკრძალა მას ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა და დააპატიმრა აქტივები.

„დოიჩე ველეს“ ცნობით, დაპატიმრებულია ევტუშენკოვის აქტივები 4,16 მილიონი ევროს ოდენობით, ისევე როგორც მისი ქონება ქალაქ კარლოვი-ვარში – მათ შორის, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „სავოი უესტენდი“. ევტუშენკოვის ქონება ამ საკურორტო ქალაქში თითქმის 21 მილიონ ევროდაა შეფასებული.

სანქციები აგრეთვე დაუწესდა ევტუშენკოვის შვილ ფელიქსს.

„ჩეხეთის“ რადიოს ინფორმაციით, კომპანიები, რომლებიც დაკავშირებულია ევტუშენკოვის კონგლომერატ „სისტემასთან“, იარაღს აწვდიან რუსეთის შეიარაღებულ ძალებს.

2021 წელს „ფორბსი“ 3,4 მილიარდ დოლარად აფასებდა ევტუშენკოვის ქონებასა და აქტივებს.


რუსი მილიარდერი ქართული საზოგადოებისთვის მას შემდეგ გახდა ფართოდ ცნობილი , რაც 2022 წელს გამოქვეყნდა მისი და ბიძინა ივანიშვილის საუბრის ჩანაწერები. ევტუშენკოვმა დაადასტურა, რომ ივანიშვილთან საუბარი მართლაც შედგა. ერთ ჩანაწერში იგი ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს. მეორის თანახმად კი, ევტუშენკოვის წარმომადგენელი შეხვდა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს; ევტუშენკოვი ასევე ეუბნება ივანიშვილს, რომ იდეა აქვს, რომელსაც „დავითი“ ჩამოიტანს.

ასევე, „ტვ პირველის“ ინფორმაციით, 2016-19 წლებში მილიარდერის თვითმფრინავი შვიდჯერ დაეშვა საქართველოში. თავად ევტუშენკოვი ამას უარყოფს.

ევტუშენკოვი ივანიშვილთან ზარებს ადასტურებს და ამბობს, რომ ალი უზდენოვი ღარიბაშვილს „დასვენების“ საკითხზე შეხვდა
შეხვდა თუ არა ღარიბაშვილი ბრიტანეთის სანქცირებულ რუსი ოლიგარქის  წარმომადგენელს?

მასალების გადაბეჭდვის წესი