ახალი ამბები

საკრუიზო ლაინერი ბათუმში: საია შსს-ს რეაგირებისკენ მოუწოდებს

27 ივლისი, 2023 • 3111
საკრუიზო ლაინერი ბათუმში: საია შსს-ს რეაგირებისკენ მოუწოდებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება მედიით გავრცელებულ ინფორმაციას 26 ივლისს ბათუმის ნავსადგურში რუსეთის ფედერაციიდან შემოსულ საკრუიზო გემით იმ პირების შემოსვლის შესახებ, რომლებსაც შესაძლოა, დარღვეული ჰქონდეთ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი.

„მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოახდინოს რეაგირება კანონმდებლობის დადგენილი მოთხოვნების დამრღვევ პირთა გამოსავლენად და მათ მიმართ გამოიყენოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მექანიზმები“, — აცხადებს საია.

ორგანზიაცია ხაზს უსვამს, რომ რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე მოქმედებს განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც განსაზღვრავს უცხო ქვეყნის მოქალაქეების ან მოქალქეობის არმქონე პირთათვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესს და ადგენს შეზღუდვებს.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ ზუგდიდისა და გორის მუნიციპალიტეტების მიმართულებიდან. ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 322 (პრიმა) მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს.

დღეს, 27 ივლისს, ბათუმში რუსეთიდან შემოვიდა საკრუიზო გემი „ასტორია გრანდე“, რომლის ბორტზე მყოფ მინიმუმ ერთ-ერთ რუს ტურისტს, შესაძლოა, დარღვეული ჰქონდეს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონი.

საკრუიზო ლაინერით ჩამოსული მგზავრი ამბობს, რომ ნამყოფია აფხაზეთში. უცნობია, საკრუიზო ლაინერის მგზავრი აფხაზეთში ამ კანონის მიღების (2008 წლის ოქტომბერი) შემდეგ იმყოფებოდა თუ არა და რა გზით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს.

საკრუიზო ლაინერის მგზავრს შესაძლოა დარღვეული ჰქონდეს კანონი ოკუპაციაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი