ახალი ამბები

გია ბარამიძე ნიკა მელიას მოუწოდებს ენმ დატოვოს

27 ივლისი, 2023 • 1676
გია ბარამიძე ნიკა მელიას მოუწოდებს ენმ დატოვოს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გია ბარამიძე პარტიის ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიას ენმ-ის დატოვებისა და საკუთარი პარტიის შექმნისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის შესახებ განცხადება გია ბარამიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გააკეთა:

„მოვუწოდებ, რომ წავიდეს, თუ აღარ შესტკივა გული. თავისი ოჯახი ააშენოს, ღმერთმა ხელი მოუმართოს. თავისი პარტია ჩამოაყალიბოს და უკეთესი იყოს. სხვისი ლანძღვით კი არა, თავისი ყოფილი გუნდის ლანძღვით კი არა, იმითი, რომ უკეთესი იყოს. სანამ 2021 წლის ამბებზე დღეს ილაპარაკებს, მანამდე გასცეს პასუხი — მაშინ რატომ არ ილაპარაკა ამის თაობაზე, თუ ასეთი სიმართლის მთქმელი იყო. რატომ ჩაიგუბა პირში წყალი მაშინ?! მე ეს არ ვიცოდი. მე ნიკას ვეკითხები, ახლა გაიგე, ნიკა, ეგ ამბავი?“ — აცხადებს გია ბარამიძე.

ბარამიძეს გამოეხმაურა ნიკა მელიაც. მელიას თქმით, სამწუხაროა ადამიანის დეგრადაციის პირდაპირ ეთერში ყურება:

„ძალიან სამწუხაროა ადამიანის დეგრადაციის პირდაპირ ეთერში ყურება, როგორ შეიძლება ხუნდებოდეს პრინციპები და იდეალები. ჭაობის პრინციპი ისაა, რომ რაც მეტს იმოძრავებ, უფრო ჩაეფლობი, პოლიტიკური კორუფციის ჭაობიც ზუსტად ასეთია. ვუყურებთ გია ბარამიძეს და ვხედავთ ფაქტების დამახინჯებასა და ყველაფრის “გაპრავებას” პარტიის ინტერესის სახელით. უბრალოდ ვერ ვხვდები, როდის მერე გახდა გიასთვის ნორმა, ან რატომ ჰგონია, რომ ქვეყანა ჩალითაა დაფარული და ყველაფრის იაფფასიანი გაპრავებით “ახლა ერთობაა მნიშვნელოვანი” და პუტინისტ ბერძენიძეებთან და ინჯიას მეგობარ გოროზიასთან ერთად ან მეტ ნდობას დაიმსახურებს, ან როდისმე რამეს მოიგებს. ვუთხარი ერთხელ, დამპალი და დაჭიანებული დროშის ტარი შეგრჩება ხელში-მეთქი”, — აცხადებს მელია.

მელიას თქმით, ზაზა გოროზიასა და ფრიდონ ინჯიას გარიგების შესახებ, რომელსაც თავად ზაზა გოროზია უარყოფს, 2021 წლის არჩევნების შემდეგ გაიგო და მნიშვნელოვანია იმ პერიოდის კონტექსტის გახსენება:

„კარგად გაიხსენეთ, რა დრო იყო მაშინ, მიშა ჩამოსული და დაჭერილი… გაიხსენეთ, რა ტურბულენციაში მომიხდა თავმჯდომარეობა, ჩემი დაჭერიდან დაწყებული, მიშას დაჭერით დამთავრებული. ან ახლა რომ არის გია ბარამიძე პარტიის სამდივნოში, რას აკეთებს? თანამდებობა იყოს და ყველაფერი მოსულა? სიმართლეს არ აქვს მნიშვნელობა? ყრილობაზე შირმად დადგა ადამიანი, ყველაფერი არჩევითი იყოსო, იძახა, იმავე დარბაზში ძველი თანამებრძოლები გაუგდეს, დანიშნულ პოლიტსაბჭოში შეიყვანეს, თვალები დახუჭა და მიიღო”, – აცხადებს ნიკა მელია.

ამ ყველაფერს წინ უძღოდა ინგა გრიგოლიას „რეაქციაში“ ნიკა მელიას მიერ გაკეთებული განცხადება, სადაც მან ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი ზაზა გოროზია „ევროპელი სოციალისტების“ წევრ ფრიდონ ინჯიასთან გარიგებაში დაადანაშაულა. გოროზიამ მელიას ბრალდებები უარყო.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ: მელია ამბობს, რომ ზაზა გოროზია ფრიდონ ინჯიას გაურიგდა — გოროზია ბრალდებას უარყოფს

მასალების გადაბეჭდვის წესი