ახალი ამბები

მელია ამბობს, რომ ზაზა გოროზია ფრიდონ ინჯიას გაურიგდა — გოროზია ბრალდებას უარყოფს

25 ივლისი, 2023 • 3097
მელია ამბობს, რომ ზაზა გოროზია ფრიდონ ინჯიას გაურიგდა — გოროზია ბრალდებას უარყოფს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია გადაცემაში „რეაქცია“ იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც ოპოზიციამ მარტვილის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა.

მელიას თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაზა გოროზია, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, მის ბიზნესპარტნიორს, ფრიდონ ინჯიას გაურიგდა და რამდენიმე სოფელში ენმ-ის კანდიდატები „ევროპელი სოციალისტების“ კანდიდატების სასარგებლოდ არ წარადგინა. შედეგად, მელიას თქმით, მიუხედავად მარტვილის საკრებულოში ოპოზიციონერი დეპუტატების უმრავლესობისა, „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატებმა მხარი „ქართული ოცნების“ კანდიდატს დაუჭირეს:

„ივანიშვილი ბედნიერია, როცა ამ ადამიანებს უყურებს. იმიტომ, რომ ზაზა გოროზიასთან ერთად სამეგრელოში რა უნდა მოხდეს, რომელიც უახლოესი მოკავშირეა ფრიდონ ინჯიასი, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ამ ადამიანმა, ფრიდონ ინჯიას უახლოესმა ბიზნესპარტნიორმა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები არ დააყენა რამდენიმე სოფელში და იქ ადგილობრივ პარტიას მოელაპარაკა და უთხრა, მოდით, ჩვენი კანდიდატები არ დავაყენოთ და ინჯიას კანდიდატები დავაყენოთო.

ჯამში, სავარაუდოდ, ჩვენ მეტი ვიქნებით და საკრებულოში რომ შევალთ, უმრავლესობა ოპოზიციის იქნებაო. დაუჯერეს და მართლაც ნაციონალურმა მოძრაობამ საკუთარი კანდიდატები არ დააყენა ინჯიას და გოროზიას შეთანხმების საფუძველზე, ოპოზიციამ ჯამურად მეტი მანდატები მოიპოვა მარტვილის საკრებულოში, მაგრამ იმ კანდიდატებმა ხმა მისცეს „ქართულ ოცნებას“. ასეთი პოლიტიკურად კორუმპირებული ადამიანი როდესაც არის, მოკავშირეა [„ოცნების“]“, — ამბობს ნიკა მელია.

გადაცემის მიმდინარეობისას მელიას განცხადებას ზაზა გოროზია გამოეხმაურა, რომელმაც მელიას განცხადებას ჭორაობა უწოდა და პარტიის ყოფილი თავმჯდომარე დაადანაშაულა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს სამეგრელოში არ ჩასულა:

„ჩემი საქმიანობა შემოიფარგლება იმით, რომ პუტინის კარის ოლიგარქის დამარცხებაში მივიღო მონაწილეობა. მე არ ვარ საჯარო პოლიტიკაში, მე არ მაქვს არანაირი სურვილი რაიმე თანამდებობის და ჩემს თავს მხოლოდ ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში რიგით ჯარისკაცად ვხედავ. მელია საჯარო პოლიტიკაშია, საჯარო ფიგურაა და ჯობია, ხალხს აუხსნას მან, რატომ არცერთხელ არ ჩავიდა სანდრას არჩევნების დროს ზუგდიდში ან მარტვილში, ერთხელ მაინც ჩასულიყო თემურ ჯანაშიას მხარდასაჭერად, ეს მისი ვალდებულებაც იყო, მაგრამ გასცეს პასუხი.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს- სამეგრელოში უკანასკნელ თვითმმართველობის არჩევნებში მელიას პირობებში ვიყავი შტაბის უფროსი და ხუთივეგან რუსულმა პარტიამ დაკარგა უმრავლესობა საკრებულოში. თავად მელია წალენჯიხაშიც კი არ ჩასულა წინასაარჩევნოდ, იქ, სადაც გამარჯვება იზეიმა ენმ-მ. ჭორაობა არ და ვერ იქნება ლიდერობა. ჭორაობა და სიტყვების რახარუხი არ არის ხალხის მოთხოვნა. მე გავაგრძელებ შრომას რიგითად ყოველგვარი ამბიციის გარეშე“ ,— აცხადებს ზაზა გოროზია.

აღნიშნულთან დაკავშირებით მელიამ განაცხადა, რომ ის თავადაც კანდიდატი იყო აღნიშნულ არჩევნებში, კენჭს გლდანში იყრიდა და წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში კარდაკარ დადიოდა, თავისუფალ დროს კი რეგიონებშიც გადიოდა. მელიას თქმით, ზაზა გოროზიას ქართულ პოლიტიკაში „რეინკარნირება“ ვანო მერაბიშვილის პირადი ჩართულობით მოხდა და ის მისთვის პოლიტიკური კორუფციის პერსონიფიკაციაა:

„ადამიანი არის მოქმედი პოლიტიკური საბჭოს წევრი, რას ნიშნავს, არ ვარ საჯარო პოლიტიკოსი! ფრიდონ ინჯიასთან დაკავშირებით გამოვიდეს და პასუხი გასცეს“, – აცხადებს ნიკა მელია.

განახლება:

ამ განცხადების შემდეგ, ნიკა მელიამ გამოაქვეყნა იმ სოფლების სია, სადაც მისი თქმით, აღნიშნული გარიგების საფუძველზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი კანდიდატები არ დააყენა:

„მეტი კონკრეტიკისა და სიზუსტისთვის კი აღვწერ, ზუსტად რა მოხდა მარტვილში და როგორი “რიგითი”, “რუსეთისა და რუსული ოცნების წინააღმდეგ” მებრძოლია ზაზა გოროზია. სოფელი ჭყონი – დაუთმო ინჯიას და მოიგო ინჯიამ.

სოფლები კიწია, ნოღა,გურძემი – არჩევნებიდან მოხსნა ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი და იქ მოიგო ოცნებამ. ეს სოფლები მოიგო ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატმა თემურ ჯანაშიამ და პარტია ნაციონალურმა მოძრაობამაც. აქ მაჟორიტარობის კანდიდატი რომ გვყოლოდა, ისიც უთუოდ მოიგებდა.

სოფელ სალხინოში ჩვენი ძლიერი კანდიდატი მოხსნა, სუსტი დააყენა და ინჯიას კანდიდატს დაუჭირა მხარი – შედეგად აქაც მოიგო ინჯიამ,“ — თქვა ნიკა მელიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი