ახალი ამბები

3 ივნისიდან თბილისი-ათენის მიმართულებით რეგულარული ფრენები განახლდება

27 მაისი, 2021 • 1278
3 ივნისიდან თბილისი-ათენის მიმართულებით რეგულარული ფრენები განახლდება

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 3 ივნისიდან საქართველოსა და საბერძნეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება. ათენი – თბილისი – ათენის საჰაერო ხაზზე ავიარეისებს ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines შეასრულებს. უწყების ცნობითვე, ავიაკომპანია თავდაპირველად კვირაში ერთხელ იფრენს, თუმცა ფრენების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.

ათენი – თბილისი – ათენის მიმართულებით რეგულარული რეისები შემდეგი განრიგით შესრულდება: 3 ივნისიდან 29 ოქტომბრამდე, რეგულარული რეისები განხორციელდება ყოველ პარასკევს, 4 ივლისიდან სეზონის ბოლომდე (29 ოქტომბერი), დაემატება კიდევ ერთი სიხშირე და ფრენები შესრულდება ყოველ პარასკევს და კვირას, ხოლო 21 ივლისიდან, ავიაკომპანია დაამატებს მესამე სიხშირეს და სეზონის დარჩენილ პერიოდში ფრენები განხორციელდება ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Aegean Airlines-ს საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის ნებართვა 25 მაისს მიანიჭა.

“გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას პოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით.

მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს” — აცხადებენ ავიაციის სააგენტოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი