ახალი ამბები

ჟურნალისტი ტაბლიაშვილი მუქარაზე საუბრობს: ის პოლიციაში დაიბარეს

25 ივლისი, 2023 • 1537
ჟურნალისტი ტაბლიაშვილი მუქარაზე საუბრობს: ის პოლიციაში დაიბარეს

ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი, რომელსაც ტელეკომპანია “ფორმულაზე” საავტორო გადაცემა მიჰყავს, პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჟურნალისტმა სამართალდამცავებს შეატყობინა თავის ნომერზე შესული, მუქარის შემცველი ზარის შესახებ.

“რამდენიმე დღეა, ირაკლის ნომერზე რეკავენ რუსულენოვანი ადამიანები, ემუქრებიან. ნახევარი საათის წინ დაემუქრნენ და ოპერჯგუფის გამოგზავნა დაუანონსეს”, — დაწერა “ფეისბუკზე” ტაბლიაშვილის მეუღლემ, ინგა სამხარაძემ, 24 ივლისის საღამოს.

როგორც სამხარაძე “ნეტგაზეთს” უყვება, მუქარის შემცველი ზარი ჟურნალისტის ნომერზე სამშაბათს შევიდა, თუმცა ამბავი უფრო ადრე დაიწყო. სამხარაძის ცნობით, დაახლოებით 2 კვირაა, ტაბლიაშვილს სხვადასხვა ნომრიდან ურეკავენ რუსულენოვანი პირები, რომლებიც ერთი და იმავე სახელით ეცნობიან და ჟურნალისტის თხოვნის მიუხედავად, ზარებს არ წყვეტენ.

როგორც ჰყვება, თავდაპირველად ეს ადამიანები ამბობდნენ, რომ ბიზნესთან დაკავშირებით ჰქონდათ შეთავაზება, თუმცა მოგვიანებით ჟურნალისტთან პოლიტიკური საკითხების განხილვის მცდელობაზე გადავიდნენ.

“მათ ირაკლის პირველივე ზარზე მიმართეს, როგორც “გასპადინ ირაკლი” [ბატონო ირაკლი]. ანუ იცოდნენ, ვის ელაპარაკებოდნენ. მუქარებით არ დაწყებულა ეს ყველაფერი: თავიდან სთავაზობდნენ რაღაც სერვისს… ირაკლიმ აუხსნა, რომ არ აინტერესებს [ეს სერვისი] და გაუშვა.

შემდგომ ეს ზარები გახშირდა და მუდმივად რეკავს ადამიანი, რომელიც თავს წარადგენს, როგორც ევგენი. სხვადასხვა ტიპები რეკავენ სხვადასხვა ნომრიდან, სხვადასხვა ხმით და ერთი სახელით. ხომ არ შეიძლება, ყველა ამ ადამიანს ევგენი ერქვას?

ეს ზარები გრძელდება და უკვე დაუწყეს ლაპარაკი პოლიტიკურ საკითხებზე: საქართველოზე, რუსეთზე…” — გვიყვება ირაკლი ტაბლიაშვილის მეუღლე.

მისივე ცნობით, ჟურნალისტი არაერთგზის უხსნიდა ზარების განმახორციელებლებს, რომ არც მათი ბიზნესშეთავაზება აინტერესებდა და არც პოლიტიკური საკითხების განხილვა სურდა მათთან, თუმცა ზარები არ წყდებოდა. სამხარაძის თქმით, ტაბლიაშვილმა არაერთი ნომერი დაბლოკა, თუმცა — უშედეგოდ:

“თავიდან [რეკავდნენ] ყოველ მეორე დღეს, მერე გახშირდა და გახდა ყოველ დღე, [მერე] დღეში სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ… ირაკლი გადარეული იყო, ეუბნებოდა, რაღაზე მირეკავ, ხომ დავასრულე შენთან საუბარიო?” — ჰყვება სამხარაძე და ამატებს, რომ იმის ნაცვლად, განმეორებითი ზარების მიზეზი აეხსნა, ზარის ავტორი თავდაპირველის იდენტური ტექსტებით იწყებდა საუბარს:

“ირაკლი ეუბნებოდა, ამაზე ხომ ვილაპარაკეთო? ახლა გამეცი პასუხი, რატომ რეკავ ჩემთანო. ამაზე კი არ სცემდა პასუხს ეს ადამიანი, არამედ ისევ თავიდან იწყებდა”.

ინგა სამხარაძის თქმით, 24 ივლისს, ერთ-ერთი მორიგი ზარის დროს, ტაბლიაშვილმა ზარის განმახორციელებელს ხისტი პასუხი გასცა, რაზეც ეს უკანასკნელი გაღიზიანდა და დაემუქრა.

“[უთხრა], ახლა მე ოპერბრიგადებს ვუშვებ შენთანო. იძულებულები გავხდით, პატრულში დაგვერეკა. ეს ტონი, რომელიც მანამდე ძალიან თავშეკავებული იყო, უცებ გახდა აგრესიული და უცებ ოპერბრიგადების [მუქარა] გაჩნდა”, — აღნიშნავს სამხარაძე.

მისივე ცნობით, პოლიციას სამშაბათს მიმართეს, თუმცა ჟურნალისტი განყოფილებაში ოთხშაბათს, 25 ივლისს დაიბარეს. ტაბლიაშვილმა “ფეისბუკის” აუდიტორიას დაახლოებით 11:40 საათზე აუწყა, რომ უკვე პოლიციის განყოფილებაში იყო.

ინგა სამხარაძე იხსენებს ზარების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მომხდარ შემთხვევასაც, როცა, სამხარაძის გადმოცემით, თავიის სახლის მიმდებარე სკვერში მყოფ ტაბლიაშვილთან ქართულენოვანი პირი მივიდა, ლანძღვა დაუწყო და “ნაცად” მოიხსენია.

“ვერ მოიგეთ, არ გაგივიდათ, ნაცებოო? — ეკითხებოდა”, — იხსენებს სამხარაძე, თუმცა დაზუსტებით ვერ ამბობს, არის თუ არა ამ შემთხვევასა და საეჭვო ზარებს შორის რაიმე კავშირი.

“ნეტგაზეთი” შსს-სგან ელის პასუხს, დაიწყო თუ არა ტაბლიაშვილის საქმეზე გამოძიება.

განახლება[15:15] — ირაკლი ტაბლიაშვილმა პოლიციის განყოფილება დატოვა. ის “ფეისბუკზე” წერს:

“შედგა ე.წ. ზეპირი გამოკითხვის ოქმი! მე ვცდილობ დასაბუთებას, რომ: მომმართავენ რა г-н – ირაკლი – ასე! მიზანმიმართულად და პერსონალურად ჩემთან აქვთ საქმე! ცდილობდნენ არა იმდენად ფსიქოლოგიურ ზეგავლენას, რამდენადაც შეთრევას საუბარში! და შემდეგ მუქარას.

ეს ყველაფერი დავაფიქსირე! ვაგინე თუ არა ბოლო პირს, ვინც დამირეკა? ვაგინე – უფრო ზუსტად, რუსული გემის მიმართულებით გავუშვი. მუქარა იყო ამგვარი – გამოუშვებდნენ ოპერბრიგადებს იმ მისამართზე, რომელიც მე მათ მივაწოდე, როცა მისამართი მომთხოვეს! საქმეს გადასცემენ პროკურორს, რომელიც გადაწყვეტს, მომცეს თუ არა დაზარალებულის სტატუსი!

მე არ ვაპირებ ამ საქმის ჩატოვებას იმ დონემდე, რომ, აი, ვაგინე და შემდეგ დამემუქრნენ. მე აღვიქვი ეს მუქარად და არ ვიცი… ანუ, არ გამოვრიცხავ, რომ მუქარა აღასრულონ… მნიშვნელოვანია მათი იდენტიფიცირება და საქმიანობის გარკვევა!

უკლებლივ ყველა სარგებლობს საქართველოს ტელ.ნომრებით. იმყოფებიან საქართველოში და თუ მხოლოდ მე დამიკავშირდნენ, პრობლემაა, მაგრამ, თუ სხვებსაც უკავშირდებიან და ან აშანტაჟებენ, ან ემუქრებიან ან … უფრო დიდი პრობლემაა!”

მასალების გადაბეჭდვის წესი