ახალი ამბები

სამინისტრო: რუსულ-ქართულ უნივერსიტეტზე ცნობა დეზინფორმაციაა

24 ივლისი, 2023 • 1506
სამინისტრო: რუსულ-ქართულ უნივერსიტეტზე ცნობა დეზინფორმაციაა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება პრიმოკოვის ცენტრის ხელმძღვანელის, დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოში რუსეთის დაფინანსებით რუსულ-ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იხსნება.

ამის შესახებ განცხადება სამინისტრომ დღეს, 24 ივლისს გაავრცელა.

სამინისტროს ცნობით, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში რუსულ-ქართული სასწავლებლის გახსნის მოთხოვნით განცხადება არ შესულა:

“როგორც მოგეხსენებათ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ავტორიზაციის მინიჭების გარეშე არც ერთ სასწავლებელს არ აქვს საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობის წარმოების უფლება. საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვებისთვის დაწესებულებამ უნდა გაიაროს ავტორიზაცია, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა. ავტორიზაციის გავლა სავალდებულოა როგორც საჯარო, ასევე კერძო სუბიექტისთვის.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი სასწავლებლის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში არანაირი პროცედურა არ მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით არის დეზინფორმაცია, რომელიც ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, განათლების სისტემისა და ხელისუფლების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას”, — განმარტავს სამინისტრო განცხადებაში.

დიმიტრი ლორთქიფანიძემ 15 ივლისს უთხრა geworld.ge-ს, რომ ის და მისი თანამოაზრეები რუსულ მხარესთან განიხილავენ ქართულ-რუსული უნივერსიტეტის შექმნას. მისი თქმით, ამ ეტაპზე ისინი შესაბამის ადგილს ეძებენ, სადაც აშენდება აღნიშნული უნივერსიტეტი. როგორც ლორთქიფანიძემ თქვა, უნივერსიტეტთან დაკავშირებულ ხარჯებს რუსეთის ფედერაცია დაფარავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი