პირველი სექტემბრიდან რუსეთში სკოლის მოსწავლეებს „დრონების საბრძოლო გამოყენების საწყისებს“ ასწავლიან, იტყობინება სახელისუფლებო მედია „რია ნოვოსტი“.
რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის, ფედერაციის საბჭოს წევრის არტიომ შეიკინის ცნობით, სხვადასხვა უწყებებმა, მათ შორის განათლების სამინისტრომ, ინიციატივას მწვანე შუქი აუნთო.
„[პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია] დრონების ტიპების, გამოყენების მიზნის, ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების, დაზვერვის წარმოების და მოწინააღმდეგის დრონებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ხერხების შესწავლა“, – განაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
პირველი, ვინც სკოლებში დრონების, – რომლებიც აქტიურად გამოიყენება უკრაინასთან სრულმასშტაბიან ომში, – მართვის სწავლება მოითხოვა, იყო ვლადიმერ პუტინი – მისგან ეს ინიციატივა ჯერ კიდევ აპრილის ბოლოს გაისმა.
ივნისში რუსული დამოუკიდებელი მედია „ვაჟნიე ისტორიი“ წერდა, რომ სკოლებმა უკვე დაიწყეს სასწავლო დრონების შესყიდვა.







