აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს [CIA] დირექტორი უილიამ ბარნსი მიიჩნევს, რომ პრიგოჟინის ამბოხი დააფიქრებს რუსეთის ბევრ მოქალაქეს, რომ პუტინი – „წესრიგის არბიტრი – „შიშველია, ან სულ მცირე ძალიან დიდხანს იცვამს“.

ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას მან ისაუბრა უკრაინის კონტრიერიშზე, რუსეთში არსებულ სტრუქტურულ პრობლემებსა და პრიგოჟინის ამბოხის შედეგებზე.

როგორც ბარნსი ამბობს, უკრაინის პროგრესი ბრძოლის ველზე „რთული ამოცანა“ იქნება, თუმცა CIA გააკეთებს ყველაფერ შესაძლებელს, რათა უკრაინელებს დაეხმაროს.

ომში რუსეთის ვითარებაზე საუბრისას ბარნსმა განაცხადა, რომ კრემლისთვის მნიშვნელოვანი სტრუქტურული ხარვეზია ჯარისკაცთა ცუდი მორალური მდგომარეობა, გენერლების ცუდი ხელმძღვანელობა და არეულობა სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობაშიც.

ამასთან ერთად, სამმართველოს დირექტორი მიიჩნევს, რომ პრიგოჟინის ამბოხმა გამოაჩინა „პუტინის აშენებულ სისტემაში არსებული რიგი მნიშვნელოვანი ხარვეზები“.

„რუსეთის ბევრი მოქალაქისთვის, ვინც შეეჩვია პუტინის, როგორც წესრიგის არბიტრს, კითხვა იმაში მდგომარეობს, ხომ არაა იმპერატორი შიშველი, ან სულ მცირე ძალიან დიდხანს იცვამს“, – ციტირებს ბარნსს „ბლუმბერგი“.

ბარნსის თქმითვე, პრიგოჟინის ამბოხი გახდა „უნიკალური შესაძლებლობა“ მისი უწყებისთვის რუსეთის მოქალაქეების გადასაბირებლად. ცოტა ხნის წინ სამმართველომ „ტელეგრამში“ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მოცემულია, თუ როგორ უნდა დაუკავშირდეს მსურველი უწყებას.

რაც შეეხება პრიგოჟინის მომავალს, ბარნსი ფიქრობს, რომ ვლადიმერ პუტინი, მიუხედავად უსაფრთხოების გარანტიის მიცემისა, კიდევ შეიძლება გაუსწორდეს თავის „მზარეულს“.

„ჩემი გამოცდილებით, პუტინი სამაგიეროს მოციქულია და გამიკვირდება, თუ პრიგოჟინი ასცდება მის შურისძიებას“.


გარეკანის ფოტო: © EPA