ახალი ამბები

მოქალაქის თქმით, ქუჩაში ჩხრეკისას პოლიციამ მასზე იძალადა

20 ივლისი, 2023 • 1981
მოქალაქის თქმით, ქუჩაში ჩხრეკისას პოლიციამ მასზე იძალადა

21 წლის ლაშა ჟღენტი აცხადებს, რომ თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე პოლიციამ მასზე იძალადა.

როგორც ლაშა ჟღენტი „მთავარ არხთან“ ამბობს, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ქუჩაში ძმასთან ერთად მიდიოდა და პოლიციამ ჩხრეკის მიზნით გააჩერა.

„მოინდომეს ზედაპირული გაჩხრეკვა და მაგ დროს „ტრუსიც“ გამოწიეს. ვხვდები, რომ ზედაპირულად გაჩხრეკა შეუძლიათ, მაგრამ როცა „ტრუსი“ გამოწიეს, ვუთხარი, რომ ხელი გაეწიათ. თურმე სიტყვები „ხელის გაწევა“ პოლიციისთვის შეურაცხყოფის მიყენებაა და პოლიციას ეგრე არ უნდა ვესაუბრო. [პოლიციის] მანქანაშიც მგუდავდნენ. მანქანაში რომ მტენიდნენ, ხომ არ დავგდებოდი და ვეტყოდი, ძალით ჩამტენეთ-მეთქი. მანქანაში რომ ჩამსვეს და ბორკილები დამადეს, მაქანაშიც მირტყეს თავში“, – განუცხადა „მთავარ არხს“ ლაშა ჟღენტმა.

ლაშა ჟღენტზე პოლიციის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს მისი ძმა ლუკა ჟღენტიც, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.

„ცოტა აგრესიულებიც იყვნენ და ჩემს ძმას რომ ამოწმებდნენ, სასქესო ორგანოზე შეეხნენ და [უთხრა, რომ] გაიწიე, რას მითათუნებ [ხელსო]. ამათ[პოლიციელებმა უთხრეს], შენ რა გონორზე ხარ, მაგის უფლება გვაქვსო… ახრჩობდნენ, ურტყამდნენ… იმის საშუალებაც არ გვქონდა, რომ ვიდეო გადაგვეღო… მეთქი, ჯიბეში რამე არ ჩაუდონ… ბებიაჩემიც მოვიდა მერე და ისიც 3 მეტრი აფორთხიალეს“, – ამბობს „მთავარ არხთან“ ლუკა ჟღენტი.

ლაშა ჟღენტის სასამართლო პროცესი დღეს, 20 ივლისს, გაიმართა. როგორც „მთავარ არხთან“ მისი უფლებადამცველი ამბობს, სასამართლომ გონივრული ვადა მისცა, რომ დაცვის მხარემ თავის მტკიცებულებები წარადგინოს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ნეტგაზეთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, რათა გაერკვია, რა მუხლებით დააკავეს პოლიციელებმა ლაშა ჟღენტი და არის თუ არა დაწყებული პოლიციელების წინააღმდეგ გენერალურ ინსპექციაში მოკვლევა. უწყებისგან პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

ნეტგაზეთი ასევე დაუკავშირდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც იმის გასარკვევად, დაიწყო თუ არა მომხდარის გამო გამოძიება. უწყებისგან პასუხს ველოდებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი