ახალი ამბები

საიამ წარმოადგინა EU-ს რამდენიმე რეკომენდაციის შესრულების შეფასება

20 ივლისი, 2023 • 1179
საიამ წარმოადგინა EU-ს რამდენიმე რეკომენდაციის შესრულების შეფასება

დღეს, 20 ივლისს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წარადგინა კვლევა – „ევროკომისიის 2022 წლის 17 ივნისის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა საქართველოში“.

კვლევა შეეხება 12-პუნქტიანი რეკომენდაციების მეორე და მესამე ნაწილს, რომლებიც ითვალისწინებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას ზედამხედველობის მექანიზმების გაუმჯობესების გზით, ევროპის საბჭოს, ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად საარჩევნო სისტემის დახვეწას, აგრეთვე, ეფექტიანი და გამჭვირვალე სასამართლო რეფორმის განხორციელებას.

კვლევის საანგარიშო პერიოდია 2022 წლის 17 ივნისი – 2023 წლის 15 აპრილი.

საიას განმარტებით, ანგარიშის მიზანია, საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესების მონიტორინგის მეშვეობით გამოავლინოს შესაბამის სფეროებში არსებული გამოწვევები, გამოკვეთოს პრობლემების გადაჭრისა და მიღებული რეგულაციების გაუმჯობესების გზები, შედეგად კი, ხელი შეუწყოს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას.

ორგანიზაცია განმარტავს, რომ დოკუმენტში მოცემული შეფასებები წარმოადგენს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ხედვას და შესაძლოა, ის არ ემთხვეოდეს ევროკავშირის ოფიციალურ მოსაზრებებს.

საიას შეფასებით, რეკომენდაციების შესრულება ამ დროისათვის ამ ეტაპზეა:

დემოკრატიული ზედამხედველობის გაძლიერება

საიას შეფასებით, დემოკრატიული ზედამხედველობის მიმართულებით პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა, მათ შორის გაზარდა ინტერპელაციების ჩატარების პერიოდულობა. ამ ცვლილებამ არსებითად გააუმჯობესა ამ პროცედურის ეფექტიანობა, ვინაიდან მაქსიმალურად შემცირდა აქტუალურ საკითხებზე საპარლამენტო დებატების გამართვის დროში გაჭიანურებისა თუ გადადების რისკი. რეგლამენტით დადგინდა საკომიტეტო კონტროლის დამატებითი მექანიზმებიც, რომლებიც უზრუნველყოფდა უპასუხო სადეპუტატო შეკითხვებსა და თანამდებობის პირების გამოუცხადებლობაზე რეაგირებას, გაიწერა მინისტრის საათამდე წერილობითი ანგარიშის წარდგენის ვალდებულება.

საიას მოსაზრებით, ამ დადებითი ცვლილებების მიუხედავად, საპარლამენტო ზედამხედველობის თვალსაზრისით კვლავ ბევრი გამოწვევა არსებობს, რომლებსაც ეს საკანონმდებლო ცვლილებები არ შეეხო. პირველ ყოვლისა აღსანიშნავია, რომ ამ კომიტეტის ფარგლებში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა ვერ იმუშავა უსაფრთხოების სექტორისა და საფინანსო კონტროლის საკითხებზე. გამომდინარე იქიდან, რომ ცალკე ფორმატი ამ თემებზე პარლამენტში არ არსებობდა, ისინი კვლავ მოუწესრიგებელი დარჩა.

ორგანიზაციის განცხადებით, პარლამენტმა ასევე არ გაითვალისწინა საიას ინიციატივა, გაძლიერებულიყო ინდივიდუალურ მინისტრებზე კონტროლის საშუალებები, ვინაიდან ამჟამად პარლამენტს არავითარი ბერკეტი არ გააჩნია, პოლიტიკური მოტივებით კონკრეტული მინისტრის პასუხისმგებლობა დააყენოს.

„სამუშაო ჯგუფში მონაწილე „ქართული ოცნების“ დეპუტატების მოსაზრებით, მინისტრის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა არც იყო საჭირო ქართულ რეალობაში, ვინაიდან პარლამენტს მთლიანად მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების მექანიზმი გააჩნდა. თუმცა, საიას აზრით, რაც უფრო შორია გზა აღმასრულებელი ხელისუფლების რომელიმე ნაწილის მიმართ რეპრესიულ კონტროლამდე, მით უფრო სუსტია საპარლამენტო ზედამხედველობის დონე ქვეყანაში. სადეპუტატო შეკითხვის ფარგლებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების პოზიცია სხვადასხვა სახის საიდუმლო ინფორმაციის გამოთხოვნის თაობაზე სამუშაო ჯგუფის ეტაპზე არ იყო გაზიარებული და მასზე მსჯელობა სამომავლოდ, უფრო გაფართოებული ფორმატისთვის გადაიდო“, – აღნიშნულია საიას კვლევაში.

საიას ასევე აღნიშნავს, რომ არ დაკმაყოფილდა ინიციატივა, კომიტეტის სხდომაზე პრემიერ-მინისტრის, გენერალური პროკურორისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის დაბარების წესის ცვლილებაზე. შედეგად, ამ თანამდებობის პირების კომიტეტზე დაბარება ფრაქციას კვლავ არ შეუძლია.

რაც შეეხება საიას ინიციატივას სამთავრობო საათის პროცედურის შემოღების თაობაზე, კვლევაში ვკითხულობთ: დეპუტატების ნაწილმა აღნიშნა, რომ კონსტიტუციით არ იყო გათვალისწინებული, შესაბამისად, მას ეწინააღმდეგებოდა.

ზემოთ განხილულიდან გამომდინარე, საიას აცხადებს,  რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ გაწეული სამუშაო ნაწილობრივ აუმჯობესებს საპარლამენტო კონტროლს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, თუმცა კვლავ სუსტი რჩება ზედამხედველობის რეალური ბერკეტები, რაც ანგარიშვალდებულების სტანდარტზე დადებითად ვერ იმოქმედებს. ამდენად, საიას პოზიციით, არსებობს რისკი, რომ მეორე რეკომენდაციის პირველი ნაწილი ევროკომისიის მიერ სრულად შესრულებულად არ შეფასდეს.

საარჩევნო რეფორმა, ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის მიერ გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორება

საიას შეფასებით, საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით რამდენიმე პოზიტიურ ნაბიჯს მოიცავდა, რასაც ორგანიზაცია მიესალმებოდა.

პარლამენტმა ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის არაერთი რეკომენდაცია გაითვალისწინა, თუმცა, კვლავ არასრულად.

საიას თანახმად, საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებებიდან დადებითად შეიძლება შეფასდეს: კენჭისყრის შედეგების გადათვლის შემთხვევების მატება, გასაჩივრების ვადების გაზრდა, ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული სისტემის ეტაპობრივი დანერგვა, საარჩევნო კომისიის წევრად და ადგილობრივ დამკვირვებლად რეგისტრაციის შემზღუდველი გარემოებების შემოღება, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირება, გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმის მიცემისას ამომრჩევლის მარკირება.

ორგანიზაციის განცხადებით, ამ პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, წარმოდგენილი პროექტი კვლავ ვერ პასუხობდა ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევებს, როგორებიცაა: ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამომრჩევლის დაშინება, შერჩეულ უბნებში ხმების გადათვლისა და შედეგების გაბათილების კრიტერიუმების არარსებობა.

ამასთან, საია აღნიშნავს, რომ მიღებული კანონპროექტი ასევე არ ითვალისწინებდა ქალთა წარმომადგენლობის გაზრდას საკანონმდებლო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში. გარდა ამისა, საიას განცხადებით, ორგანიზაცია ყოველთვის აპელირებდა მოქმედი კანონმდებლობის ეფექტიანი აღსრულების პრობლემაზე წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე, ე.წ. სიჩუმის დღის შემოღებაზე.

ორგანიზაციის განცხადებით, ეს საკითხები კვლავ გამოწვევად რჩება, რაც უარყოფითად აისახება საარჩევნო რეფორმის სრულყოფილად განხორციელებაზე, მიღებული პოზიტიური ცვლილებები კი ვერ აკომპენსირებს იმ ნეგატიურ გავლენებს, რაც ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებასა თუ ამომრჩევლის დაშინებას ახლავს თან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საიას შეფასებით, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული ცვლილებები მხოლოდ მცირედით აუმჯობესებს საარჩევნო გარემოს, ხოლო კვლავ გამოწვევად რჩება ძირეული საკითხები, რომლებიც ნეგატიურ ფონად გასდევს საარჩევნო კოდექსში შესულ ყველა პოზიტიურ ცვლილებას. ეს საფრთხეს უქმნის ამ რეკომენდაციის სრულად შესრულებულად შეფასებას.

მართლმსაჯულების რეფორმა

საიას მოსაზრებით, საერთო სასამართლოების კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები  არ შეესაბამება ევროკომისიის, სხვა საერთაშორისო პარტნიორებისა და სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციებს. ორგანიზაციის შეფასებით, ცვლილებები ფრაგმენტულია და არ ემსახურება მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღებას.

საიას განცხადებით, წარმოდგენილი პროექტი უგულებელყოფს კლანური მმართველობის, მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის არსებობას, როგორც სასამართლო სისტემის მთავარ გამოწვევას. ამ პრობლემის ღიად დატოვებამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას სასამართლოს დამოუკიდებლობის თაობაზე რეკომენდაციის შესრულებას.

გარდა ამისა, საია  აღნიშნავს, რომ კანონპროექტში არ არის გათვალისწინებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმა.

„ეს ინსტიტუტი მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის მთავარი დასაყრდენია. ამის აღმოსაფხვრელად საია პარლამენტს სთავაზობდა, ძალაუფლების კონცენტრაციის შემცირების მიზნით, მისი წევრები თანამდებობაზე დანიშნულიყვნენ კონსენსუსის წესით“, – აღნინულია საიას კვლევაში.

საიას განცხადებით, ორგანიზაცია ასევე ლობირებდა ცვლილებებს მოსამართლეების დანიშვნა/ნომინირების ნაწილში, კერძოდ, მოსამართლეთა დანიშვნაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაწყვეტილება უნდა მიეღო ორმაგი 2/3-ის (როგორც მოსამართლე, ისე არამოსამართლე წევრთა 2/3) პრინციპით, რაც ხელს შეუწყობდა კონსენსუსზე ორიენტირებული გადაწყვეტილების მიღების წესის დამკვიდრებას და, შესაბამისად, უზრუნველყოფდა ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კადრების დანიშვნას სასამართლო სისტემაში.

საიას განცხადებით,  პრობლემების დიდი ნაწილი „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ არ იყო იდენტიფიცირებული სამუშაო ჯგუფების ფუნქციონირების ეტაპზე, შესაბამისად, ვერც კანონპროექტში აისახა.

საბოლოოდ, საიას შეფასებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივა ფრაგმენტულია და ისეთ საკითხებს ეხება, რომლებიც ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისი პუნქტით გაწერილ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.

„ეს ცვლილებები ვერ უზრუნველყოფს სასამართლოს რეალურ დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას. სისტემაში კვლავ რჩება გავლენიანი ჯგუფის მიერ გადაწყვეტილებების მიღების რისკი, განსაკუთრებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. წარმოდგენილი ცვლილებები არც ამ ორგანოს საფუძვლიან რეფორმას ითვალისწინებს“, – ნათქვამია საიას კვლევაში.

აქედან გამომდინარე, საიას შეფასებით, მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული ფუნდამენტური პრობლემები ჯერჯერობით არ არის აღმოფხვრილი, რაც საფრთხეს უქმნის მე-3 რეკომენდაციის შესრულებულად შეფასებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი