2023 წლის პირველ ნახევარში [იანვარი-ივნისი] საქართველოს საგარეო ვაჭრობა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 20,1%-ით გაიზარდა და შეადგინა 10 მილიარდი და 286,6 მილიონი აშშ დოლარი, იტყობინება „საქსტატი“.
თითქმის თანაბრადაა გაზრდილი ექსპორტი [19,3%] და იმპორტი [20,4%]. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა [სხვაობა იმპორტსა და ექსპორტს შორის] შეადგინა ბრუნვის 40,5% – 4 მილიარდი 163 მილიონი აშშ დოლარი.
საქართველოდან ყველაზე მასშტაბური ექსპორტი ხდება მეზობელ ქვეყნებში. პირველ ადგილზეა სომხეთი [440 მილიონი დოლარი], მეორეზე – აზერბაიჯანი [413,3 მილიონი], მესამეზე – რუსეთი [343,9 მილიონი].
წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით ექსპორტი ამ ქვეყნებში გაზრდილია – 121,7%-ით სომხეთში, 44%-ით აზერბაიჯანში, 34%-ით რუსეთში. ასევე საკმაოდ არის გაზრდილი ექსპორტი ყაზახეთში [280,4%], ყირგიზეთში [1360,1%] და ესპანეთში [550,1%].
ყველაზე ექსპორტირებადი პროდუქციაა: მსუბუქი ავტომობილები [990 მილიონი დოლარი], სპილენძის მადნები და კონცენტრანტები [341,3 მილიონი], ღვინოები [126 მილიონი].
რაც შეეხება იმპორტს, საქართველოს უმთავრესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი [1 246 878 დოლარი], რუსეთი [927 278] და აშშ [775 194].
წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით იმპორტი ამ ქვეყნებიდან გაზრდილია – 19,5%-ით თურქეთიდან, 31,2%-ით რუსეთიდან, 73,8%-ით აშშ-დან. საგრძნობლად გაიზარდა იმპორტი გერმანიიდან [63,4%], იაპონიიდან [156,5%], იტალიიდან [47,3%], არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან [78,2%].
იმპორტის მხრივ, ყველაზე დიდი წილი მოდის კვლავ მსუბუქ ავტომობილებზე [1,313 მილიარდი], ნავთობი და ნავთობპროდუქტები [496 მილიონი], აირისებრი ნახშირწყალბადები [275 მილიონი].