თუ რუსეთი მსოფლიოს უკრაინულ ხორბალს აღარ მიაწვდის, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის შეფასებით, ეს არ გამოიწვევს საქართველოში მარცვლეულის დეფიციტს, პირიქით, “ხორბლის გაცილებით დიდი ნაკადი წამოვა და ბევრად უფრო იაფი“, რადგან თავად რუსეთს აქვს წელს “არნახული მოსავალი”.
ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში 31 ოქტომბერს ისაუბრა.
ჟურნალისტმა ხანიშვილს ჰკითხა, ემზადება თუ არა მთავრობა ყველაზე უარესი სცენარისთვის და „თუკი რუსეთი საბოლოოდ გამოიჯახუნებს კარს ,ანუ დააპატიმრებს უკრაინული ხორბლით დატვირთულ გემებს, შესაძლებელია თუ არა ამას პირდაპირი თუ არა, ირიბი გავლენა მაინც ჰქონდეს ადგილობრივ ბაზარზე“.
„მე პირიქით ვფიქრობ, რომ თუ რუსეთი ძალიან გამოიჯახუნებს კარებს და მსოფლიოს ხორბალს აღარ მიაწვდის, საქართველოში ხორბლის გაცილებით დიდი ნაკადი წამოვა და ბევრად უფრო იაფი. იმიტომ, რომ რუსეთს მიმდინარე წელს აქვს ხორბლის არნახული მარაგი და მოსავალი. მას ტრადიციულად ჰქონდა 75 მილიონი ტონა, მიმდინარე წელს კი აქვს 110 მილიონი ტონა. ეს არის დაახლოებით 35 მილიონი ტონით მეტი ხორბალი, ვიდრე გასულ წლებში და ვფიქრობ, რომ ყველაზე რთული პერიოდი ხორბლის თვალსაზრისით, ჩემი აზრით, უკვე უკან უნდა იყოს დარჩენილი.
ჩვენ გვახსოვს პერიოდი, როდესაც მსოფლიოში რეალურად შეინიშნებოდა ხორბლის მარაგის ნაკლებობა. ახლა ასე არ არის, საკმაოდ ჭარბი მოსავალია, მიუხედავად უკრაინის ომისა და უკრაინის წარმოების შემცირებისა“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
„პალიტრანიუსის“ ეთერში გიორგი ხანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ ნეტგაზეთი განმარტებისთვის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაუკავშირდა.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, მინისტრის მოადგილის განცხადებას პოლიტიკური სარჩული არ აქვს და მხოლოდ საუბრობდა საქართველოში ხორბლის იმპორტის ლოჯისტიკურ ნაწილზე.
“ცნობილია, რომ რუსულ ხორბალს ისედაც მოვიხმართ და იმ შემთხვევაში კითხვა იყო დასმული, თუ რას იზამდა საქართველო, თუ მსოფლიოს ჩაუკეტავდა ხორბალს რუსეთი. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჩვენთან რუსეთიდან სახმელეთო გზითაც შემოდის ხორბალი და აქედან გამომდინარე მხოლოდ და მხოლოდ ლოჯისტიკურად იყო ეს განცხადება გათვლილი, მას შემდეგ, რაც რუსეთი ჩაუკეტავდა მსოფლიოს ხორბალს. მხოლოდ ეს იგულისხმებოდა, რომ ჩვენ აქედანაც [სახმელეთო გზითაც] შეგვეძლო რუსეთიდან ხორბალი მიგვეღო“, – განუცხადეს ნეტგაზეთს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შავი ზღვის უსაფრთხოების კორიდორში, რომელიც შეიქმნა უკრაინიდან მარცვლეულით დატვირთული გემების ტრანსპორტირებისთვის, გადაადგილება დროებით აკრძალულია.
მიზეზად რუსეთი ასახელებს 29 ოქტომბერს უკრაინული მხარის მიერ რუსულ გემებზე თავდასხმას და აცხადებს, რომ შეზღუდვა მანამდე იქნება ძალაში, „ვიდრე ყველაფერი არ გაირკვევა“.
რუსეთის თანახმად, ის არ ტოვებს გაეროს მედიაციით მიღწეულ შეთანხმებას, რაც უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტს შეეხება, თუმცა დროებით აჩერებს მას.
იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორია, საზღვაო პორტების გახსნა და შავ ზღვაში გადაადგილება გლობალური მნიშვნელობის საკითხად იქცა.
შედეგად, გაეროსა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩარევით, უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ, თუმცა პერიოდულად რუსეთი აღნიშნულ საკითხს, შეთანხმებიდან გასვლაზე მინიშნებით, დასავლეთზე და უკრაინაზე ზეწოლისთვის იყენებს.
საქართველოში 2022 წლის იანვარი-სექტემბერის პერიოდში 105 ათას ტონაზე მეტი ხორბლის იმპორტი განხორციელდა. მათ შორის ყველაზე მეტი ხორბალი ქვეყანაში რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა, რაც საერთო იმპორტის დაახლოებით 92 პროცენტია.