ავტორი: იულია ტიმოშჩენკო, უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი. სტატია დაწერილია ვილნიუსის სამიტამდე
თითქმის ყველა უკრაინელი ნატოში გაწევრებაზე ოცნებობს. თუმცა სასტიკმა ბრძოლებმა, რომელთა გადატანაც მოგვიწია თითქმის 18 თვის წინ, რუსეთის თავდასხმის შემდეგ, რეალიზმის რთული გაკვეთილები ჩაგვიტარა. ამიტომაც ბრწყინვალედ გვესმის, რომ ნატოში გაწევრების ოცნების სისრულეში მოყვანა მარტივი არ იქნება. ეს მე პირადად მესმის: 2008 წელს ვიყავი უკრაინის [ალიანსში გაწევრების] განაცხადის ერთ-ერთი ავტორი. თუმცა უკრაინა ალიანსის გარეთ დარჩა, რისი შედეგებიც კატასტროფული აღმოჩნდა.
არავინ ელის, რომ უკრაინას ნატოს წევრობას შესთავაზებენ მანამ, სანამ ჩვენს ტერიტორიაზე ომი მძვინვარებს. ეს ხომ ალიანსს, მისი დამფუძნებელი შეთანხმების მეხუთე პუნქტის თანახმად, აიძულებს, კონფლიქტში ჩაერიოს. ნატოსა და ბირთვული იარაღის მქონე რუსეთის, – რომელმაც უკვე გამოავლინა უგუნურობის დანაშაულებრივი დონე, – სრულმასშტაბიანი ომის იდეა არავის მოსწონს, არც უკრაინელებს.
თუმცა ომი სამუდამოდ არ გასტანს. ამას უზრუნველყოფს ჩვენი ჯარისკაცების ოსტატობა და სიმამაცე, ისევე როგორც ჩვენი მოკავშირეებისა და მეგობრების ვალდებულება (არა მარტო ნატოს წევრების, არამედ ათეულობით სხვა ქვეყნის, მათ შორის ისეთი შორეულების, როგორიც იაპონიაა), მოგვაწოდონ ჩვენი ტერიტორიიდან რუსეთის გაძევებისთვის აუცილებელი ტექნიკა. ამიტომ, უკრაინის ნატოში გაწევრების საკითხი იმას ეხება, თუ რა იქნება საჭირო ომის დასრულების შემდეგ. გაწევრების აზრი ის არის, რომ აღვადგინოთ და შევინარჩუნოთ მშვიდობა ევროპაში, ანუ შევასრულოთ ნატოს ყველაზე ფუნდამენტური ამოცანა.
ოღონდ ალიანსში აქვთ გარკვეული ეჭვები, რამდენად ჭკვიანური იქნება ჩვენი მიღება. ნება მომეცით, ეს ეჭვები გავფანტო.
ზოგიერთს, როგორც ჩანს, აწუხებს, რომ უკრაინა გახდება, ასე ვთქვათ, ტვირთი, რომელიც ნატოს არაფერს მოუტანს თავის ტკივილის გარდა. რთულია, რუსეთის წინააღმდეგ ჩვენს ეფექტურ წინააღმდეგობაზე (საბოლოო ჯამში კი, გამარჯვებაზე) უკეთესი სამხილი იპოვო საპირისპიროს მტკიცებისთვის. უფრო მეტიც – ბრძოლებში გაკაჟებული და თავდაჯერებული უკრაინული არმია ათწლეულობის განმავლობაში ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აქტივი გახდება.
სწორედ უკრაინაში, ბრძოლის ველზე, დაიბადა საბრძოლო მოქმედებების ახალი ტიპი. სწორედ უკრაინელმა, და არა რუსმა ჯარისკაცებმა, შეიმუშავეს ახალი, ხშირად ორიგინალური ტაქტიკური ილეთები. ნატოს თითქმის ყველა ქვეყანას XXI საუკუნეში სრულმასშტაბიანი ომის მწირი გამოცდილება აქვს, ხოლო უკრაინის ჯარს – ახლად მობილიზებული რიგითებიდან გენერლებამდე- ესმის, რომ ტექნოლოგიები და გადაწყვეტილებების ინდივიდუალური მიღება მომავალ ათწლეულებში საბრძოლო წარმატების გასაღებია. ჩვენი არმია გახდა მაგალითი, რომლის გადაღებაც ენდომებათ ევროპებელებს. ეს ეხება წვრთნას, ტაქტიკას და ყოველი ჯარისკაცის პასუხისმგებლობის დონეს.
ფაქტია, რომ უკრაინის არმია დღეს საუკეთესო საბრძოლო ძალაა, რომლის მსგავსსაც ევროპაში, ახლო მომავალში, ვერავინ იპოვის. ნატოს შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ ეს არმია მუდამ იქნება მაქსიმალური მზადყოფნის რეჟიმში. 2014 წელს, როცა რუსეთი პირველად შემოიჭრა და ყირიმი დაიკავა, ომისთვის მზად არ ვიყავით და ეს ძვირი დაგვიჯდა. ოღონდ ეს აღარ განმეორდება. ვიქნებით მოკავშირე, რომელსაც შეუძლია დაიცვას და დაიცავს კიდეც ნატოს ტერიტორიის თითო გოჯს.
დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოკავშირეების დაცვის პირობას უკრაინა შეასრულებს. ნატოს წევრებს უნდა ახსოვდეთ, რომ ომის დასაწყისისას „მარტონი“ ვიყავით, მსგავსად უინსტონ ჩერჩილის დიდი ბრიტანეთისა 1940 წლის გაზაფხულზე. არ ვიყოყმანეთ და ბრძოლა დავიწყეთ. ჩვენი მედეგობა, ერთობა და გამძლეობა იმ რთულ საათებში ნატოს ყველა წევრის პატივისცემას იმსახურებს. ჩვენი ქვეყანა იბრძოლებს თავისუფლებისთვის განურჩევლად იმისა, თუ როგორია ჩვენი შანსები.
რაც შეეხება ბირთვული იარაღის საფრთხეს, მისი გამოყენებით დამუქრების საშუალება კრემლს სწორედ იმიტომ აქვს, რომ უკრაინა ნატოს წევრი არ არის. სრულმასშტაბიან შემოჭრამდე ევროპაში ბირთვული საფრთხე ათწლეულები არავის გაეგო.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც უკრაინა ნატოსთვის სასარგებლო აქტივი იქნება, ისაა, რომ ომის დასრულების შემდეგ რუსეთი კვლავაც ახლოს იქნება. ვერ გამოვიცნობ, ვინ იქნება რუსეთის ხელისუფლებაში იმ მომენტისთვის. თუმცა ვიცი, რომ ჩვეულებრივი რუსები, რომლებმაც ათწლეულობით დესპოტიზმში იცხოვრეს და ამ აგრესიულ ომში ასი ათასი ან მეტი შვილი დაკარგეს, ისეთ საზოგადოებას დაუწყებენ ძებნას, როგორიც საკუთარ ქვეყანაში სურთ.
აყვავებული უკრაინული დემოკრატია, სრულად ინტეგრირებული ევროკავშირსა და ნატოში, შეიძლება და უნდა გადაიქცეს ბრწყინვალე მაგალითად. ზედმეტად დიდი ფასი გადავიხადეთ, რამე უფრო მცირეს უნდა დავთანხმდეთ.
სტატია ქვეყნდება The Project Syndicate-ისა და „ნეტგაზეთის“ შეთანხმების შესაბამისად.
თარგმანი: ნიკა ბურდული








