ახალი ამბები

ამბოხის შემდეგ რუსეთში 10-ზე მეტი სამხედრო მაღალჩინოსანი დააკავეს —WSJ

13 ივლისი, 2023 • 1773
ამბოხის შემდეგ რუსეთში 10-ზე მეტი სამხედრო მაღალჩინოსანი დააკავეს —WSJ

მას შემდეგ, რაც კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერმა“ 23 ივნისს სამხედრო ამბოხის შესახებ განაცხადა, რუსეთში 10-ზე მეტი სამხედრო მაღალჩინოსანი დააკავეს, 15-მდე მაღალჩინოსანი კი საქმეს ჩამოაშორეს, ან სამსახურიდან გააძევეს.

ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ზე დაყრდნობით „მედუზა“ ავრცელებს. WSJ-ის სტატია ამ ეტაპზე მხოლოდ გაზეთის გამომწერებისთვისაა ხელმისაწვდომი.

რუსეთის სამხედრო სფეროში საკადრო წმენდა ამბოხიდან მალევე, რამდენიმე საათში დაიწყო. თავდაპირველად ცნობა გავრცელდა გენერალ სერგეი სუროვიკინის დაკავების შესახებ. რუსეთის სამხედრო ძალებს უკრაინაში სწორედ სუროვიკინი ხელმძღვანელობდა რამდენიმე თვის განმავლობაში. რუსეთის ხელისუფლება ეჭვობს, რომ მან იცოდა „ვაგნერის“ ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის ამბოხის გეგმების შესახებ.

„მედუზას“ ცნობით, ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს სუროვიკინის დაკავების შესახებ, თუმცა 24 ივნისის შემდეგ ის არავის უნახავს. გენერლის ცოლმა WSJ-ს განუცხადა, რომ იგი „სამსახურიდან არ დაბრუნებულა“. რუსულმა გამოცემა „ვერსტკამ“ 12 ივლისს დაწერა, რომ სუროვიკინი კონტრდაზვერვამ 2 კვირის წინ დააკავა და ამ დრომდე იზოლირებულია.

WSJ-ს ცნობით, ამბოხის შემდეგ ასევე დააკავეს სუროვიკინის მოადგილე, გენერალ-მაიორი ანდრეი იუდინი და სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმირ ალეკსეევი. თუმცა, როგორც  მედიასაშუალება იტყობინება, ორივე მათგანი ამ დროისათვის გათავისუფლებულია, თუმცა მათ ეზღუდებათ გადაადგილება და მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

WSJ როგორც წერს, დაკავებულთა შორისაა ყოფილი გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ მიზინცევი, რომელიც მარიუპოლზე შტურმს ხელმძღვანელობდა ომის დასაწყისში, 2023 წლის აპრილიდან კი „ვაგნერში“ მუშაობდა.

WSJ-ს კითხვებს არ უპასუხეს არც კრემლში და არც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

მთავარ ფოტოზე: სერგეი სუროვიკინი. კადრი 24 ივნისს გავრცელებული ვიდეოდან, რომელშიც სუროვიკინი „ვაგნერელებს“ ამბოხის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი