ახალი ამბები

„სისულელეა ამაზე მსჯელობაც კი“ – ხაბეიშვილი ვაშაძის პრემიერობაზე მოლაპარაკებებს უარყოფს

13 ივლისი, 2023 • 1711
„სისულელეა ამაზე მსჯელობაც კი“ – ხაბეიშვილი ვაშაძის პრემიერობაზე მოლაპარაკებებს უარყოფს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი არ ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე განიხილება.

ხაბეიშვილის თქმით, ვაშაძესთან კონსულტაციები ნამდვილად მიმდინარეობს, თუმცა არა თანამდებობის გადანაწილებაზე, არამედ სამომავლო თანამშრომლობაზე.

„სრული სისულელეა ამაზე მსჯელობაც კი, რომ დღეს ვინმემ დაიწყოს პრემიერ-მინისტრობაზე, კანდიდატზე ან მსგავს რამეებზე საუბარი. ჩვენს ქვეყანას აქვს უმნიშვნელოვანესი გამოწვევა, რომელიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს უკავშირდება – ბოლომდე გაგვარუსებენ თუ ვერ შეძლებენ[…] ტყუილია და საზოგადოებას ასე არ უნდა მიაწოდოთ [ინფორმაცია], რომ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე მიდის კონსულტაციები. არ არსებობს ასეთი რამ.

რაც შეეხება თანამშრომლობას და კონსულტაციებს, ცხადია, ეს დაწყებული გვაქვს, ვსაუბრობთ და გავაგრძელებთ ამ კონსულტაციებს. ეს კონსულტაციები არ ეხება თანამდებობებს. ეს ეხება საერთო სტრატეგიას ოპოზიციურ ველზე და ბრძოლის მიზნების განსაზღვრას“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებენ „სტრატეგია აღმაშენებელშიც“ და აანონსებენ, რომ უფრო მეტი დეტალი ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება. თუმცა თანამდებობების გადანაწილებაზე მოლაპარაკებებს არც „სტრატეგია აღმაშენებლში“ ადასტურებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი