ახალი ამბები

პარიზში მაღალი გამავლობის ავტომობილთათვის პარკირების საფასური გაიზრდება

13 ივლისი, 2023 • 1099
პარიზში მაღალი გამავლობის ავტომობილთათვის პარკირების საფასური გაიზრდება

პარიზის მერია, ქალაქში დაბინძურების შემცირების მიზნით, აპირებს, გაზარდოს პარკირების გადასახადი დიდი ზომის მანქანებისთვის. ფასის მატება ძირითადად მაღალი გამავლობის ავტომობილების (SUV) მეპატრონეებს შეეხებათ, იტყობინება „გარდიანი“.

ცვლილებები ძალაში 2024 წლიდან შევა. დეტალები ამ ეტაპზე უცნობია, მაგრამ გათვალისწინებული იქნება ავტომობილის სიდიდე, წონა და მისი ძრავის მოცულობა. პარკირების ფასი, სავარაუდოდ, არ მოიმატებს ელექტრომობილებისა და დიდი ოჯახებისთვის.

პარიზის საქალაქო საბჭომ ამ ზომას მხარი ერთხმად დაუჭირა.

ოფიციალური სტატისტიკით, დიდი ზომის ავტომობილების რაოდენობა საფრანგეთის დედაქალაქში ბოლო ოთხ წელიწადში გაიზარდა 60%-ით და ამჟამად პარიზში ყოველ საღამოს დაპარკინგებული 1.15-მილიონიანი ავტოპარკის 15%-ს წარმოადგენს.

მიღებული ზომით ქალაქის ხელისუფლებას სურს, შეამციროს დიდი ზომისა და დიდი მოცულობის ძრავის მანქანების რაოდენობის ზრდა და წაახალისონ მოქალაქეები, რათა მათ უფრო პატარა და ეკოლოგიური მანქანები აირჩიონ.

„არ გვაქვს ტალახი, ან მთები… პარიზში SUV-ები სრულიად გამოუსადეგარია“, – განაცხადა პარიზის მერის მოადგილემ, დავიდ ბელიარდმა.

თუმცა, ავტომობილისტთა ჯგუფის პრესსპიკერის, პიერ შასერის განცხადებით,  SUV-ების რაოდენობის ზრდა იმითა განპირობებული, რომ მათ მრავალწევრიანი ოჯახები ყიდულობენ.

პარიზის მსგავსი ზომები უკვე მიიღეს ლიონში. მოსალოდნელია, რომ იგივე მოხდება გრენობლშიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი