ახალი ამბები

მოკავშირეებს სურთ, საქართველო გახდეს ნატოს წევრი — დეგნანი

13 ივლისი, 2023 • 786
მოკავშირეებს სურთ, საქართველო გახდეს ნატოს წევრი — დეგნანი

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ვილნიუსის სამიტის შედეგების შეფასებისას ამბობს, რომ ნატოს კარი ღიაა საქართველოსა და უკრაინისთვის.

„მოკავშირეებს სურთ, საქართველო გახდეს ალიანსის წევრი. ნაბიჯები, რომლებიც საქართველომ უნდა გადადგას ამ კარში შესასვლელად, ასევე ცნობილია დიდი ხანია. საქართველოს ხელშია, გაატაროს რეფორმები, რომლებიც მოთხოვნილია. ეს დიდწილად იგივე რეფორმებია, რაც მოთხოვნილია ევროკავშირის წევრობისთვის.

ეს არის სასამართლოს რეფორმირება, დემოკრატიული ინსტიტუტების გაუმჯობესება, რომ საქართველოს ჰქონდეს სამხედრო შესაძლებლობები და პოლიტიკურ-დემოკრატიული სტაბილურობა და ინსტიტუტები, რათა იჯდეს ნატოს მაგიდასთან. ეს არ შეცვლილა და ყველა მოკავშირე, განსაკუთრებით აშშ, მხარს უჭერს საქართველოს ამ რეფორმების გატარებაში“, — განაცხადა დეგნანმა დღეს, 13 ივლისს.

სამიტზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის არყოფნის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ დეგნანი აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა კარგი სამუშაო გაწია სამიტზე საქართველოს წარმოდგენით.

„სამიტი არ იყო ფოკუსირებული ამ საკითხზე, ცენტრალური საკითხი იყო რუსეთის ომი უკრაინაში“, — დასძინა დეგნანმა.

ვილნიუსის სამიტის კომუნიკემ საქართველოსთან დაკავშირებით გაიმეორა 2008 წლის ბუქარესტის სამიტის ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) გავლით. უკრაინისთვის კი MAP-ის საჭიროება მოიხსნა ისევე, როგორც ეს მოხდა ფინეთისა და შვედეთის შემთხვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი