ახალი ამბები

გაშლილი ტერიტორია იყო და შემოვლითი გზებით შემოაღწიეს – შსს ძალადობრივ ჯგუფებზე

8 ივლისი, 2023 • 1099
გაშლილი ტერიტორია იყო და შემოვლითი გზებით შემოაღწიეს – შსს ძალადობრივ ჯგუფებზე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, თბილისი პრაიდის ფესტივალი „გაშლილ ტერიტორიაზე“ იყო დაგეგმილი და ამიტომ შსს-მ ფესტივალის უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველყოფა ვერ შეძლო.

მიუხედავად იმისა, რომ ძალადობრივი ჯგუფების კონტრაქციის შესახებ 1 კვირით ადრე იყო ცნობილი, შს მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ დღეს კონტრაქციაზე მონაწილეების „საკმაოდ დიდი რაოდენობა“ მივიდა და მათ პოლიციციის კორდონების გარღვევა შეძლეს.

„დილიდან შსს-ის შესაბამისი დანაყოფები ადგილზე იყვნენ მობილიზებული, როგორიც არის: განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, თბილისის პოლიცია, საპატრულო პოლიცია, ყველა ის დანაყოფი, ვისაც ჰქონდა უფლებამოსილება, რომ განეხორციელებინა თავის მანდატი. თუმცა თქვენ კარგად ნახეთ, რომ კონტრაქციის მონაწილეების საკმაოდ დიდი რაოდენობა მოვიდა, ჩვენ გზებზე შესაბამისი კორდონები გვქონდა გაკეთებული, მაგრამ ვინაიდან ეს იყო გაშლილი ტერიტორია, აქციის მონაწილეებმა მოახერხეს, რომ შემოვლითი გზებით შემოეღწიათ და გაერღვიათ პოლიციის კორდონები. თუმცა, ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ პრაიდის ღონისძიების ორგანიზატორები და მონაწილეები უსაფრთხოდ გავიყვანეთ ტერიტორიიდან. ამჟამად პოლიცია ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს, რათა მოხდეს სიტუაციის სტაბილიზება და არ მოხდეს თავდასხმები“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

დარახველიძის თქმით, დღეს პოლიციის მაქსიმალური რაოდენობა იყო მობილიზებული იმ ლოკაციისთვის, სადაც ფესტივალი უნდა ჩატარებულიყო.

„თუმცა შეუძლებელია ყველა აქციაზე 100%-იანი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი და მთლიანად იქნეს დაცული, განსაკუთრებით ისეთ პერიოდში, როცა გაშლილ ტერიტორიაზეა საუბარი. ჩვენ ამ რისკების თაობაზე მუდმივად ვსაუბრობდით, მაგრამ კონრტრაქციის მონაწილეების ძალიან დიდი რაოდენობა მოვიდა და ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლე და უსაფრთხოება ყოფილიყო დაცული“, – განაცხადა დარახველიძემ.

შს მინისტრის მოადგილემ უპასუხოდ დატოვა კითხვა, რატომ არ გამოიყენა პოლიციამ მაგალითად, წყლის ჭავლი.


დღეს, 8 ივლისს, დაგეგმილი პრაიდის ფესტივალი, რომელიც ლისის ტბის მიმდებარედ უნდა ჩატარებულიყო, ჩაიშალა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სპეცრაზმი,  მათ მოძალადე ჯგუფებს, რომლებიც ვაჟა-ფშაველას ძეგლთან შეიკრიბნენ, ფესტივალის მიმდებარე ტერიტორიამდე მისვლის შესაძლებლობა მისცეს. ამის გამო ფესტივალის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ევაკუაცია დასჭირდათ. მათ ტერიტორია მიკროავტობუსებით დაატოვებინეს.

თბილისი პრაიდის განცხადებით, დღეს განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ თავდასხმა წინასწარ კოორდინირებული და შეთანხმებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ძალადობრივ დაჯგუფება ალტ-ინფოს შორის.

მასალების გადაბეჭდვის წესი