ახალი ამბები

ტარიელ ონიანს ათწლიანი პატიმრობა შეუფარდეს

20 ივლისი, 2010 •
ტარიელ ონიანს ათწლიანი პატიმრობა შეუფარდეს

ტარიელ ონიანს, ქურდული სამყაროს ავტორიტეტს, მოსკოვის სასამართლომ ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იგი ადამიანების გატაცებასა და ფულის გამოძალვაშია დადანაშაულებული.

The Moscow Times-ის ინფორმაციით, მოსკოვის ხამოვნიჩესკის რაიონულმა სასამართლომ ტარიელ ონიანთან ერთად მის მოკავშირეებს, სერგეი აბუთიძესა (9 წელი) და ალექსეი ზუბარევსაც (6 წელი) გამოუტანა განაჩენი. სამივე პატიმარი სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხდის.

დაკავებულებს დაზარალებულებისთვის 7 მილიონი რუბლის ($230 000) გადახდა დაეკისრათ.

The Moscow Times-ი აცხადებს, რომ ონიანი და მისი თანამზრახველები 2009 წლის მარტში დაიჭირეს ბიზნესმენ ჯონი მანაგაძის გატაცების გამო. გამტაცებლები მანაგაძეს გამოსასყიდის სახით 500 000 დოლარს სძალავდნენ.

რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ონიანი განაჩენს უხამსი შეძახილებით შეხვდა. ის სასამართლოს გადაწყვეილების გასაჩივრებას აპირებს. 

Associated Press-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტარიელ ონიანი 2005 წლიდან მოყოლებული შვიდჯერ არის დაკავებული, ფულის გათეთრების ბრალდებით.  ესპანეთში მასზე ძებნაა გამოცხადებული.

ინგლისურენოვანი გამოცემა იუწყება: ”ორგანიზებული კრიმინალის ექსპერტები აცხადებენ, რომ ონიანი ქართულ კრიმინალურ დაჯგუფებას მეთაურობდა, რომელიც რუსეთსა და დასავლეთ ევროპაში რეკეტსა და აზარტულ ბიზნესში იყო ჩართული.”

The Moscow Times-ი აცხადებს, რომ ესპანელმა სამართალდამცავებმა ონიანის ექსტრადიცია მოითხოვეს. გამოცემა განმარტავს, რომ რუსეთის მოქალაქეების ექტრადიცია, რუსული კანონმდებლობის მიხედვით, იკრძალება. ონიანი საქართველოს მოქალაქეა, რაც რუსულ მხარეს ესპანელი სამართალდამცავებისთვის ონიანის გადაცემას არ უკრძალავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი