ახალი ამბები

„ტვიტერმა“ შესაძლოა, „მეტას“ უჩივლოს ახალი სოცქსელის, „თრედსის“ გამო

7 ივლისი, 2023 • 1137
„ტვიტერმა“ შესაძლოა, „მეტას“ უჩივლოს ახალი სოცქსელის, „თრედსის“ გამო

„ტვიტერი“ შესაძლო სასამართლო სარჩელით ემუქრება კომპანია „მეტას“ („ფეისბუქის“, „ინსტაგრამის“ და სხვა სოცქსელების მფლობელს) ახალი პლატფორმის, „თრედსის“ ჩაშვების გამო.

„თრედსი“, რომელიც „ტვიტერის კონკურენტად“ მოიაზრება, მომხმარებლისთვის გუშინ გახდა ხელმისაწვდომი და 7 ივლისის დილის მდგომარეობით, პლატფორმაზე უკვე 30 მილიონზე მეტი მომხმარებელი დარეგისტრირდა.

ახალი სოცქსელი თავისი კონცეფციით ჰგავს „ტვიტერს“ – მასში შესაძლებელია მოკლე ტექსტების გამოქვეყნება, სხვისი შექმნილი კონტენტის გაზიარება და დისკუსიაში შესვლა. თუმცა, „ტვიტერის“ რიგი ფუნქცია, მაგალითად, მთელი პლატფორმის მასშტაბით ძებნა, ან პოდკასტის ჩატარება, „თრედსს“ არ აქვს.

„მეტას“ სერვისების მთავარი ოფიცრის, კრის კოქსის თქმით, არის მოთხოვნა „ტვიტერის“ ალტერნატივაზე „[კონტენტის] შემქმნელებისგან და საჯარო ფიგურებისგან, რომლებსაც სურთ ჰქონდეთ პლატფორმა, რომელიც საღად იმართება“.

„როიტერსის“ ცნობით, „ტვიტერში“ მიიჩნიეს, რომ „მეტამ“ ახალი სოცქსელისთვის მათი სავაჭრო საიდუმლო ინფორმაცია მოიპარა. მარკ ცუკერბერგისთვის გაგზავნილ წერილში „ტვიტერის“ იურისტი ალექს სპირო ამბობს, რომ „მეტამ“ დაიქირავა „ტვიტერის“ ყოფილი თანამშრომლები, ვისაც „ჰქონდა და აქვს წვდომა ტვიტერის სავაჭრო საიდუმლო ინფორმაციასა და სხვა კონფიდენციალურ ინფორმაციაზე“.

„ტვიტერი აპირებს, მკაცრად დაიცვას ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და მოითხოვს, რომ მეტამ უმალ გადადგას ნაბიჯები და შეაჩეროს ტვიტერის სავაჭრო საიდუმლოების და სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენება“, – ნათქვამია წერილში.

„ტვიტერის“ ახალმა მფლობელმა შესაძლო სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „კონკურენცია – კარგია, მოპარვა – არა“. „მეტაში“ კი უარყოფენ, რომ „თრედსის“ პროგრამისტთა გუნდში „ტვიტერის“ ერთი ყოფილი თანამშრომელი მაინც მუშაობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი