ახალი ამბები

5 ივლისის ძალადობის ჯგუფურ ორგანიზებაზე მიუთითებს ყველაფერი, გამოძიების გარდა

7 ივლისი, 2021 • 2715
5 ივლისის ძალადობის ჯგუფურ ორგანიზებაზე მიუთითებს ყველაფერი, გამოძიების გარდა

განახლება: დღეს, 7 ივლისს, შსს-ს მიერ გავრცელებული პრეს-რელიზით ცნობილი გახდა, რომ ძალადობის და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის გარდა, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილითაც, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს, თუმცა არა — ორგანიზებას.   

ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლი, რომლითაც 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე გამოძიება არ დაწყებულა.

მიუხედავად იმისა, რომ “ღირსების მარშის” ჩაშლა სასულიერო პირებმა და ჰომოფობიური ჯგუფების წარმომადგენლებმა წინმსწრებად დააანონსეს, უშუალოდ 5 ივლისს განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ თბილისის ქუჩებში გამოსული ძალადობრივი ჯგუფები, სულ მცირე, კარგად იყვნენ ინფორმირებული “თბილისი პრაიდის” მარშრუტსა და გეგმებზე და არაერთი გარემოება მიუთითებს მათი მოქმედებების არასპონტანურ ხასიათზე. შსს გამოძიებას აწარმოებს სისხლის სამართლის კოდექსის გაცილებით მსუბუქი მუხლებით, როგორიცაა ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა (154-ე მუხლი) და ძალადობა (126-ე მუხლის 1 ნაწილი).

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით დაიწყო შსს-მ გამოძიება 2019 წლის 20 ივნისის აქციის მონაწილეების მიმართ.

რა მოხდა?

5 ივლისს ქალაქის ცენტრში, პოლიციის თანდასწრებით, ჟურნალისტებს უმოწყალოდ სცემდნენ, აგინებდნენ, აპარატურას სტაცებდნენ და უმტვრევდნენ. გარდა მძიმე გამოცდილებისა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა ძალადობრივი ჯგუფების მოქმედების შედეგად მიიღეს, არაერთი დაზარალებული ხაზს უსვამს უმოქმედობას პოლიციისა, რომელიც 5 ივლისს შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი მოვლენათა ეპიცენტრში. საპატრიარქოს ორგანიზებული ჰომოფობიური შეკრების მონაწილეებმა დაარბიეს პარლამენტის წინ გაშლილი კარვები, რომლის აღებაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ მოუწოდეს ოპოზიციას. ასევე, დალეწეს “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისები.

პოლიცია ყველგან “ჩანდა”?

“პოლიცია ჩანდა ყველგან, სადაც ამის აუცილებლობა იყო”, — განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.

პოლიციის რაოდენობა რუსთაველის გამზირზე და მიმდებარე ქუჩებზე მართლაც საკმარისი იყო “გამოსაჩენად”, მაგრამ არა — ძალადობის აღსაკვეთად. თავდასხმის მსხვერპლი ჟურნალისტები იხსენებენ, რომ დაპირისპირების კონკრეტული ეპიზოდების დროს ადგილზე მხოლოდ თითოოროლა პოლიციელი იმყოფებოდა, რომელიც ვერ უმკლავდებოდა აგრესიული ადამიანების ნაკადს. ერთადერთი, პოლიცია შედარებით დიდი რაოდენობით იყო წარმოდგენილი გაეროს სახლთან.

უსაფრთხოების მიზნით, “თბილისის პრაიდის” ორგანიზატორებმა თავიანთი გეგმები წინასწარ გაიარეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. მას შემდეგ, რაც ჰომოფობიურმა ჯგუფებმა რუსთაველის გამზირი დაიკავეს, პრემიერ-მინისტრმა კი განაცხადა, რომ მიზანშეწონილად არ მიიჩნევს პრაიდის ჩატარებას, “ღირსების მარშის” ორგანიზატორები ქალაქის მაშტაბით დევნის ობიექტები გახდნენ.

“5 სხვადასხვა ადგილი გამოვიცვალეთ. ყველგან რამდენიმე წუთში მოგვადგნენ. ერთ ადგილას რაღაც ასაფეთქებელი შემოაგდეს… რანაირად? სუს-ის და სახელმწიფოს დახმარების გარეშე როგორ მობილიზდებოდა ეს ხალხი ასე ეფექტურად?!”, — კითხულობს გიორგი თაბაგარი, “თბილისი პრაიდის” ერთ-ერთი ორგანიზატორი.

ის ამბობს, რომ გადაადგილების მარშრუტის შესახებ ინფორმაციის გაცვლა შიდა ჩატში ხდებოდა, სადაც პრაიდის ორგანიზატორები და რამდენიმე მედიის წარმომადგენელი იყვნენ.

“სიტუაცია გვაფიქრებინებს, რომ თავდასხმები ორგანიზებული იყო. “სირცხვილიას” ოფისში ვიყავით, როდესაც გავიგეთ, ოფისისკენ დაიძრნენ. მაშინვე მოვახდინეთ ევაკუაცია. დაბლა რომ ჩავედით, უკანა გასასვლელთანაც იყვნენ და ძლივს შევასწარით მანქანაში. გაეროს სახლში მივედით და გვეგონა, ეს უსაფრთხო სივრცე იყო. მალევე გარეთ დაიწყო ადამიანების მობილიზება. იქიდან მესამე ლოკაციაზე გადავედით, მაგრამ იმდენად სწრაფად მობილიზდებოდნენ ეს ჯგუფები, რომ ყოველ ჯერზე გაქცევისას შეგვექმნა პრობლემა. შემდეგ წავედით ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთ ორგანიზაციაში, სადაც მისვლიდან, ალბათ, 10 წუთში შევნიშნეთ ჯგუფები, რომლებიც  მობილიზებას იწყებდნენ. შეამოაგდეს ასაფეთქებელი”, — უყვება თაბაგარი “ნეტგაზეთს”.

ის ამბობს, რომ ძალდობრივი ჯგუფები ან თანამშრომლობდნენ სახელმწიფო უწყებებთან და ეფექტურად იღებდნენ ინფორმაციას მათი გადაადგილების შესახებ, ან თვითონ დაგეგმეს ოპერაცია ასე კარგად. ორივე ვერსია კი სახიფათოა სახელმწიფოსთვის.

“ათი [ადამიანიც] რომ იყოს საქმის კურსში, ყოველთვის ჟონავს ინფორმაცია. ეს ვიცით წინა გამოცდილებებიდან და აღარც კი ვცდილობთ რამის გაკეთებას, ვინაიდან სუსი მაინც ოპერატიულად გაიგებს. ხოლო სუსი რამდენად ოპერატიულად მიაწვდის ამ ინფორმაციას ვინმეს, ეს სხვა საკითხია. ეჭვია, რომ ამ შემთხვვაში სუსი იქნებოდა [ინფორმაციის მიმწოდებელი]. თუმცა, როდესაც სისტემაზე და სახელმწიფოს პოლიტიკურ ნებაზე ვსაუბრობთ, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, სუსი იყო, შსს თუ სხვა, იმიტომ, რომ “ქართული ოცნების” ლიდერშიფის განცხადებებიდან ისედაც ცხადი იყო, რომ მათ ინტერესებში შედიოდა და ხელი შეუწყვეს ამ ყოველივეს”, — აცხადებს თაბაგარი.

მედიის ტექნიკის დაზიანება

ჰომოფობიური ჯგუფების ძალადობრივ აქციაზე თავს დაესხნენ 53 ჟურნალისტს. დაშავებული ჟურნალისტების ნაწილი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. დაზიანებულია ტელევიზიების და ონლაინ გამოცემების ტექნიკა.

“ტვ პირველის” მთავარი პროდიუსერი ნოდარ მელაძე მიიჩნევს, რომ მოძალადე ჯგუფები იყვნენ კარგად მომზადებული და ჰქონდათ სპეციალური ცოდნა, როგორ დაეზიანებინათ მედიის ტექნიკა ისე, რომ გაეთიშათ პირდაპირი ეთერი.

“სეკატორის მსგავსი მოწყობილობით ჭრიდნენ კაბელებს, რომლითაც პირდაპირი ეთერის მოწყობილობას, ე.წ. LiveU კამერას უკავშირდება. ჩვეულებრივი მაკრატლით მას ვერ გაჭრი. ამ გზით წყვეტდნენ პირდაპირ მაუწყებლობას და შემდეგ უკვე იწყებოდა ფიზიკური ძალადობა და აპარატურის დამტვრევა. კამერა ადრეც დაუმტვრევიათ ჟურნალისტებისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში ჰქონდათ ოსტატური ცოდნა, იმიტომ, რომ ყველა კამერის შემთხვევაში ერთი ხელწერაა — ტეხავდნენ ზუსტად შუა ნაწილში, ანუ აზიანებენ მთავარ დედაპლატას, რის შემდეგადც კამერა უბრალოდ უვარგისი ხდება. გადამცემების შემთხვევაში, რომელიც მოთავსებულია ზურგჩანთაში, ამ ადამიანებმა ზუსტად იცოდნენ, როგორ დაეზიანებინათ. ზურგჩანთაში დევს რკინის კორპუსი, უმყარესი მოწყობილობაა. უბრალო დარტყმით და დაგდებით არაფერი ემართება. თუ არ იცი, როგორ დააზიანო, გამოგლეჯ, დაარტყამ, გადააგდებ, გარეგან დაზიანებას მიიღებს, მაგრამ რომ ხსნი შუა ნაწილს, ეკრანიდან აღწევ დედაპლატებთან და მოწყობილობის მთავარ ტვინს ჩეჩქვავ, ე.ი. ზუსტად იცი, რა გჭირდება”, — განუცხადა “ნეტგაზეთს” მელაძემ.

ორგანიზებული ძალადობა?

საია-ს ყოფილი თავმჯდომარე, იურისტი სულხან სალაძე აცხადებს, რომ კარვების და “სირცხვილიას” ოფისის დარბევა, ისევე როგორც ჟურნალისტებისადმი ძალადობა უფრო “სადამსჯელო და ჭკუის სასწავლებელი” მოქმედებები იყო, ვიდრე ლგბტი პრაიდის საწინააღმდეგო პროტესტი. ის ფიქრობს, რომ გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით უნდა დაწყებულიყო.

“ნორმალურ სიტუაციაში თავად სახელმწიფოს უნდა აინტერესებდეს, სინამდვილეში რა პროცესი იყო, რამდენად საშიშია სამომავლოდ. თუ ორგანიზებულია, ბუნებრივია, კიდევ უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან. ცხადია, სპონტანურობასაც არანაირი გამართლება არ აქვს, მაგრამ ორგანიზება ნიშნავს იმას, რომ გარკვეული ჯგუფი ორგანიზებულად მოქმედებს ამ ქვეყანაში კონკრეტული შედეგების მისაღწევად. საყურადღებოა ის, რომ მათ საკუთარი მედიასაშუალებები გააჩნიათ, პლატფორმები სოციალურ ქსელებში და ამ ყველაფერს იყენებენ.  წინასწარ კეთდებოდა განცხადებები მათ მოქმედებებზე, მათ შორის, მსხვერპლსაც არ გამორიცხავდნენ. ისინი მზად იყვნენ ყველაფრისთვის და შეუძლებელია, ის მასა, რომელიც იყო გამოსული, ორგანიზების გარეშე ყოფილიყო იქ გამოსული. მაგრამ მოლოდინი, რომ ვინმე ამას რეალურად გამოიძიებს, ძალიან მცირეა”, — ამბობს სალაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში.

სალაძის თქმით, ამ მოლოდინს ამცირებს სახელმწიფოს უმოქმედობა ძალადობის პრევენციის საკითხში და მისი წახალისებაც კი.

“პირველი, რაც უნდა გაეკეთებინა სახელმწიფოს, შესაბამისი საპოლიციო ძალების მობილიზება იყო. არ აქვს მნიშვნელობა, თბილისი პრაიდი ჩატარდებოდა თუ არა, ნებისმიერ შემთხვევაში, დღის განმავლობაში რასაც ვხედავდით საპოლიციო ძალებს, ეს იყო შეუსაბამოდ მცირე, ვიდრე საჭირო იყო. ვნახეთ, რომ ხშირ შემთხვევაში მედია ასწრებდა პოლიციას გარკვეულ ადგილებზე მისვლას. მცირე საპოლიციო ძალა არის, უკეთეს შემთხვევაში, რითიც შეიძლება თავი იმართლოს შსს-მ. მეორე შემთხვევაში არის, რომ მან იცოდა წინასწარ ეს ყველაფერი და განზრახ არ გამოიყვანა განსაზღვრული რაიოდენობის საპოლიციო ძალა. შეღავათი არცერთი არ არის ხელისუფლებისთვის, მაგრამ თუ წინასწარ იცოდა და მაინც არ გამოიყვანა, ეს ნიშნავს, რომ არა მარტო გარკვეული ჯგუფი აორგანიზებდა და ახალისებდა ამ ყველაფერს, არამედ სახელმწიფო სტრუქტურებიც მონაწილეობდნენ პროცესში”, — ამბობს სალაძე.

5 ივლისისგან განსხვავებით, 6 ივლისს რუსთაველის გამზირზე, სადაც სიძულვილის წინააღმდეგ მდუმარე აქცია  და ჰომოფობიური ჯგუფების კონტრაქცია მიმდინარეობდა, სამართალდამცველები აკავებდნენ მოძალადეებს და ცდილობდნენ, მშვიდობიანი მომიტინგეების და მედიას დაცვას. თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე ამბობს, რომ 6 ივლისისგან განხვავებით, 5 ივლისს პოლიციას არაერთ ლოკაციაზე უწევდა საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვა.

შსს-ს არ განუმარტავს, რატომ არ ჩათვალა საჭიროდ წყლის ჭავლის გამოყენება და სპეცრაზმის მობილიზება მშვიდობიან მოქალაქეებზე მთელი დღის განმავლობაში მიმდინარე ძალადობის ფონზე, მაშინ, როდესაც იგივე არართხელ გაუკეთებია შენობების — პარლამენტის და ცესკოს — დასაცავად.

“ათობით და ასეულობით ადამიანი უსწორდება მედიის წარმომადგენლებს, მშვიდობიან მოქალაქეებს საკუთარ სახლში უვარდებოდნენ, სახელმწიფო და ხელისუფლება, რომელიც ამგავრი შეთხვევების დაგმობას მეორე დღეს იწყებს, არის ძალიან საშიში, რადგანაც ეს მათთვის უკვე სხვა მოხმარების დაგმობაა — ქვეყნის გარეთ თავის წარმოჩენის მცდელობა და არა ის, რომ სინამდვილეში წუხან, რაც მოხდა. ზედაპირული სიტყვიერი განცხადებები და დაგმობა არ გვჭირდება — რაც საჭიროა, არის ის, რომ საქმით, გამოძიებით დამტკიცონ, რომ წინააღმდეგი არიან, რაც მოხდა. მაგრამ ძალიან ძნელი იქნება ამის მტკიცება, რადგან პოლიტიკურ სურათს თუ შევხედავთ, სწორედ პრემიერის განცხადება იყო წამახალისებელი და მწვანე შუქის ანთება მოძალადე ჯგუფისთვის”, — ამბობს სალაძე.

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშილმა 5 ივლისის დილით განაცხადა, რომ პრაიდის ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს და ამ ღონისძიების უკან “ნაციონალური მოძრაობა” დგას.

სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრმა დაარღვია კონსტიტუცია.

“მან მოქალაქეები გაგვწირა, ფეხებზე დაგვიკიდა, მოქალაქეებს მოძალადეები მოგვიქსია, ჩვენი სიცოცხლე არაფრად ჩააგდო და საპოლიციო ძალები არ გამოიყენა. ვფიქრობ, ის იმსახურებს იმპიჩმენტს და სრულიად სახეზეა როგორც კონსტიტუციის დარღვევა, ისე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები”, — წერს ბურჯანაძე.

სახელმწიფოს წარმომადგენლების პასუხისმხგებლობის საკითხს აყენებს “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორი ანა სუბელიანიც.

“მე ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი და ასევე შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, რომელსაც მე ვხვდებოდი, ეს ყველა ადამიანი უნდა გადადგეს”, — აცხადებს იგი.

თავად ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარ პასუხისმგებლობაზე დასმულ კითხვებს არ უპასუხა და მხოლოდ წინასწარ დაანონსებული და შემდეგ პოლიციის თვალწინ განხორციელებული ძალადობის პოსტფაქტუმ დაგმობით შემოიფარგლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ნეტგაზეთისთვის ჯერჯერობით არ უპასუხია, აპირებენ თუ არა გამოძიების 225-ე მუხლით დაწყებას.

ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 8 პირი – შსს

მასალების გადაბეჭდვის წესი