ახალი ამბები

“ძალიან არამეგობრული გადაწყვეტილებაა” — დავითაშვილი Georgian Airways-ის დასანქცირებაზე

3 ივლისი, 2023 • 757
“ძალიან არამეგობრული გადაწყვეტილებაა” — დავითაშვილი Georgian Airways-ის დასანქცირებაზე

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი”არამეგობრულ” და “პოლიტიკურად განპირობებულ” გადაწყვეტილებას უწოდებს უკრაინის მიერ ქართული ავიაკომპანიის, Georgian Airways-ის დასანქცირებას . ლევან დავითაშვილის თქმით, ფიქრობს, რომ ამ პროცესში “ჩვენი ოპოზიციონერების ხელიც ურევია”.

3 ივლისს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, დავითაშვილს ჟურნალისტმა უთხრა, რომ ავიაკომპანიის დამფუძნებელი საქართველოს ხელისუფლებისგან “კონტრზომებს” ითხოვს.

მინისტრს ჰკითხეს, თუ აქვს ინფორმაცია, რა არის ეს კონტრზომები.

“ცალსახად უნდა ითქვას, რომ ეს იყო მართლაც პოლიტიკურად განპირობებული გადაწყვეტილება, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი ქვეყნის ძალიან ბევრი ავიაკომპანია დაფრინავს რუსეთში და უკრაინის ხელისუფლების მხრიდან მსგავსი რეაქცია ან გადაწყვეტილება სხვა შემთხვევაში არ ყოფილა.

შესაბამისად, სამწუხაროა, ითქვას, რომ მორიგი ძალიან არამეგობრული გადაწყვეტილება ვიხილეთ უკრაინის ხელისუფლების [მხრიდან]. ასეთი ფაქტები ჩვენ წინა შემთხვევებშიც გვქონდა, როცა საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს უკრაინის ხელისუფლებამ ე.წ. სანქციები დაუწესა. [ეს] ცალსახად მიუღებელია და არ ჯდება ქვეყნებს შორის ურთიერთობის იმ სტანდარტში, რომელიც საქართველოს და უკრაინას გააჩნიათ.

ამაში მე ვფიქრობ, რომ ალბათ ჩვენი ოპოზიციონერების ხელიც ურევია, რადგან ჩვენ ვიცით, რამდენად დაკავშირებულია ზოგიერთი ოპოზიციური ჯგუფი უკრაინის ხელისუფლებასთან და ალბათ ზუსტად ეს საფუძველი აქვს [ავიაკომპანიის დასანქცირების] გადაწყვეტილებას, როდესაც ხდება ინფორმაციის არასწორად მიტანა…” ,— დასძინა მან.

ლევან დავითაშვილის სიტყვებით, დარწმუნებულია, რომ წინა შემთხვევების მსგავსად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამჯერადაც “შესაბამისი რეაქცია” ექნება უკრაინის გადაწყვეტილებაზე.

“საგარეო საქმეთა სამინისტროს ექნება რეაქცია და უფრო მოგვიანებით გაიგებთ, როგორი რეაგირება ექნება საქართველოს მთავრობას”, — თქვა მინისტრმა, როცა ჟურნალისტმა დამაზუსტებელი კითხვა დაუსვა, რა სახის ზომები შეიძლება მიიღოს თბილისმა.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები აღადგინა, Georgian Airways პირდაპირ ფრენებს აწარმოებს თბილისსა და მოსკოვს შორის.

პირველ ივლისს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა სანქციები დაუწესა როგორც ავიაკომპანიას, ისე მის დამფუძნებელს, თამაზ გაიაშვილს. კიევის ეს ნაბიჯი გაიაშვილმა “აბსურდად და უსამართლობად” შეაფასა.

მასალების გადაბეჭდვის წესი