ახალი ამბები

„თქვით, რომ ნებისმიერი, ვინც სიტყვით დაგესხმებათ თავს, უნდა იყოს დაცული“ – კორძაია ღარიბაშვილს

30 ივნისი, 2023 • 1285
„თქვით, რომ ნებისმიერი, ვინც სიტყვით დაგესხმებათ თავს, უნდა იყოს დაცული“ – კორძაია ღარიბაშვილს

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა და აღნიშნა, რომ პრემიერი რეალურად იმ შემთხვევაში გამოვა ძალადობის წინააღმდეგ, თუ იტყვის, რომ მასზე სიტყვიერი თავდასხმების გამო მოქალაქეებს „არ გაეკაროს არცერთი პოლიციელი“.

„ჩემი თხოვნაა, დადგეთ თქვენი სტატუსის სიმაღლეზე, გადააბიჯოთ საკუთარ თავს და დღეს ამ ტრიბუნიდან თქვათ, რომ ნებისმიერი ახალგაზრდა, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც პერსონალურად პრემიერს, ვერბალურად, – ფიზიკურ ძალადობას არ ვგულისხმობ, – სიტყვით თავს დაესხმება, ეს იქნება ცარიელი ფურცელი, თუ ნებისმიერი გამოთქმა, – არ გავიმეორებ ამ გამოთქმებს, არ მომწონს, – უნდა იყოს დაცული და არ გაეკაროს არცერთი პოლიციელი, ეს იქნება თქვენი რეალური გამოსვლა ძალადობის წინააღმდეგ. დაველოდები თქვენს გამოსვლას, თუ გააკეთებთ ამ ტიპის განცხადებას“, – უთხრა მან პრემიერ-მინისტრს.

კორძაია, დიდი ალბათობით, მიანიშნებდა შემთხვევებზე, როცა მოქალაქეებს პოლიციელები აკავებდნენ ფურცელზე დაწერილი „ირაყლის“, ან სულაც ცარიელი ფურცლის დაჭერის გამო. თავად ღარიბაშილი ამბობდა, რომ ეს „პროვოკაციებია“.

კორზაიამ ისაუბრა დღეს, კასპში მომხდარ მოვლენებზე. როგორც „ნეტგაზეთი“ წერდა, კასპში, სადაც ხაბეიშვილს ორგანიზებული ჯგუფი დახვდა, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

„რაც დღეს ხდება კასპში, თუ არ გაგონებთ იმას, რაც ხდებოდა 2011 წელს, ძალიან ვწუხვარ, იმიტომ, რომ მაშინ საზოგადოება იყო თქვენს მხარეს, რადგან არ მოსწონდა ძალადობა. დღეს ხდება იგივე. თქვენ ამ ძალადობას ამ ტრიბუნიდან ახალისებთ“, – აღნიშნა დეპუტატმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი