კასპში, სადაც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი იმყოფებოდა, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ენმ-ის წევრებს ორგანიზებული ჯგუფი დახვდა. მხარეებს შორის კი დაპირისპირება მოხდა.
„ფორმულას“ გადაღებულ ერთ-ერთ კადრში ჩანს, როგორ ურტყამენ თავში ხაბეიშვილს. სხვა კადრებში ხაბეიშვილი, რომელიც, სავარაუდოდ, ავტომობილში ჩასაჯდომად მიემართებოდა, იწევს მოქალაქისკენ, რომელიც მას უყვიროდა.
კადრებში აგრეთვე ჩანან სამართალდამცავები – შავ მაისურებში, რომლებსაც უკან დატანილი აქვს წარწერა „პოლიცია“. ჟურნალისტებთან საუბარში ერთ-ერთმა სამართალდამცავმა აღნიშნა, რომ ყველა კანონდარღვევაზე იქნებოდა რეაგირება.
როგორც „ნეტგაზეთი“ რამდენიმე საათის წინ წერდა, „ნაცმოძრაობაში“ განაცხადეს, რომ კასპში, მოქალაქეებთან შესახვედრად ჩასულ ხაბეიშვილს და პარტიის სხვა წევრებს „ოცნების აქტივისტები მიუვარდნენ“. პარტიაში მიიჩნევენ, რომ ეს „ქართული ოცნების“ ორგანიზებულია. მალევე ენმ-ის პარლამენტარებმა განაცხადეს, რომ კასპში, „პოლიტიკურ ეპიცენტრში“, მიემგზავრებოდნენ.
„ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ კასპში მომხდართან დაკავშირებით მმართველი პარტია არაფერ შუაშია და ეს „სამოქალაქო აქტივიზმია“.