საზოგადოება

ვინ არიან ისინი, ვინც მოქალაქეებს პლაკატებისთვის აკავებდნენ

5 ივნისი, 2023 • 7165
ვინ არიან ისინი, ვინც მოქალაქეებს პლაკატებისთვის აკავებდნენ

2 ივნისის ღამით მშვიდობიანი მომიტინგეების დაკავებასა და მათთვის პლაკატების წართმევაში რიგით პოლიციელებთან ერთად სისტემის მაღალჩინოსნებიც აქტიურად მონაწილეობდნენ. ზოგიერთ მათგანს აქტივისტები უკვე კარგად იცნობენ, ვინაიდან სხვა აქციებიდანაც ახსოვთ.

დემონსტრანტთა ჯგუფი პარლამენტის კიბეზე პლაკატებით ხელში ზის. მოგვიანებით მათ პოლიციელთა ჯგუფი უახლოვდება, ართმევს ბანერებს, აკავებს ერთ ან რამდენიმე მოქალაქეს და კვლავ ტროტუარის მეორე მხარეს ინაცვლებს. პარასკევს ღამით პარლამენტთან რამდენიმე ასეთი სცენა ვიხილეთ.

ვინ არიან ადამიანები, რომლებიც ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებს პლაკატებს — ზოგიერთ შემთხვევაში, ცარიელ ფურცლებს — ართმევდნენ და აკავებდნენ? “ნეტგაზეთმა”, აქტივისტების დახმარებით ზოგიერთი მათგანის ვინაობის დადგენა შეძლო.

ლაშა ჯოხაძე

2 ივნისის ღამეს პირველი ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა პოლიციელებმა ადვოკატი შოთა თუთბერიძე დააკავეს. ის პარლამენტის კიბეზე იჯდა მცირე ზომის პლაკატით, რომელსაც ეწერა “ირაყლი”.

მისკენ მოულოდნელად დაიძრა პოლიციელთა ჯგუფი, რომლის ავანგარდშიც ლაშა ჯოხაძე იდგა. მან ხელის კვრით ჩამოიშორა ერთ-ერთი დემონსტრანტი, შემდეგ კი კიბის საფეხურზე მჯდომი თუთბერიძე, სიტყვის უთქმელად, ფიზიკური ძალის გამოყენებით გაიყვანა ტერიტორიიდან. მას სხვა პოლიციელებიც მიეხმარნენ.

ჯოხაძე თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსია. ის ამ პოზიციაზე 2020 წლის აპრილში დაინიშნა. ჯოხაძეს პირველი ფინანსური დეკლარაცია 2012 წელს უფიქსირდება. მაშინ ის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. ამ პოზიციაზე ჯოხაძემ დაწინაურებამდე იმუშავა.

ბოლო დეკლარაციის მიხედვით, 2021 წელს, ლაშა ჯოხაძის მიერ სამუშაოს შესრულებით მიღებულმა შემოსავალმა (ხელზე აღებული თანხა) 63 652 ლარი შეადგინა.

ლაშა ჯოხაძე 

გელა ქურდაძე

შოთა თუთბერიძე უკვე დაკავებული იყო, როცა პოლიცია მოძრაობა “ჯიუტის” ლიდერთან, ლაშა ჯანჯღავასთან მივიდა. საღამოობით პარლამენტთან ანტისამთავრობო აქციებს სწორედ “ჯიუტი” უწევს ორგანიზებას.

ჯანჯღავა ჰყვება, რომ სანამ დააკავებდნენ, ხელში ე.წ. რუპორი და კონსტიტუცია ეჭირა.

“ერთი მაღალჩინოსანი მოვიდა და იმან ანიშნა, რომ მე დავეკავებინე. [ამას] არც საუბარი უძღოდა წინ და არც გაფრთხილება”, — უთხრა ჯანჯღავამ “ნეტგაზეთს”, როცა ვკითხეთ, რაიმე ფორმით გააფრთხილეს თუ არა დაკავებამდე.

მაღალჩინოსანი, რომელზეც აქტივისტი საუბრობს, გელა ქურდაძეა. კადრებში ნათლად ჩანს, როგორ ჰკიდებს ხელს ქურდაძე ჯანჯღავას და თავის კოლეგებს ანიშნებს, დააკავონ “ჯიუტის” ლიდერი.

“ხომ ხედავთ, რომ არ გესაუბრებით?!.. მობრძანდით პოლიციაში და გაგაგებინებთ”, — ეუბნება ქურდაძე ჯანჯღავას თანმხლებ აქტივისტებს, როცა ეს უკანასკნელნი ეკითხებიან, რა დააშავეს და რატომ აკავებდნენ ლაშა ჯანჯღავას.

წლებია, გელა ქურდაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმიანობს. პირველი ფინანსური დეკლარაცია მას 2008 წელს უფიქსირდება. სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის შემდეგ, 2022 წლიდან, ქურდაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსად საქმიანობს.

დეკლარაციის თანახმად, 2022 წელს სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავლის სახით (ხელზე აღებული თანხა) ქურდაძემ 68 664 ლარი მიიღო.

სერგი ბზიშვილი

2 ივნისის ღამით პოლიციელებმა უფლებადამცველი საბა ბრაჭველიც დააკავეს. თავდაპირველად აქციაზე არ იმყოფებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც აქტივისტების დაკავების კადრები ნახა, პარლამენტთან გავიდა.

ბრაჭველს ხელში ეჭირა წარწერა, რომლის გამოც მანამდე შოთა თუთბერიძე დააკავეს: “ირაყლი”. როგორც თავად ჰყვება, დაკავებამდე პოლიციელი ესაუბრა.

“აქციაზე ჩემს თანამოაზრეებთან დგომის დროს ჩემთან მოვიდა რამდენიმე პოლიციელი, სერგი ბზიშვილის მეთაურობით… მან მითხრა, მიმეცა მისთვის ჩემი პლაკატი, რაზეც მივუგე, რომ ეს ჩემი საკუთრება იყო და არ მივცემდი.

მან მითხრა, ‘არალამაზი რამე’ აწერია ზედო, რაზეც ავუხსენი, რომ ჯერ ერთი, ეს უცენზურო სიტყვა არ იყო და მეორე, რომც ყოფილიყო, ეს დაცული იყო ჩვენი კანონმდებლობით და სტრასბურგის სამართლით”, — წერს ბრაჭველი.

საბა ბრაჭველი 

მისივე თქმით, ბზიშვილს მიუთითა 2015 წლის შემთხვევაზე, როცა პოლიციამ დააკავა “პანორამა თბილისის” საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები. მათ ხელში ეჭირათ პლაკატები, წარწერით “პანორამა არა ყლე”.

ეს საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა, გადაწყვეტილება კი 2022 წელს დადგა.

“[პოლიციას ვუთხარი], ‘პანორამა არა ყლე’ წარწერაზეც კი თქვა სტრასბურგმა, ადამიანის ამის გამო დაკავება არ შეიძლებაო.

არ ვიცი, სტრასბურგის ხსენების გამო გაბრაზდა ბატონი სერგი თუ პანორამის გამო, ამ დროს უბრძანა თავის ქვეშევრდომებს, ეს გაიყვანეთო, რის შემდეგაც წამაქციეს, ტერიტორიიდან გამიყვანეს, ხელბორკილები დამადეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლეს იმ ფურცლის წართმევა. ცხადია, სამართლის სრული უგულებელყოფით”, — იხსენებს ბრაჭველი.

სერგი ბზიშვილი, რომელსაც უფლებადამცველი ახსენებს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეა. სისტემაში ატვირთული პირველი დეკლარაცია, რომელიც ბზიშვილმა შეავსო, 2011 წლით თარიღდება. 2022 წელს, სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავლის სახით (ხელზე აღებული), ბზიშვილმა 73 552 ლარი მიიღო.

სერგი ბზიშვილი 2 ივნისის სხვა ეპიზოდებშიც ფიგურირებს. კადრებში ჩანს, რომ ის აქტივისტებს შსს-სადმი “შეურაცხმყოფელ” ბანერებზე აფრთხილებს. სავარაუდოდ, საქმე ეხებოდა ტექსტებს, რომლებიც ასომთავრული ანბანით იყო დაწერილი, რათა პოლიციას ვერ გაეგო, რა ეწერა ზედ.

მანვე აქტივისტ სალომე ბარკერს ხელიდან გამოგლიჯა ფურცელი, წარწერით “ირაყლი”.

“არ გრცხვენია? როგორ იქცევი, რა არი?” — უთხრა ბზიშვილმა ბარკერს, როცა ამ უკანასკნელმა სიცილით უპასუხა პოლიციელის ქმედებას.

ზურაბ რუხაძე

14 წელია, ზურაბ რუხაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში, სხვადასხვა თანამდებობაზე საქმიანობს. პირველი დეკლარაცია მან 2009 წელს შეავსო. ამჟამად რუხაძე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეა.

2021 წელს, სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავლის სახით, მან 51 834 ლარი მიიღო.

ზურაბ რუხაძე. ფოტოასლი მარიამ ნიკურაძის ვიდეოდან

ზურაბ რუხაძე 2 ივნისს გადაღებულ არაერთ ვიდეოში ფიგურირებს. კადრების მიხედვით, ის აქტივისტ ნიკა რომანაძისა და უფლებადამცველ ედუარდ მარიკაშვილის დაკავებაში მონაწილეობდა.

მარიკაშვილს დაკავებამდე ცარიელი ფურცელი ეჭირა, რომელიც ერთ-ერთმა პოლიციელმა დაუხია.

“დავალებების ყველაზე მოტივირებული შემსრულებლები”

მარიამ დოლიძე 2018 წლიდან აქტივიზმშია. “სირცხვილიას” წევრი პოლიციის არაერთ მაღალჩინოსანს სახეზე კარგად ცნობს და არც 2 ივნისის მონაწილე ზოგიერთი ძალოვნის ამოცნობა გასჭირვებია.

“უკანონო დაკავებების სერიებს ყოველთვის, აქამდეც და 2 ივნისის ღამესაც, ძირითადად, აქტივისტებისთვის უკვე კარგად ნაცნობი სახეები და პოლიციის მაღალჩინოსნები ხელმძღვანელობენ ხოლმე”, — ეუბნება ის “ნეტგაზეთს”.

დოლიძეს წარსულში გამართული აქციებიდან სერგი ბზიშვილიც ახსოვს, ზურაბ რუხაძეც და ლაშა ჯოხაძეც.

“2 ივნისის ღამეს კი მათ სხვებიც შემოუერთდნენ. მაგალითად, გელა ქურდაძე, რომელიც აქამდე დამკვირვებლის როლს ირგებდა. ახლა ვნახეთ, როგორ უხელმძღვანელა ”ჯიუტის” წევრის, ლაშა ჯანჯღავას, ერთ-ერთ ყველაზე აბსურდულ დაკავებას.

სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანები არიან დავალებების ყველაზე მოტივირებული შემსრულებლები. სამწუხარო ისაა, რომ მათ ზუსტად იციან, რას აფუჭებენ, თუმცა პირადი ინტერესები და პრივილიგიები, როგორც ჩანს, უფრო ტკბილია”, — აღნიშნავს აქტივისტი.

“სირცხვილიას” აქტივისტებს გელა ქურდაძე 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებიდანაც ახსენდებათ — იმ დღიდან, როცა ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებსა და აქტივისტთა ოფისებს დაესხნენ თავს.

მაშინ პრო-რუსული ალტ-ინფოს მიერ ორგანიზებულმა ჯგუფმა “სირცხვილიას” ოფისის სადარბაზოც დაარბია და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას სასტიკად სცემა. პოლიციას დანაშაულის აღსაკვეთად თითქმის არაფერი გაუკეთებია.

აღნიშნულის შემდეგ “ალტ-ინფოს” ლიდერმა “სირცხვილიას” ოფისის დაცლა მოითხოვა ულტიმატუმის ენით, შემდეგ კი მოისურვა, თანამოაზრეებთან ერთად შენობაში შესულიყო და დარწმუნებულიყო, რომ მისთვის საძულველი აქტივისტები თავიანთ ოფისში აღარ იყვნენ. მორგოშიას სადარბაზოში სწორედ გელა ქურდაძე შეუძღვა. ეს იმ დროს, როცა, “სირცხვილიას” ცნობით, ოფისში ჯერაც იმყოფებოდა 4 აქტივისტი.

მოძალადეებმა შენობა დატოვეს, როცა პოლიციის კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა, გოგა მემანიშვილმა ისინი დაარწმუნა, რომ ოფისი ცარიელი იყო.

მარიამ დოლიძე. ფოტო პირადი ფეისბუკიდან 

“რაც შეეხება რიგით პოლიციელებს, აქ ძირითადი პრობლემა კანონის არცოდნა ან მისი დამახინჯებულად, ხელისუფლების სასარგებლოდ გაგებაა. აქციაზე პუტინის გინების ან ღარიბაშვილზე დაწერილი პლაკატის საპასუხოდ: ”არაა ლამაზი”, ”არასასურველი წარწერაა” ან ”გინება რა პონტია, ძმაო” სწორედ იმას მოწმობს, რომ კონსტიტუცია არ გადაუშლიათ და საბჭოთა ადმინისტრაციული კანონის დამახინჯებული გაგებით აკეთებენ შეფასებებს. გულწრფელად სჯერათ, რომ მოქალაქეებთან მართალნი არიან, რაც თავისთავად კატასტროფაა.

მაგალითად, ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ყველაზე გამოყენებადი მუხლია პოლიციისგან. თუმცა აქ ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა არის: ”კანონიერი”, ანუ პოლიციელის მოთხოვნა უნდა იყოს კანონიერი! პლაკატებისა და ფურცლების აკრძალვა კი კანონიერი ვერანაირად იქნება”, — გვეუბნება მარიამ დოლიძე.

მისი ინფორმაციით, 2019 წლიდან დღემდე “სირცხვილიას” წევრები “33-ჯერ არიან უკანონოდ დაკავებული” და ყველა შემთხვევა ერთმანეთს ჰგავს, თუმცა სუფთა ფურცლის გამო აქამდე არავინ დაუკავებიათ”.

“ეს მაგალითი გვქონდა დარჩენილი, როდესაც ჩვენსა და რუსეთს შორის სხვაობაზე ვსაუბრობდით ხოლმე. როგორც ჩანს, აღარც ეს გვასხვავებს.

პოლიციელებს პასუხი არ უგიათ იმ იშვიათ შემთხვევებზეც კი, რომელშიც სასამართლომ გაგვამართლა. ასე შერჩათ მოქალაქეების წინასწარი მოთავსების იზოლატორში უსამართლოდ გატარებული დღეებიც.

მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ერთ დღეს სამართალდამრღვევ პოლიციელებსაც მოუწევთ კანონისთვის თვალის გასწორება და ეს მაგალითი იქნება ყველასთვის, ვისაც პრეტენზია აქვს, რომ ”ემსახურება საქართველოს” “, — დასძენს აქტივისტი.

შსს-ს ცნობით, 2 ივნისის ღამით ადმინისტრაციულად 7 ადამიანი დააკავეს. ისინი მოგვიანებით გაათავისუფლეს, თუმცა სასამართლო პროცესები ჯერ არ გამართულა.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს საპროტესტო პოსტერების გამო აქტივისტების დაკავებაზე გამოძიება ამ დრომდე არ დაუწყია.

საგამოძიებო სამსახურს პოსტერების გამო აქტივისტების დაკავებაზე გამოძიება არ დაუწყია

მასალების გადაბეჭდვის წესი