საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 7-8 მარტის აქციებთან დაკავშირებით ამბობს, რომ გამოძიება გრძელდება და „ყველაფერს აკვირდებიან“.
ღარიბაშვილის თქმით, გამოძიების ფარგლებში „ჩატები გახსნეს“ და „მთელი ინფორმაცია აქვთ“. 7-8 მარტის აქციების დაკავებულ მონაწილეზე ლაზარე გრიგორიადისზე საუბრისას კი ღარიბაშვილი ამბობს, რომ „ეს ახალგაზრდაც გამოიყენეს და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ასროლინეს“:
„გამოძიება მიმდინარეობს, გაგრძელდება ბოლომდე. ჩვენ ვაკვირდებით ყველას და ყველაფერს. ვინმეს ილუზია არ ჰქონდეს. სხვა მოტივაცია ჩვენ არ გაგვაჩნია, დისკრიმინაციული მიდგომები არ გაგვაჩნია არცერთი მოქალაქის მიმართ, მით უმეტეს, იმ ადამიანის მიმართ, ვინც ასეთ დანაშაულს ჩაიდენს. ეს ანარქისტული ორგანიზაციები შექმნეს, ფრანკლინის კლუბი დაარქვეს, ვითომ ასოციაცია გაუჩნდეს ახალგაზრდა ამერიკისა და ბენჟამენ ფრანკლინის. ესეც ხომ მორიგი ტყუილი იყო.
სად არის დღეს ეს ანარქისტული ორგანიზაციები, რატომ არ აქტიურობთ, რომ გამოიყენეთ და მიაგდეთ მერე ეს ახალგაზრდები?! ხომ ვიცით ზუსტად, რომ ეგ ახალგაზრდაც გამოიყენეს, ასროლინეს მოლოტოვის კოქტეილები. ჩვენ ჩატები გავხსენით, მთელი ინფორმაცია გვაქვს. ყველაფერი კონტროლის ქვეშაა, როცა საქმე ეხება უკანონო საქმიანობას. გამოძიების ფარგლებში ამოღებულ იქნა და ამის თაობაზე ინფორმაცია არსებობს ყველაფერი… ეს თქვენი საქმე არ არის, ვისი ჩატები გავხსენით“, — აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი „ფრანკლინის კლუბს“, რომელიც საგანმანათლებლო და არასამთავრობო ორგანიზაციაა, 7-8 მარტის აქციების დროს არეულობის ორგანიზებაში ადანაშაულებს.
ამ თემაზე უფრო ვრცლად წაიკითხეთ: „სრული სიცრუე“ – „ფრანკლინის კლუბი“ ღარიბაშვილის ბრალდებებზე