ახალი ამბები

„სრული სიცრუე“ – „ფრანკლინის კლუბი“ ღარიბაშვილის ბრალდებებზე

14 მარტი, 2023 •
„სრული სიცრუე“ – „ფრანკლინის კლუბი“ ღარიბაშვილის ბრალდებებზე

„სრული სიცრუე“, – ასე პასუხობს „ფრანკლინის კლუბი“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებას, თითქოს „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონპროექტის გამო ჩატარებულ აქციებზე კლუბის ახალგაზრდები პროვოკაციულად იქცეოდნენ და „ჰქონდათ დავალება, შესულიყვნენ დაპირისპირებაში [სამართალდამცავებთან]“.

„ნეტგაზეთთან“ საუბარში ორგანიზაციის კონცეპტუალური განვითარების დირექტორი სანდრო თარხან-მოურავი ამბობს, რომ კლუბს არათუ არანაირი მოწოდებები გაუკეთებია, არამედ ჯერ კიდევ პროტესტებამდე მიღებული იყო გადაწყვეტილება, „არ გვქონოდა პირდაპირი ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებთან, ვინაიდან ეს არის საგანმანათლებლო და არასამთავრობო ორგანიზაცია, სულ სხვა, არა პარტიული მიზნებით“.

რას წარმოადგენს „ფრანკლინის კლუბი“?

როგორც ორგანიზაციის ვებ-გვერდზეა ნათქვამი, კლუბი „არის ასოციაცია, რომელიც ემსახურება კლასიკური ლიბერალური / ლიბერტარიანული ღირებულებების გავრცელებას და წევრთა შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას“, ხოლო მისი საქმიანობა მოიცავს:

  • საგანმანათლებლო და მედიაპროექტებს;
  • კვლევებს;
  • პოლიტიკურ დისკუსიებს;
  • სამოქალაქო აქტივიზმს;
  • კონსალტინგს.

ახალგაზრდების მონაწილეობით ამ და სხვა ღონისძიებებს კლუბი ატარებს „საქართველოს უნივერსიტეტში“, რომელიც აგრეთვე გახდა პრემიერის ბრალდებების სამიზნე.

„მოწოდება იყო სიფრთხილისკენ – არ დაუპირსპირდეთ სამართალდამცავებს“

როგორც თარხან-მოურავი აღნიშნავს, რომ კლუბის ცალკეულ წარმომადგენლებს ინდივიდუალურად შეეძლოთ პროტესტში მონაწილეობის მიღება, ხოლო ერთადერთი მოწოდება, რომელიც კლუბმა მოსწავლეებისთვის გაახმიანა, სიფრთხილისკენ იყო:

„როცა დაიწყეს რუსული კანონის მიღება, ბუნებრივია, რომ ორგანიზაციის ცალკეული წარმომადგენლები ინდივიდუალურად, ძალიან ემოციურად ჩაერთნენ ამ პროცესში. თუ საუბარია ჩვენს მოსწავლეებზე, გვაქვს პირდაპირი პასუხისმგებლობა, რომ არასწორი ფორმით არ მოხდეს მათი ჩართვა. თუკი იყო მოწოდება, იყო სიფრთხილისკენ – არ დაუპირსპირდეთ სამართალდამცავებს“, – ამბობს თარხან-მოურავი და ამატებს: „სრულია აბსურდია, თითქოს ვინმეს მოვუწოდებდით, მით უმეტეს, ისეთი ფორმებით, რასაც პრემიერი და „იმედი“ ავრცელებენ“.

რატომ „ფრანკლინის კლუბი“?

ერთი შეხედვით, ორგანიზაცია, რომელიც „ემსახურება კლასიკური ლიბერალური/ლიბერტარიანული ღირებულებების გავრცელებას და წევრთა შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას“, უცნაური სამიზნეა.

როგორც სანდრო თარხან-მოურავი გვეუბნება, პრემიერის განცხადება არ იყო კლუბის დისკრედიტაციის პირველი მცდელობა. იგი იხსენებს სტატიას გაზეთ „ასავალ-დასავალში“ და ორ სიუჟეტს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

„იყო ასავალ-დასავალის სტატია, სადაც გვიწოდეს მასონები. იყო სატანისტების მოტივიც, ქართველობას ებრძვიანო. სტანდარტული იარაღი მოსახლეობის დანაწევრებისთვის, შიშის დათესვისთვის. სიუჟეტი, სტატია და ღარიბაშვილის გამოსვლაც ერთი პროპაგანდის ხაზია. რომ მოუსმინოთ, პირდაპირ იმეორებს იმას, რასაც ლაპარაკობენ რუსულ ტელევიზიებში სოლოვიოვი და სხვები. ერთი ერთში იმავე ტერმინს იყენებენ“, – აცხადებს იგი.

თარხან-მოურავის თქმით, შესაძლოა, მტრის ხატის შექმნის მიზნისთვის „ფრანკლინის კლუბი“აერჩიათ ორგანიზაციის სახელის გამოც:

„როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ ორგანიზაციის სახელი, სადაც ფიგურირებს დიდი ამერიკელი მოღვაწის, ბენჯამინ ფრანკლინის სახელი, არის მოსახერხებელი სამიზნე. […] ცდილობენ დაარტყან ჩვენს ორგანიზაციას, როგორც ერთი შეხედვით უცხო სახელის მქონეს; აგრეთვე უნივერსიტეტს, რომელშიცაა განლაგებული ორგანიზაცია, და აბსურდული, პროპაგანდისტული თეორიები შეკრან“.

მასალების გადაბეჭდვის წესი