ახალი ამბები

საქართველოს პროკურატურაში აღძრულია საქმეები სანქციების გვერდის ავლაზე — UK-ის წარმომადგენელი

28 ივნისი, 2023 • 1502
საქართველოს პროკურატურაში აღძრულია საქმეები სანქციების გვერდის ავლაზე — UK-ის წარმომადგენელი

„მე მგონი, საჯაროდ ცნობილია, რომ სანქციებთან დაკავშირებულ საქმეებზე პროკურატურის მხრიდან იყო სისხლის სამართლებრივი დევნა“, — ასე უპასუხა საქართველოში ვიზიტით მყოფმა, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალურმა დირექტორმა კუმარ აიერმა კითხვას, შეუძლია თუ არა თქვას, რომ საქართველოს მეშვეობით სანქციების გვერდის ავლის არცერთ შემთხვევას არ ჰქონია ადგილი.

საქართველოს პროკურატურას სანქციების გვერდის ავლის არცერთ საქმეზე არასდროს გაუვრცელებია ინფორმაცია, თუმცა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ნათქვამი აქვს, რომ „სახელმწიფო სტრუქტურებმა აღკვეთეს სანქციების გვერდის ავლის ათეულობით მცდელობა და ეს ფაქტები ცნობილია ჩვენი პარტნიორებისთვის“. პროკურატურაში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ სანქციების საკითხებში ევროკავშირის, აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია რამდენიმე ასეთ საქმესთან დაკავშირებით და შეხვედრის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

კითხვაზე, გაზრდის თუ არა სანქციების გვერდის ავლის რისკებს რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა, კუმარ აიერმა უპასუხა:

„სანქციების გვერდის ავლის შემთხვევების უმეტესობა ხდება სახმელეთო საზღვრების გზით და ახლა ვართ ფოკუსირებული, რა დამატებითი მექანიზმები შეიძლება იყოს შემოღებული მონიტორინგის გასამკაცრებლად. თუმცა საჰაერო მიმოსვლა ასევე იქნება მიმართულება, რომელზეც ეს მონიტორინგი გავრცელდება. [საქართველოს ხელისუფლებასთან] შეხვედრებზე განვიხილეთ პოზიტიური გამოცდილების გაზიარების საკითხი, რომელიც ბრიტანეთს, ევროკავშირს და ამერიკას აქვს, და შევთავაზეთ ექსპერტების ჩამოსვლა, ტრენინგები, რომ კონტროლის მექანიზმები კიდევ დაიხვეწოს“, — განაცხადა კუმარ აიერმა.

მისი თქმით, დასავლეთის მიზანი არ არის რუსეთთან საკვებით ან მედიკამენტებით ვაჭრობის აკრძალვა, არამედ შეშფოთების საგანია 38 დასახელების ელექტრონული პროდუქტი, რომელიც მოსკოვის მიერ ბრძოლის ველზე გამოიყენება.

„ჩვენ მადლობელი ვართ ყველა ნაბიჯისთვის, რომელიც უკვე გადადგმულია საქართველოს მთავრობის მხრიდან სანქციების გვერდის ავლის პრევენციისთვის. ეს იყო ვიზიტის ერთ-ერთი მიზეზი. მეორე არის ის, რომ ვიცით, რუსეთის მთავრობა არ გაჩერდება და შეეცდება სხვადასხვა გზის გამონახვას. ერთ-ერთი მიზეზი ამ ვიზიტის არის ის, რომ გავაგრძელოთ თანამშრომლობა საბრძოლო საქონლის რუსეთში მოხვედრის პრევენციისთვის“, — განაცხადა გაერთიანებული სამეფოს სანქციების კოორდინატორმა და დასძინა, რომ ამ საკითხზე საუბარი აქვთ არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ მთელ რიგ ქვეყნებთან და თბილისიდან ერევანში მიემგზავრებიან.

საქართველოს ორდღიანი ვიზიტით სტუმრობენ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორი ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში კუმარ აიერი.

ამ თემაზე:

რა თქვა აშშ-ის სანქციების კოორდინატორმა თბილისში

მასალების გადაბეჭდვის წესი