ახალი ამბები

პროკურატურამ მშვილდაძეზე თავდამსხმელს ბრალი წარუდგინა

29 ივნისი, 2023 • 1189
პროკურატურამ მშვილდაძეზე თავდამსხმელს ბრალი წარუდგინა

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით,  ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

როგორც მიშა მშვილდაძე ამბობს, ბრალდებული  27 ივნისს თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებების გამო მალულად დაესხა თავს და შემდეგ გაიქცა.

პოლიციამ ბრალდებული 28 ივნისს დააკავა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია).

დანაშაული ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

თავდასხმიდან მალევე ბრალდებულმა ფეისბუკზე დაწერა, რომ მიშა მშვილდაძეს თავს დაესხა მისი საჯარო განცხადებებისა და საქმიანობის გამო. მისი ფეისბუკსტატუსი მსგავსი იყო ტექსტისა, რომელიც ზურა ჯაფარიძეზე თავდამსხმელმა თავდასხმის შემდეგ გამოაქვეყნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი